მდიდრების წყალი, ანუ რაც შემდეგ მოხდა, გაგაოცებთ

ამ ბლოგ-პოსტში მინდა ერთ საჭირბოროტო თემას შევეხო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არც თქვენთვისაა უცხო და  თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც შეხებია.

ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია – შევთანხმდით.

ყველაფერი გაძვირდა,  გაიზარდა ფასები, მათ შორის, კაფე-ბარების ანგარიშის ფურცლებზე მორთმეული მსუყე-მსუყე ციფრებიც.  ამაზეც შევთანხმდით.

არც იმაშია რაიმე ახალი და განსაკუთრებული, რომ კაფე-ვერანდები კარგი ხედით, კარგი პიარით და კარგი სამზარეულოთი  – ანუ კაფეები „კაი პონტით“, სტანდარტულზე კიდევ უფრო ძვირი სიამოვნებაა.

თუმცა, ახლა მინდა კაფეებში წარმოდგენილი რიგი უწყინარი პროდუქტების იმ არაადეკვატურ  ფასებს შევეხო, რომელიც გრძელვადიან შოკს იწვევს ხოლმე ჩემი და ჩემი მეგობრების  ყოველკვირეულ შეხვედრებზე და დიდ ხანს მოგვყვება „სახალისო მოგონებების“ სახით.

მოდით,  ქრონოლოგიურად გავიხსენებ.

  1. „სრულწლოვანი” ფრეში.

downtown01ერთ-ერთი შეხვედრის დროს კაფე „დაუნთაუნში“ (DOWNTOWN)  მენიუში ჩახედვის გარეშე ვთხოვე მიმტანს, მოეტანა ჩემთვის ანანასის ფრეში. ალბათ ყველამ, ვინც კაფეებში ხშირად დადიხართ, მიახლოებით მაინც იცით ან გახსოვთ ფრეშის საშუალო ფასი – 7-10 ლარი, მაქსიმუმ 12. ანგარიშის მოტანის შემდეგ აღმოვაჩნე, რომ საშუალო ზომის ჭიქით, არც მეტი, არც ნაკლები – მთელი 18 ლარი დამილევია, მომსახურების თანხის გარეშე. თვალებს არ დავუჯერე, გადავამოწმე მენიუში და ასე გადავიხადე ერთ სტანდარტულ ჭიქა ნატურალურ წვენში  დაახლოებით 19-20 ლარი, რაც შოკისა და ბრაზის ოდნავ გადახარშვის შემდეგ მე და ჩემმა გოგოებმა ისტერიული  სიცილით აღვნიშნეთ და დღემდე გადასარევად „ვხალისობთ“ ამ ამბავზე.

  1. მეორე საინტერესო ამბავიც, გაგიკვირდებათ და „დაუნთაუნში“ გადაგვხვდა. თუმცა, ამჯერად ჩემმა უახლოესმა მეგობარმა – ელენემ დიდი სიფრთხილით და რუდუნებით გადაიკითხა მენიუ  და შეუკვეთა, თუ სწორად მახსოვს, სტეიკ-სალათი, საკრალური ღირებულებით – 18 ლარი და მიმტანს სთხოვა, კერძისთვის ზემოდან ცოტაოდენი ყველი მოეფხვნათ. მოიტანეს  სალათი, ზედ ახალმოსული თოვლის ფანტელებივით შიგადაშიგ მიმოფანტული საბედისწერო ყველით. წასვლის წინ ანგარიშის ფურცელში  სალათის გასწვრივ ამაყად მომართული 37-ის დანახვაზე ელენემ ჯერ მეტყველება საერთოდ დაკარგა, შემდეგ პირიქით, ინტენსიურად აამუშავა, ჩვენც დაგვზაფრა  და მიმტანს მოუხმო. იმან დაადასტურა, რომ ქამამბერის რამდენიმე უბადრუკი ნაკუწი ნამდვილად  19 ლარის ღირებულების იყო და უსამართლობისგან გაოგნებულ ელენეს უემოციოდ  გადაახდევინა სალათში 40 ლარი.
  2. „მდიდრების წყალი“.

baxmaroახლა კი დადგა დრო,  ამ ბლოგ-პოსტის დაწერის მთავარ ინსპირაციას და ბოლო დროის ჩემი და ჩემი  გოგოების „წმინდა შეხვედრების“ მთავარ სიხალისეს შევეხო.

