სანამ შეხვალ, დააკაკუნე

stock-photo-two-pieces-of-white-paper-with-the-word-impolite-turned-into-polite-268729967

ამ პოსტში ქართველების იმ არაჯანსაღ თვისებებზე მინდა დავწერო, რაც ჩვენს სტერეოტიპულ სენად იქცა. ვერ შეგპირდებით, რომ კითხვით ისიამოვნებთ, თუმცა, მჯერა, რომ ბევრ საკითხში დავეთანხმებით ერთმანეთს.

დავიწყოთ.

  1. ერთმანეთის შემოსავლების და ხარჯების მიმართ გადაჭარბებული ყურადღება და ცნობისმოყვარეობა.

„რა მიეცი?“, „რა დაგიჯდა მანქანა?“, „ფეხსაცმელში რამდენი გადაიხადე?“, „ფართი რამდენში გააქირავე?“, „ხელფასი რამდენი გაქვს? შენს ქმარს?“ და ამავე თემატიკის მსგავს კითხვებს მდგომარეობიდან გამოვყავარ. არ მესმის, რატომ უნდა მაინტერესებდეს ჩემი მეზობლის ქმრის, ან თანამშრომლის შვილის შემოსავალ-გასავალი ზუსტი ციფრებით და ასეთი აღტკინებითა და ლამის ანგარიშ-ფაქტურების გამოთხოვით რატომ უნდა გამოვიკითხო რა დაუჯდა მავან ლამარას თავისი ოქროს ბეჭედი. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო ადამიანები ვერ აანალიზებენ, რომ ინფორმაცია ჩვენი შემოსავლების და ჩეკების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. მსგავსი ფამილარული თავდასხმები და  უტიფარი კითხვების დასმა კი რაიმე მყარი, საფუძვლიანად ახსნადი მიზეზის გარეშე, მხოლოდ უსაგნო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად,  პირდაპირ რომ ვთქვათ უზრდელობა და ადამიანის პირად სივრცეში დაუკაკუნებლად შეჭრაა.

  1. ეს პუნქტიც გარკვეულწილად პირველის თემატური გაგრძელებაა.

„როდის აჩენ ბავშვს?“, ან „როდის აჩენ მეორეს?“, ანდა გნებავთ „გაჩერდით კაცო ორზე? აბა მესამე და სამართალი !“ სრულიად აუტანელი კითხვები, რომელიც მარადიულად იჭრება ქართველი ქალების (და თავისთავად ცხადია ჩემს) ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ძალიან ფაქიზი, სრულიად კერძო ხასიათის კითხვები შეიძლება დასვას დედამთილის მეგობარმა, მეზობლის დედამ, ქმრის თანამშრომელმა, გამყიდველმა ბაზარში და საერთოდაც ყველამ, ვისაც არ ეზარება და თვლის, რომ შენი პირადი ცხოვრება მისიცაა. ჩვენ კი ამ კითხვების მარადიული მსხვერპლები, საკუთარ შინაგან კულტურასა და  ჩუმ ბრაზს შორის კონფლიქტში გაჩხერილები, ვერა და ვერ მივედით ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე, რომ სათანადო ადგილი მივუჩინოთ სრულიად აუტანელ „არამკითხე მოამბეებს“, რომლებიც, როგორც ხალხური ანდაზა გვარიგებს, უნდა „მიტყიპო და მიაგდო“.

  1. ქართული სტანდარტული უკულტურობის კიდევ ერთი უსიამოვნო ხაზი ავადმყოფობის და მკურნალობის თემას უკავშირდება.

„უი, რა წამალს სვამ?“, „რაზე მკურნალობ?“, „ ეს შრამი საიდან გაქვს?“, „ვაიმე დედიკო, ხომ მშვიდობა გაქვს, რაზე სვამ ამდენ წამლებს?“ და სხვა მსგავსი მომაბეზრებელი კითხვების სახით ყასიდად გამოდნობილი ყალბი შეცხადება და თანაგრძნობა, რომელიც საერთოდ არავის სჭირდება. მამაცხონებულო, იქნებ სწორნაწლავის სიმსივნე მაქვს ან სულაც გონორეას ვმკურნალობ, რატომ მაიძულებ რომ მოვიტყუო და სახელდახელოდ უხეიროდ შეთხზული ისტორიებით გადავფარო შენი ზღვარსგადასული ცნობისმოყვარეობით შექმნილი უხერხულობა? ძალიან საკვირველია, რატომ ვერ უნდა ხვდებოდეს ადამიანი, რომ თითოეული ჩვენგანის ავადმყოფობა და მათი განკურნების გზები აბსოლუტურად პირადი და გარეშე პირებისთვის ხელშეუხებელი საკითხია, ამ მიმართულებით დასმული  თამამი კითხვები კი მხოლოდ ფსიქოლოგიური დისკომფორტის მომტანია და ვერანაირად აღიქმება თანაგრძნობად.

