შხაპი, პატრიარქი და უზნეო მამულიშვილები

ჩემი დღევანდელი პოსტი წინას სანამ შეხვალ, დააკაკუნე ლოგიკური გაგრძელება იქნება, რადგან ჩემი საყვარელი ქართველების იმ უსიამოვნო თვისებების ჩამოსათვლელად, რომელიც  პირადად მე ძალიან მაღელვებს, სამწუხაროდ, ერთი პოსტი საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ ბლოგ-პოსტის პირველი თემა, დარწმუნებული ვარ ყველას, აბსოლუტურად ყველას გაწუხებთ, ვისთვისაც სისუფთავე და ჰიგიენა მნიშვნელოვანია.

shower.jpg.662x0_q70_crop-scale

  •  დაუბანლობის  პრობლემა

ალბათ აღნიშვნაც არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ არაჰიგიენური ადამიანი ნებისმიერ მოცემულობასა და საზოგადოებაში პერსონა ნონ-გრატაა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვცდილობ, მივიღო და მიყვარდნენ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან. მაგრამ, ეს მცდელობა სრულიად უიმედო ხდება, როცა ვხვდები ხალხს, რომელმაც შეგნებულად აირჩია არაჰიგიენური ცხოვრების წესი.  არ მესმის, რატომ უნდა სჭირდებოდეს სრულფასოვნად მოაზროვნე, კულტურულ  ადამიანს იმის მითითება, რომ ფიზიკური სისუფთავის დაცვა ისევე საჭიროა, როგორც ჰაერი, წყალი და საკვები. გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი უნდა მოიწესრიგოს, მასთან ურთიერთობაში მყოფ ხალხსაც სცეს პატივი და თავისი სხეულისა და ტანსაცმლის უსიამოვნო სუნით  არ შეაწუხოს. ამ ყოვლად აუტანელ პრობლემას თვით ქართველების უდიდესი ავტორიტეტის – პატრიარქის მოწოდებამაც კი არ უშველა, რომელიც სავარაუდოდ ჩემსავით შეაწუხა ჩვენმა საყოველთაო არაჰიგიენურობამ და ქადაგებაში მრევლს მოუწოდა, ყოველ დღე დაებანათ და გამოეცვალათ ტანსაცმელი, მაგრამ ნურას უკაცრავად, ბატონებო, ვერ მოგართვით. ჰოდა, ვწერო და ვიკითხო რამდენიც მინდა, ილია მეორემ ვერ აიძულა ქართველი ხალხი, ზიარებოდა შხაპის ჭეშმარიტებას და ჩემი პოსტი რაღა ბედენას იზამს? არც არაფერს. ისე, უბრალოდ დავიჩივლე თქვენთან.

  • კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა – ნაგავი.

ჩემი ხალხი ნაგავში ზის და ასე ცხოვრობს.

ქართველები ხაზგასმით არ ვცნობთ ნაგვის ურნას.

ბუნებაში იპიკნიკე? რა პრობლემაა, დატოვე იქვე  ნაგავი.

პარკში  ყავის სმას მორჩი? დააგდე კაცო ეს ჭიქა, აგერ ბალახებში!

კანფეტების ფოჩები, პლასტმასის ბოთლები, ნახმარი პრეზერვატივები და ცელოფნის პარკები ჩემი ლამაზი ქვეყნის ყველა რეგიონის, სოფლის თუ ქალაქის  ქუჩების, სადარბაზოების, ველ-მინდვრების, ტყეების უმთავრესი და საძაგელი აქსესუარია. ჩვენ ყველა ერთად ერთ გიგანტურ ნაგვის ურნაში ვცხოვრობთ.  ერთი ხელით ახლად გამოცლილ  პლასტმასის ბოთლს არხეინად მოვისვრით იქვე, მდინარის პირას, მეორე ხელში განსხვავებული სასმისით კი სამშობლოს სადღეგრძელოს გრძნობამორეული ხმით დავლევთ, რაც კარგები ვართ, ხომ ქართველები ვართ და ჩვენზე მეტად განა ვის უყვარს  სამშობლო?!

  • მესამე დაუძლეველი სენი – ქართველების რიგში დგომა.

ჩვენ არ ვიცით, არ გვიყვარს და გვიტყდება რიგში დგომა.