დაახლოებით ერთი თვის წინ კვლავ შევიკრიბეთ მე და ჩემი მეგობრები „ტიფლის ვერანდაზე“. „ტიფლისს“ ფასების სისტემა შეუცვლია, დღგ-ს გადასახადი 18% მენიუს ფასებში შეუტანია და მომსახურების მხოლოდ 10% დაუტოვებია დამატებით გადასახდელებში. მოვიწონეთ ეს ამბავი, გადავხედეთ განახლებულ ფასებს და შევუკვეთეთ კერძები + 2 ცალი 750 მლ ბოთლი წყალი და ცივი ყავა ნაყინით. სასიამოვნო საღამოს ბოლოს მოვიმარჯვეთ ანგარიშის ფურცელი, რომ გერმანულად დაგვეთვალა ჩვენ-ჩვენი გადასახდელი და ვხედავ, რომ წყლის თანხა არასწორად წერია – 16 ლარი. ქეთიმ, ჩემმა საოცრად ოპტიმისტმა მეგობარმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გულშიც არ გაუვლია, რამე ცუდი ეფიქრა, დავუძახოთ მიმტანს, შევასწორებინოთო. მოვუხმეთ, მოვიდა და ზრდილობიანად მივუთითეთ, რომ  მხოლოდ 2 ბოთლი წყალი გვქონდა აღებული. მიმტანი გოგონა, ცოტა მორცხვი და ძალიან საყვარელი, უსიამოვნოდ აიწურა, მზერა განზე გააპარა და იცით, 8 ლარი ღირს წყალიო. წუთიერი დუმილი. გაიმეორე-მეთქი, ვუთხარი. თქვენ წარმოიდგინეთ, გაიმეორა.  წუთიერი მდუმარე შოკის შემდეგ ისეთი ისტერიული სიცილი აგვიტყდა ოთხივეს, ვეღარ ვჩერდებოდით. საწყალი სულ დაიბნა, ვერ მიხვდა ასე უსასრულოდ, ტირილამდე რატომ უნდა  გვეცინა დაგოიმებულ საკუთარ თავებზე,   მეტეხის ზღაპრული ხედით „გაპრავებულ“,  წყლის ქვეყანაში 8,80 ლარად მორთმეულ ბოთლ წყალზე და უხერხულობაზე, რომელიც „ტიფლისის“ მენიუს თავხედმა შემოქმედმა „ბახმაროს“ შემქმნელთან  კოჰაბიტაციით ასე წარმატებით მოგვგვარა. ასე გადავიხადეთ ორ ბოთლ „ბახმაროში“ დაახლოებით 18 ლარი.

ჰო, ნუ ცივი ყავის 14 ლარი აბა რა მოსატანია  ახლა აქ…

  1. მეოთხე შემთხვევა სასტუმრო “Coste”-ს რესტორანში იყო დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ, სადაც ზემოთ აღნიშნული “ბახმარო”, ოღონდ 0,2 მგ-იანი, ანუ სულ რაღაც ხუთიოდ ყლუპი, 3 ლარი ღირს. ღმერთო ჩემო, „ბახმარო“, ძალიანაც მოგვწონს შენი გადასარევად ახალი, ლამაზი, ლურჯი დიზაინი, მაგრამ ისე ნუ იზამ, რომ შენს ყოველ დალევაზე ჩვენც გავლურჯდეთ.

ბახმარო იქეთ იყოს და “Coste”-ს მიმტანი გოგონა, რომელსაც  ჩემი  მდიდარი უსიამოვნო გამოცდილების გათვალისწინებით „ბრაუნი“ ხმამაღლა და გამოთქმით შევუკვეთე, თან ყოველი შემთხვევისთვის თითითაც ვუჩვენე მენიუში, ჩეკის წარდგენის შემდეგ აბსოლუტური თვითდაჯერებით მიმტკიცებდა, რომ თურმე, მე შოკოლადის ფონდანი მივირთვი „ბრაუნის“ ნაცვლად 🙂

ვეუბნები – „ბრაუნი“ შეგიკვეთეთ და ნამდვილად „ბრაუნი“ მივირთვი, რატომ მიწერთ ანგარიშში ფონდანს? – არა, ფონდანი შემიკვეთეთ და ფონდანი მიირთვით – იყო დაჟინებული პასუხი. ვახ, აი რა გინდა რომ ქნა?! გაჯიუტებული მიმტანი ვერც  ჩემი სუპერ-კახელი და სუპერ-მართალი მეგობრის – ირმას მხრიდან ჩემს მიერ ბრაუნის პატიოსნად მირთმევის ფაქტის ხმამაღალმა დადასტურებამ ჩამოსვა ვირიდან, ვერც ელენემ და ქეთიმ დაარწმუნეს, რომ ნამდვილად „ბრაუნი“ შევუკვეთე, მოკლედ, განა რამდენ ხანს ვივიშვიშებდით და კი გადავიხადე ფონდანის 14 ლარი, ნაცვლად „ბრაუნის“ 7 თუ 8 ლარისა. ეს ამბავი „გრატოს“ 6 ლარიანი პარკინგით რომ დაგვირგვინდა, პირველად შევფიქრიანდი, რომ მგონი დროა, მე და ჩემი გოგოები იაფფასიან დუქნებზე სერიოზულად დავფიქრდეთ.

ჭირი იქა, ლხინი აქა..

Advertisements
This entry was posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to მდიდრების წყალი, ანუ რაც შემდეგ მოხდა, გაგაოცებთ

  1. Author says:

    მდააა…
    მაღალი ფასები თითქოს არ უნდა მიკვირდეს რესტორნებისგან, მაგრამ ამათ მართლა ზედმეტი მოსვლიათ!
    კარგია, რომ დაწერე – ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს.

    • Author,
      იდეალური იქნება, თვითონ კაფე-ბარებმა გაითვალისწინონ და გამოასწორონ თავიანთი არაადეკვატური მენიუები, მაგრამ სადაა?..

  2. Lord Vader says:

    შენ თუ ინტრიგანი არ ხარ მარკო პოლოს პარკინგში 50 ლარი შვლიპე და გრატოს 6 ლარი დაგენანა???”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s