სახის კრემები ცხიმიანობისკენ მიდრეკილი და კომბინირებული კანისათვის

ყოველთვის ძალიან ვცდილობ მაქსიმალური ყურადღება დავუთმო სახის კანის მოვლას – რაც შეიძლება მოვეფერო, მოვლის ხარისხიანი საშუალებებით გავანებივრო და მოკლედ, ცივი ნიავი არ მივაკარო, ჯერჯერობით შესაბამისი შედეგით მპასუხობს ჩემი პატივცემული კანი, თუმცა, საბოლოო შედეგი, თუ რამდენად ადეკვატურად მიიღო ამდენი წლის მანძილზე ჩემი ძალისხმევა და მოვლა, სავარაუდოდ 10-20 წლის შემდეგ უფრო იქნება შესამჩნევი.

რამდენიმე აუცილებელ წესს შორის, რომელსაც ყოველთვის ვიცავ სახის მოვლის ჩემეულ დღის წესრიგში, ლიდერობს შემდეგი: არასოდეს დავიძინო კანიდან მაკიაჟის მოხსნის გარეშე და ყოველთვის, ყოველ დღე დავიტენიანო სახე – დილას და საღამოს. კიდევ ერთი აუცილებლად შესასრულებელი წესი, რომელსაც რატომღაც ქართველი ქალები ხშირად ვაიგნორებთ ხოლმე, თვალის ირგვლივ კანის დატენიანებაა. როგორც წესი, კრემს ვისვამთ მხოლოდ სახეზე და  გვავიწყდება, რომ რეალურად ყველაზე ფაქიზი არე სწორედ თვალის ირგვლივ, ყელისა და ხელების კანია. ამიტომ, ყველას გირჩევთ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ თვალების გარშემო კანის და დეკოლტეს (ნიკაპის ქვეშ, ყელი) მოვლას.

image-4bbb1933e601356574c904d096ba4a7c97e5a96ca1a57215524ac66fa40c1850-V

ვინაიდან საკმაოდ პრეტენზიული კანის ტიპი მაქვს, აკნესკენ მიდრეკილი, ბევრს ვფიქრობ ხოლმე კანის დამატენიანებელი კრემის შერჩევისას, თუმცა, უკვე 31 წლის ასაკში მაქვს გარკვეული ბრენდების იმ პროდუქტების სია, რომელთაც მეტ-ნაკლებად, გამოცდილების მიხედვით ვენდობი და დროის ციკლის შესაბამისად ვაბრუნებ გამოყენების კალათაში.

დავიწყებ იმ პროდუქტით, რომელსაც ახლა მოვიხმარ:

  1. LA ROCHE-POSAY-ს კომბინირებული და ცხიმიანი ტიპის კანის სპეციალური ხაზის EFFACLAR-ის დამატენიანებელი. საკმაოდ მსუბუქი და სასიამოვნო ტექსტურა აქვს, უცბათ იწოვება და ტონალური კრემისათვისაც არაჩვეულებრივ ბაზას წარმოადგენს. ერთ-ერთი დიდი უპირატესობა, რაც ამ ხარისხიან ფრანგულ პროდუქტს აქვს, ფასია. სულ რაღაც 38-45 ლარი ღირს სააფთიაქო ქსელებში, რაც შეეხება თვალების ირგვლივ წასასმელ ამავე ბრენდის კრემს, 45-46 ლარის ფარგებში შეიძენთ. თუმცა, ამ ეტაპზე მე პირადად თვალებზე CLINIQUE-ის უნაზესი ტექსტურის კრემს ვხმარობ, რომელიც „ლუტეციას“ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ 103 ლარად.

laroche

2. სანამ „ლაროშ-პოზეზე“ გადავიდოდი დიდი სიამოვნებით მოვიხმარდი ისრაელის არაჩვეულებრივ პროდუქციას GIGI, რომელსაც ასევე განსაკუთრებული ხაზი აქვს კომბინირებული და აკნესკენ მიდრეკილი კანის ტიპისთვის – DERMA CLEAR. ამ ბრენდის დამატენიანებელს სრული თავდადებით ვუწევ რეკომენდაციას: კრემის მცირე რაოდენობის წასმაც კი საკმარისია კანისათვის, სწრაფად შეიწოვება და ძალიან დიდ ხანს გყოფნით ერთი ფლაკონი. ფასიც საკმაოდ მისაღებია, თუ სწორად მახსოვს 60-65 ლარის ფარგლებში მერყეობს საკმაოდ მოზრდილი „ტიუბის“ ღირებულება. ამავე ბრენდს თვალის საუკეთესო ხორბლის კრემი აქვს, რომელიც ყელსა და დეკოლტეზე წასასმელადაც გამოგადგებათ. თვალის კრემი ასევე უზარმაზარ „ტიუბშია“ მოცემული და დაახლოებით 120 ლარი ღირს, ფასს ნუ შეუშინდებით, რადგან ჩათვალეთ, უკუნითი უკუნისამდე გეყოფათ.