  1. ბანკომატის რიგი.

ვერაფრით დავიჯერებ თუ მეტყვით, რომ ერთხელ მაინც არ შეგიგრძვნიათ ბანკომატიდან თანხის გამოტანის პროცესში თქვენს უკან მდგომი პირისგან პირდაპირ ყურში ქშენის ბედნიერება.

და განა რატომ უნდა სჭირდებოდეს ახსნა იმ ფაქტს, რომ ზემოხსენებული საქმიანობისას სრულიად ზედმეტია უცხო ადამიანის ასეთ ინტიმურ დისტანციაზე დასწრება.

5. ტუალეტის ხელების დაუბანლად დატოვება.

ვიქნები სექსისტურად მიკერძოებული და ამ კონკრეტულ შემთხვევას მამაკაცებს განსაკუთრებულად მივუძღვნი. ძვირფასებო, დარწმუნებული ვარ, პატარები რომ იყავით დედამ ყველას გასწავლათ, რომ ტუალეტიდან გამოსვლის წინ ხელების დაბანა აუცილებელია. მაშინ ხშირად გაიხსენეთ ბავშვობა და  საქმეს შეუდექით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იცოდეთ, რომ „გაყიდული“ ხართ – თქვენს ხელებს გამადიდებელი ლუპით აკვირდებიან.  კარგი იქნება, დაივიწყოთ ეს მავნე ჩვევა და დაბანილი მარჯვენა ჩამოართვათ ჰიგიენისა და კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ბანალურ, მაგრამ აუცილებელზე აუცილებელ წესს.

  1. კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩემს ნერვებს ხშირად აძლევს მოშლის მიზეზს, არის ქართველების დაუძლეველი სურვილი, ჯგუფურად იარონ ექიმთან ვიზიტზე. განსაკუთრებით რთულდება საქმე, თუ ახალმოსული რძალი ფეხმძიმედაა. ოჯახის ყველა წევრი – დედა, დედამთილი, მული, დედამთილის მხრიდან ექიმის ახლობელი და ასე შემდეგ თავს ვალდებულად თვლიან, ყოველ კონსულტაციაზე ერთგულად ეახლონ რძალს. იგივე მეორდება ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაშიც.   ქართველების 80%-ს, დარწმუნებული ვარ, გაგონილიც არ აქვთ ექიმთან ვიზიტის კონფიდენციალურობის  შესახებ კულტურაზე და თუ გაბედავთ და მიუთითებთ, იქნებ ისეთი  წყევლა და გრგვინვა აიკიდოთ, რომ თქვენმა 9 თაობამ ვეღარ გამოიხედოს თვალებში. არადა, ვინ იცის, საწყალ პაციენტს როგორ გულით უნდა მარტო ჩამოჯდეს ექიმთან პირისპირ და ისე განიხილოს თავისი პრობლემები. პირადად მე შევსწრებივარ, თუ როგორ ურეკავდა პაციენტის დედამთილის და ჩემს გინეკოლოგს და აიძულებდა მოეყოლა რძლის პრობლემების შესახებ, როცა ექიმმა მკაცრი უარი დაახვედრა, საპასუხოდ  სიტყვაკაზმულობის ისეთი კორიანტელი წამოვიდა, რომ ჩემს ნათელას სასწრაფოდ მოუწია ტელეფონის გათიშვა.

მოკლედ, სულ იმის თქმა მინდოდა, რომ სანამ იმ ოთახში, ოჯახში, სივრცეში შესვლას დავაპირებთ, სადაც არავინ გველის, სულ ცოტა, კარზე დავაკაკუნოთ მაინც.

წესია ასეთი, მეტი არაფერი.

 

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

25 Responses to სანამ შეხვალ, დააკაკუნე

  1. Lord Vader says:

    კაი-კაი და მე-5 საიდან იცი? :)) საერთო ტუალეტები ჯერ საქართველოში არ გვაქვს და…

    მინდა გითხრა, რომ საზოგადოებრივ ტუალეტებში სიარულის უდიდესი გამოცდილება მაქვს, ხოდა ისა, მოკლედ ჩემი დაკვირვებით მამაკაცები ძალიან კარგად და პატიოსნად ვიბანთ ხელს მაგ პროცედურის შემდეგ.
    10-დან 9 🙂
    ჰა-ჰა 8.