რაც მთავარია, იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენებმა – ვინც რიგს ვიკავებთ, გავბედეთ და შევეწინააღმდეგეთ ურიგოდ გასულ უსირცხვილოს, რისხვა არ აგვცდება. ერთხელ მახსოვს, ერთ  კარგ საცხობთან რიგში მდგარს ვინმე კარაკულის ქურქიანმა, ქერა დედილომ ჯერ თავისი „შპილკებით“  გადამალაჯა ფეხებზე და მერე „შუბაც“ რომ სახეზე მომაფარა, მივხვდი, რომ ჩემს მორიგ დაგოიმებას ჰქონდა ადგილი და მშვიდად მივუთითე, ქალბატონო, თქვენს რიგს დაელოდეთ მეთქი. ისეთი დამიკივლა „ვის უბედავ შე ლაწირაკო,  ვინ გგონივარ ამხელა ქალი, სულ აღარ მჭირდება ეს თქვენი ნამცხვარი, უზრდელო შენო, რომ მოულოდნელი თავდასხმისგან და შოკისგან ლამის დამავიწყდა რისთვის ვიდექი რიგში.

მეორე არანაკლებ მტკივნეული თემაა დანიშნულების ადგილზე წინასწარ ჩაწერით მისული კლიენტის/პაციენტის ცოცხალ რიგში მჯდომ მომლოდინეებთან შერკინება. მსგავს ვიზიტებზე წინასწარ ფსიქოლოგიურად მომზადებული და  ფაქტიურად აბჯარასხმული მივდივარ, რომ ჩემი  1 კვირით ადრე შეთანხმებული ვიზიტი და საკუთარი უფლებები სისხლის ფასად მაინც დავიცვა გამძვინვარებული უზნეოებისგან, რომელთა უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვთ მოწესრიგებული, წინასწარ განსაზღვრული რიგის შესახებ.

  • ტელეფონზე ხმამაღალი საუბარი პირად საკითხებზე.

ეს ის პრობლემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში ფაქტიურად ნევროზი დამმართა, სანამ თავს არ ვუშველე.  არ მესმის,  რატომ არის ასე რთულად გასაგები, რომ ოთახი, სამარშუტო ტაქსი, ოფისი და ა.შ. სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცე, რომელსაც რამდენიმე  ადამიანი იყოფს, საერთოა და ზუსტად ერთნაირი პროპორციით ეკუთვნის ყველას. შესაბამისად, აუცილებელია თითოეულის სიმშვიდის, კომფორტის ზონის და პირადი სივრცის დაცვა. პირადი სახის, ხმამაღალი საუბრების წარმართვა  უხერხული და  ძალიან შემაწუხებელია, მით უფრო, როცა არავის აინტერესებს რა სიტყვებით ეჩხუბება სუბიექტი ცოლს, როგორ ჭორავს მულის შვილს,  რატომ ვერ გაარკვია მისმა შვილმა რას უდრის იქსი და შარდის ანალიზის როგორი მაჩვენებლები აქვს მისი დაქალის ქმარს.

  • „შენობით“ მიმართვა.

თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მაღიზიანებს ფამილარობა, რომლის უპირველესი გამოვლენაც ადამიანთან კონტაქტის პირველივე ეტაპზე „შენობით“ ფორმაში მიმართვაა. საქმე განსაკუთრებით მწვავდება, როცა ეს პრობლემა მომსახურე პერსონალთან ჩნდება. „გოგონა, შენ“,  „შენ ეს ზომა გინდა“, „აქ შეავსე და ხელი მოაწერე“ და მსგავსი მიმართვები ძალიან მაღიზიანებს და როგორც წესი, რეაგირების გარეშე იშვიათად ვტოვებ.

მოკლედ, ამით მოვრჩები ჩვენს საკუთარ თავებზე  ჩივილსა და წუხილს და იმის იმედით დაგემშვიდობებით, რომ ოდესმე აუცილებლად გავხდებით ქართველები იმ კულტურულ სამყაროსთან ინტეგრაციის ღირსი, სადაც პატრონები ძაღლის გამომცხვარ  ფეკალიებს რუდუნებით კრეფენ და ურნაში ყრიან, სადაც მეზობელი მეზობელს საწოლ ოთახში არ უვარდება და სადაც ერთი ადამიანის უფლებას, ჰქონდეს ხელშეუხებელი პირადი ცხოვრება, პირადი სივრცე და პირადი შეხედულებები, დანარჩენი ადამიანები და კანონი ერთნაირი პატივისცემით ეკიდება.