GIGI

 

3. GERMAINE DE CAPUCCINI – ექსკლუზიურად „ნატალის“ სილამაზის ცენტრში წარმოდგენილი ძალიან მაგარი პროდუქტი. თუკი რამე შეიძლება შევუქო „ნატალის“, სწორედ ამ ერთ-ერთი პრემიუმ-ხარისხის ესპანურ ბრენდთან თანამშომლობაა. „ჟერმენის“ არაჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემი კომბინირებული კანისათვის დაახლოებით 110 ლარი ღირს. ასევე უნდა მოვიხსენიო ამავე ბრენდის თვალის ირგვლივ წასასმელი დღისა და ღამის კრემების ჯადოქრული დუეტი – ნამდვილი საჩუქარი ჩვენი თვალებისათვის, რომელიც არც თუ იაფი სიამოვნებაა და 215 ლარი ღირს.

4. იყო დრო, როცა მოვიხმარდი მის აღმატებულება DIOR-ის დამატენიანებელს, რომლის წასმის ბედნიერებას პირველად პარიზში ვეზიარე და „ვულე ვუ“-ს წყალობით თბილისშიც განვაგრძე. ალბათ ბევრი მსჯელობა არ სჭირდება იმას, რომ ამ ბრენდის სახისა და თვალის ირგვლივ დამატენიანებელი კრემები ნამდვილად ხარისხისა და სიამოვნების მწვერვალია, თუმცა დადგა დრო, როცა მივხვდი, რომ ერთ ქილა სახის კრემში გადახდილი 250 ლარი სრულიად გაუმართლებელი ირაციონალურობა იყო ჩემი მხრიდან, რადგან თანხის 80%-ს მესიე კრისტიანის ხსოვნას ვუხდიდი ზედმეტ ხარკად მისი ბრენდის მოხმარებაში. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო ყველა ლუქს ბრენდის მიმართ, თუმცა, გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ პროფესიონალური ლაბორატორიების მიერ მოკრძალებულ ფასად შემოთავაზებული პროდუქცია არანაკლებ ეფექტური და კარგია. ამის გააზრების შემდეგ ვცდილობ, არასდროს გავცდე ჩემს რაციონალურ „მე“-ს და როგორც კი სადღაც მიძინებული სნობი თაკო გამოღვიძებას დააპირებს, დროულად ჩავუკაკუნო თავში.

5. ESTEE LAUDER-ის დამატენიანებელი. აბა რა უნდა ვთქვა ამ უსაყვარლეს, უკარგეს ბრენდზე საუკეთესო მნიშვნელობის მქონე სიტყვების გარდა. ძალიან მიყვარს “ლაუდერი”, რომელიც ასევე საკმაოდ ძვირი – 166 ლარი ღირს, თუმცა, თუკი სახელფასო ბარათზე ახლადჩარიცხული ხელფასი გეგულებათ, ცოტა რთული ხდება საკუთარ თავს მასზე უარი უთხრათ. თხელი, სურნელოვანი, ცისფერი ტექსტურა წამებში შეისრუტება კანში და მომენტალურად გაძლევთ კომფორტის შეგრძნებას. რაც შეეხება ამავე ბრენდის თვალის გარშემო წასასმელ უთხელეს ემულსიას, ისიც ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, თუმცა, მისი ფასიდან გამომდინარე (200 ლარი) საბოლოოდ მაინც ქართულ რეალობასთან სიახლოვეში დარჩენას ვუჭერ მხარს და დღევანდელი გაიაფებულ-დაბეჩავებული ლარის, გაყოყლოჩინებული დოლარისა და საყოველთაო კრიზისის პირობებში ვცდილობ უფრო კეთილგონივრულად ვხარჯო  შემოსავლები.

საბოლოო ჯამში, მთავარია არ ასცდეთ სახის მოვლის უმთავრეს პრინციპს – არასოდეს შეწყვიტოთ სახის დატენიანება.  საცხი გაგითავდათ და იმ მომენტისათვის არ გაქვთ თანხა ახლის შესაძენად? შეიძინეთ დროებით იაფფასიანი შემცვლელი, ბოლოს და ბოლოს იყიდეთ საბავშვო კრემი და თვალის ირგვლივ კანი მაინც არ დატოვოთ დაუტენიანებელი. მე თავად არა ერთხელ მოვქცეულვარ ასე და მიმიმართავს BIOLANE-ის საბავშვო კრემისათვის (დერმატოლოგის რჩევით).

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, ჩემი მეგობრული რჩევაა, ნუ გაზომავთ კრემების ხარისხს მხოლოდ მათში გადახდილი თანხით და შეიძინეთ თქვენი კანის ჯანმრთელობა და სილამაზე ადეკვატურ ფასად.