    • არ იბანთ, 90% ისე გამოდიხართ 🙂
      სტატისტიკა მაქვს შემუშავებული სხვა დანარჩენ ქალებთან ერთად, აღარ შემედავო :))

      • Lord Vader says:

        რა იცი გოგო შენ? :)) კაცების ტუალეტთან ხარ ჩასადკავებული და ხელებზე გვიყურებ?

        შეიძლება შარვლის უბე დაგვრჩეს შეხსნილი, მარა ხელუ დაუბანელი არასდროს! :მად:

      • Author says:

        მეც მსგავსი სტატისტიკა მაქვს მეუღლისგან.
        ისე, მშვენიერი ჩამონათვალია: არ თხოვდები? ბავშვს არ აჩენ? მეორეს? მესამეს? კიდევ ორსულად ხარ? რაზე მკურნალობ? ხელფასი რამდენი გაქვს? მანქანას რატომ არ ყიდულობ? ბავშვს ამის უფლებას რატომ აძლევ? – ვერ ვისწავლე ამ საზოგადოების გემოვნებით ცხოვრება 🙂

      • ქალბატონო თაკო მაპატიეთ, აი ეხლა თქვენი სტატისტიკის %-ის რომელ სიდიდეს მივეკუთვნები ვერ მოგახსენებთ, ჯიუტად არ ვთვლი საჭიროდ. რატომღაც სხვა დაკვნა ვერ გამომაქვს გარდა ასეთისა რომ თქვენი პასუხი დაუკაკუნებლად შესვლას უტოლდება. P.S. არავის არ ვიცავ, მითუმეტეს ხელდაუბანლებს 🙂

    • ნიკო,
      რა თქმა უნდა არც ხართ ვალდებული, ჩემს უსიამოვნო სტატისტიკაში საკუთარი თავი გამოარჩიოთ 🙂
      რაც შეეხება ჩემი პასუხის დაუკაკუნებლად შესვლასთან გატოლებას, ვერ დაგეთანხმებით, მე მაქვს ჩემი შეხედულებები, რომელსაც ჩემსავე ბლოგზე – ჩემს სივრცეში გამოვხატავ, ასე რომ, ვფიქრობ, ცოტა ალოგიკურია თქვენი შეფასება 🙂

      • კაკკუკ, შეიძლება? მივხვდი რომ ჩემი კომენტარით მე თვითონ უნებურად, დაუკაკუნებლად შევჭრილვარ სხვის სივრცეში. მაპატიეთ გეთაყვა.

      • 🙂 ნიკო, ნამდვილად არაფერი გაქვთ საპატიებელი. ეს სივრცე სწორედ იმისთვისაა, რომ მკითხველები შემობრძანდეთ, წაიკითხოთ და სურვილის შემთხვევაში თქვენი აზრიც დატოვოთ.
        ასე რომ, მობრძანდით, ეს ბლოგი სტუმართმოყვარე და თითოეული ძვირფასი მკითხველისთვის ღიაა 🙂

      • გმადლობთ 🙂

      • ვინმე Niko says:

        ქალბატონო თაკო ჩვენი ხანმოკლე საუბარი გამახსენდა ეხლა, ამის ნახვისთანავე. 🙂 https://www.facebook.com/WorldsBestssMovies/posts/631667577002099?pnref=story

      • :)) the shining-დანაა კადრი, თუ არ ვცდები?..

  2. Lord Vader says:

    ისე, მთავარი აბეზარი კითხვა გამოგრჩა, ყველაზე მთავარი.
    http://stylishblog.net/2011/03/10/happy-marriage/
    (ალბათ იმიტომ რომ პირადად შენ არ გეხება)

  3. Tinita says:

    “სად მიდიხარ” და “სად იყავი” ჩვეულებრივი კითხვებია სამეზობლოში :)))))

    “ახალი ხომ არაფერია” კითხვა!!! (პუნქტები 1 და 2)

    დაკაკუნება ერთია და ადამიანი რომ წევს, თუნდაც წამოწოლილი იყოს, უკვე ისეთი სიტუაციაა, იმ ოთახში საერთოდ არ უნდა შეხვიდე, თუ ამის აუცილებლობა არაა.

    “კურაციოში” რომ ნაცნობი გხვდება, რომელიც ოდესღაც შენთან ერთად მუშაობდა და გეკითხება, რა იყო, ხომ კარგად ხარო (ნეტა თვითონ სასეირნოდ დადის იქ?)

    მე-5 პუნქტმა დამშოკა :)))

    რიგები საერთოდ კატასტროფაა.