 

 

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to შხაპი, პატრიარქი და უზნეო მამულიშვილები

  1. კახი says:

    პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ყველა -____-

  2. Author says:

    მართლაც რომ ყველა. და თან გამუდმებით :/

  3. annakhuntsi says:

    ყველა, თან საშინელებაა, ყველანაირი ასაკის ადამიანებში გვხვდება. განსაკუთრებით ისიც მაღიზიანებს, ასაკით უმცროსი თუ ხარ, ყველას უნდა დაუთმო, შენი მოვალეობაა, მიუხედავად იმისა, გეჩქარება, ძალიან დაღლილი ხარ ან მძიმე ჩანთა გიჭირავს (რა თქმა უნდა, მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, უნდა დაუთმო ადგილი იმას, ვისაც უჭირს ფეხზე ყოფნა). ასევე ყველას რომ უკვირს, მის შესახებ ამდენი საიდან იცი, თითქოს თავად არ ილაპარაკეს დროის გარკვეული პერიოდის უკან საკუთარ პრობლემებზე ბოლო ხმაზე. თან ამავდროულად ვისწრაფვით ევროპისკენ და გვავიწყდება, რომ ევროპელობა კულტურის მაღალ დონეს ნიშნავს და, ზოგადად, განვითარებაც ხომ ამას გულისხმობს. :\

  4. Lord Vader says:

    ::რიგის საკითხი მოგვარებადია – აპარატები უნდა დადგან ყველგან. 🙂
    ::ნაგვის დაყრა – მოგვარდება თუ ჯარიმები ამოქმედდა. ისე მანდ ყველაა დამნაშავე ის, ვინც ყრის და ის ვინც უყურებს.
    ::ხმამაღლა საუბარი ეგ ქართველების ემოციურობის ამბავია. ასევე ხმამაღლა ყვირიან იტალიელებიც, ვინც შესწრებია დამეთანხმება. ისე, მე რეცეპტი ვიცი. პრაქტიკულად არ მაწუხებს სხვების ხმამაღალი საუბარი, იმიტომ რომ მუდამ ყურსასმენები მაქვს ყურებში და ვუსმენ მუსიკას და გარესამყაროს ხმები არ მესმის. 🙂
    ::შვედეთში სხვათა შორის ყველა ყველას შენობით მიმართავს. ბავშვი – უფროსს. თანატოლი – თანატოლს. უცნობი – უცნობს. ხელქვეითი – მინისტრს. 😉
    ::დაუბანლობა – ამას რაც ეხება, ახლახანს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში “ორგანიზმის დეჰიდრატაცია, Ph ბალანსი და ფსიქიკური აშლილობა” გელათის აკადემიის პროფესორებმა, მედიცინის დოქტორებმა იროდიონ კუჭავამ და დავით მემანიშვილმა დაამტკიცეს, რომ ორგანიზმისთვის აუცილებელი დაბანის ნორმაა თვეში ერთხელ თბილი წყლით (საპნის გარეშე, რომ კანი არ გამოშრეს). სამ თვეში ერთხელ – გოგირდის აბანოში და ნათლისღებაზე საპნით.

    • :))))) ეს ბოლო აბზაცი ვუვუზელასთვისაა გამზადებულ-გაშალაშინებული. მერე მეტი არ უნდა ქართელ ხალხს, აიტაცებენ და ახლა უკვე არგუმენტირებულად და მეტი კმაყოფილებით აქოთდებიან.
      კუჭავა და მემანიშვილი მოიკითხე ❤

      • Lord Vader says:

        რაღაც ვერ ჩავწვდი მთლად კარგად რას მეუბნები, მაგრამ თუ გუმანი არ მატყუებს, ჩემს ნათქვამს ეჭვქვეშ აყენებ.:/
        ეგ წიგნი მე არ მაქვს, მაგრამ ბატონი იროდიონის შვილებს – ოთიკოს და თეიკოს კარგად ვიცნობ, ვთხოვ თუ დარჩათ ზედმეტი ეკზემპლიარი და მოგართმევთ.
        ავტორის ავტოგრაფით, რასაკვირველია.

  5. guramus7 says:

    ჩემი აზრით, ქართველს ყველაფერზე ჯარიმა უნდა დაუწესო😀 მხოლოდ ჯარიმის შიში თუ აიძულებს დაემორჩილოს კანონს

  6. მეც მგონია რომ გამოსავალი ჯარიმებშია 😀

  7. guramus7 ,
    გენიოსი,

    აბსოლუტურად გეთანხმებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s