 

Advertisements
This entry was posted in მოდა და სილამაზე and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to სახის კრემები ცხიმიანობისკენ მიდრეკილი და კომბინირებული კანისათვის

  1. Tinita says:

    როგორ მინდა შენი წარბები, თაკო 🙂 თვალის ფერსაც არ დავიწუნებდი 🙂 🙂 ჩემ ოჯახში ყველა ქერა და ცისფერთვალაა წინაპრებიდან მოყოლებული და ჩემი ძმით დამთავრებული, მე დევიჩაგრე :))))
    მეც კომბინირებული კანი მაქვს. დღის განმავლობაში T ზონას სჭირდება მიხედვა 🙂

    რა კარგი რჩევაა ბავშვის კრემთან დაკავშირებით! ხელის კრემად ავიღე ასე ბრმად აფთიაქში, ბავშვის ტანის კრემია, არც მინახავს სუნი და რაღაც საყმაწვილოს სუნი აქვს :))) მაგრამ ღამე ვისვამ და მალე გასდის :))))))

    LA ROCHE-POSAY არ მქონია, მომინდა 🙂

    თვალის ირგვლივ კრემი ლანქომსაც კარგი აქვს.

    “გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ პროფესიონალური ლაბორატორიების მიერ მოკრძალებულ ფასად შემოთავაზებული პროდუქცია არანაკლებ ეფექტური და კარგია. ამის გააზრების შემდეგ ვცდილობ, არასდროს გავცდე ჩემს რაციონალურ „მე“-ს და როგორც კი სადღაც მიძინებული სნობი თაკო გამოღვიძებას დააპირებს, დროულად ჩავუკაკუნო თავში.” EXACTLY
    ამასწინათ მეც მქონდა ეგ დილემა და ივსენლორანის ტონალურს ჩემი კლარენსი ვამჯობინე, თან განახლებული ფორმულა აქვთ, არც მინანია.

    ამაზე სამანტა გვეტყოდა: bravo, honey, BRA-VO! 😀 😀

    • :))))))))) თინა, ვგიჟდები შენზე ❤
      როგორ მიხარია, რომ გაგიცანი.
      ჩემი წარბები შეგიძლია თავისუფლად მიიღო "ნატალიში", იქ არაჩვეულებრივი ხათო ჰყავთ, რომელიც 15 ლარად მოგემსახურება. ნუ მანამდე მოგიწევს ცოტა ეკალ-ბარდებიანი გზის გავლა, დაახ. 10 დღე, მაგრამ შედეგი ღირს ამად :))
      რაც შეეხება საბავშვო თავის მოვლის საშუალებებს, არა მხოლოდ თვალის ირგვლივ, ზოგადად ავიღე ცხოვრებისეულ პრინციპად, სადაც შემიძლია ყველგან ბავშვების სახელი გამოვიყენო. ამ სახის პროდუქტები მაინც არის დაცული ზედმეტი მავნე კომპონენტებისგან, რასაც ჩვენთვის, მოზრდილებისთვის განკუთვნილ საშუალებებზე ვერ ვიტყვით. მაგალითისთვის, უარი ვთქვი სხვა ყველანაირ საპონზე და მხოლოდ ჯონსონს მოვიხმართ ოჯახში. ესეც ძალიან მაგარი იდეაა რაც შენ თქვი, ხელის დამატენიანებლად ბაშვის კრემი, დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გამოკვებავს კანს.

      • Tinita says:

        :*:* მეც მიხარია 🙂
        აღარ ამომდის და ფანქრის იმედად ვარ :)))

        რა თქმა უნდა ძალიან კარგი გზა გიპოვიათ

        :*

  2. annakhuntsi says:

    ძალიან კარგი სტატიაა ❤ ჩემთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ძალიან ცხიმიანი კანი მაქვს ☺ ჩემთვის ჯერ ცოტა ადრეა კრემების აქტიური გამოყენება, მაგრამ ზამთარში ყოველთვის ვისვამ ^^ ძირითადად სულ საბავშვო პროდუქციას მოვიხმარ, Bubchen-ს ან Johnson's-ს 🙂 მშვენიერია ნებისმიერი ასაკისა და კანის ტიპის ადამიანისთვის. ასევე კარგია Ziaja-ს პროდუქცია, კარგი შედეგი მისაღებ ფასად ^_^

  3. სოფო says:

    ნამდვილად ძალიან კარგი კრემები გაქვთ ჩამოთვლილი,მეც ვიყენებდი LA ROCHE-POSAY ს კრემს თუმცა ერთხელ შევიძინე lerbolarios ფირმის კრემი იტალიური ფირმაა ფიტო კრემებიაქვთ. დავისვენე, არაჩვეულებრივია და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია.

  4. bbb says:

    და რა მაინტერესებს სახის დასაბანი კრემი ან გელი,რომელია კარგი ცხიმიანი და კომინირებული კანისთვის?

    • ძალიან კარგად ვხმარობ BIODERMA-ს და AVENE-ის დასაბან გელებს ცხიმიანი კანისთვის, იმავეს გირჩევთ თქვენც.

      • bbb says:

        მადლობა გამოხმაურებისთვის

        თქვენს მიერ ხსენებულ გელებს ხმარობ, როგორც ჩვეულებრივ დასაბან საშუალებას ბანაობის დროს, თუ გარკვეული პროცედურაა საჭირო მის მისაღებად?

  5. ჩვეულებრივად მოვიხმარ, ყოველ საღამოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s