    “რა მიეცი თუ საიდუმლო არ არის?” ესეც ხომ მაგარი კითხვაა :))))))))

    ყველას საკუთარი დაუცველობა ალაპარაკებს და ასმევინებს ასეთ კითხვებს. გიყურებენ და მკითხაობენ, რითი ჯობია მათი ცხოვრება თქვენსას (მათი აზრით). რა არ გაქვს ამ მომენტში და რაში შეუძლიათ “ჩაგჭრან”.

  4. თინა says:

    რატომ არ თხოვდები? ან შენი შვილი რატომ არ თხოვდება? მე ამისთვის უკვე ბომბივით პასუხი მაქვს – “არავის მოწონს, არავინ თხოულობს და რა ქნას?” 🙂 ამის მერე სამუდამოდ ჩუმდებიან და კითხვას ვერ ბედავენ

  5. გიორგი says:

    ისეთი რომ გვიყვარდეს ერთმანეთი როგორებიც ვართ, ვერაა???

  6. ლორდ,
    დაიწყე შენც დაკვირვება და მიხვდები, რომ სიმართლეს ვღაღადებ 😉

    Author,
    ბავშვების თემა კიდევ ცალკე გასაშლელია 🙂 იქნებ მომდევნო პოსტში ვქნა ეგ საქმე

    თინიტა და თინა,
    ო, როგორ კარგად მესმის თქვენი. ისე შვილზე დასმული კითხვების კასკადი კიდევ ცალკე ბედნიერება იქნება, დარწმუნეული ვარ.

    გიორგი,
    საერთოდ ვერ ჩავწვდი თქვენი კითხვის ადეკვატურობას 🙂
    კრიტიკა სრულებით არ გამორიცხავს სიყვარულს და პირიქით.

    • Lord Vader says:

      კაი…
      ახლა ვფიქრობ ტუალეტში გავედი თუ არა :))) აწი ერთად თუ მოვხვდით სადმე, სულ რომ ჩავიფსა ჩემდათავად ტუალეტში გამსვლელი არ ვარ.

  7. ბექა says:

    ესეც ვიცოდი, რომ ბატონი ანაკინი მწარედ მაბოლებდა, ჯგუფელებზე დაკვირვებით შეადგინა მანკიერი სიაო 🙂

    ისე ხელებს ნაღდად ვიბანთ :დ

    ვაბშეტა უნაკლო გამოვდექი ამ სიის მიხედვით. ოღონდ არ ვიცი მოჭარბებული ტაქტის ბრალია თუ მკიდია უბრალოდ

    • :)))) გამოცდილ აფიორას აქვს ადგილი, ჩემო ბექა. შენნაირ ადამიანებზე ნამდვილად არ არის ეს პოსტი 🙂
      ისე არ დაგიმალავ და ჯგუფელებზეც მაქვს თავის დროზე მსგავსი დაკვირვება წარმოებული და ერთი-ორი კარგადაც შემიჯორავს, გვარს არ დავასახელებ. მოგეხსნება, ახალგაზრობაში დიდად თავშეკავებული და ტაქტიანიც არ ვიყავი :))

      • ბექა says:

        როგორც კი ადამიანი ლუდის დალევას იწყებს, იწყებს ნივრიანი პურის და თხილის ჭამას და რადგანაც საერთოა ეგ,უმძაფრდება ხელის დაბანვაზე კონტროლი. ასე რომ, მხოლო ბაჭაჭყანების ცოდვაა ეგ

      • Lord Vader says:

        მოგეხსნება, ახალგაზრობაში დიდად თავშეკავებული და ტაქტიანიც არ ვიყავი

        ჩვეულებრივ, ასაკში რომ შედის ადამიანი, ხასიათი უფუჭდება. შენი ამბავი პირუკუა?

  8. Pingback: შხაპი, პატრიარქი და უზნეო მამულიშვილები

  9. irina says:

    ცოტა გადაჭარბებული კრიტიკა ხომ არ მოგდით .იქნებ თქვენშია რაიმე პრობლემა.მე მაგალითად არც გავასაიდუმლებდი რაიმე ნივთის ან საგნის ფასს.და არც ვინმეს ქონება მაინტერესებს საიდან რსტომ რისთვის რა საშუალებით შეიძინა.მაგრამ ეა კითხვა მეზობელს რომ კითხო რომ გიხარია მისი ბედნირრება ისე უნებლიე კითხვაა.და თქვენ ასე განერვიულებთ აქ თქვენშია პრობლემა და ყველაფრის გასაიდუმლოება მიჩქმალვა და მიმალვა გახასიათებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s