უკიდეგანო შანხაი – ნაწილი 2

მეორე დღეს სასტუმროს მეორე სართულზე განსაკუთრებულად მოწყობილ და განათებულ ლამაზ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა „ოპლეს“ პარტნიორთა შეხვედრა. პირველი სიტყვა წარმოთქვა  კომპანიის საგარეო დეპარტამენტის შეფმა – ერთმა მომცრო კაცმაცუნამ, რომელიც ყველაზე უკეთ საუბრობდა ინგლისურად, თან იუმორიც უჭრიდა, მოკლედ, კარგი ტიპი იყო.

ეს სიმპათიური ყმაწვილი ჩემგან მარჯვნივ “ოპლეს” ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.

აქაც მუშაობენ 🙂

საღამოს გალაზე სცენა განსაკურებული პატივისცემით და ოვაციებით დაუთმეს მადამ მა-ს – „ოპლეს“ დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს. მა – ეს არის ყოჩაღი ქალბატონის გვარი, რომელიც თავში უდგას ჩინეთის ერთ-ერთ ყვეელაზე წარმატებულ განათების კომპანიას, რომელიც მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით ფლობს (ახლა ღრმად ამოისუნთქეთ…) 3 000 დიდ პავილიონს და 20 000 მაღაზიას !!! იეს.  ასე რომ, მარტივად რომ ვთქვათ, მადამ მა, რომელმაც ერთი სიტყვა ინგლისურიც არ იცის, ჩვეულებრივი მილიარდერია, იცვამს მხოლოდ თეთრ ტანსაცმელს ნაციონალური შტრიხებით, რომელსაც რომელიღაც გამოჩენილი ჩინელი დიზაინერი უკერავს,  და არის  ისეთი ხალისიანი და საყვარელი, რომ გულმა ვერ გაუძლო შორიდან ეყურებინა ჩემი ფოტოსესიისთვის „ოპლეს“ ნათურების და ბანერის ფონზე და სასწრაფოდ შემომიერთდა.

ჩინელების კიდევ ერთ თვისებაზე მინდა აუცილებლად მოგიყვეთ, რაც მალევე შევნიშნე და ირაკლიმაც დამიდასტურა. ჩინელებს აქვთ ხაზგასმული განცდა   სუბორდინაციის, მათთვის ძალიან ორგანულია განსაკუთრებული მოწიწებით მოეპყრან უფროსს, შეფს, პატრონს, რასაც არა აფერისტულად, ანგარებიანი მიზნით, არამედ ბუნებრივად აკეთებენ, თითქოს სისხლში აქვთ გამჯდარი ეს თვისება.  საღამოს, სანამ მადამ მამ სიტყვა არ დაასრულა, არც ერთმა ჩინელმა თანამშრომელმა – მაღალი თანამდებობის პირებმაც კი, რომლებიც გვერდით მესხდნენ, არ მიიკარეს სადილი პირთან, არადა, ჩვენ უკვე სანახევროდ დანაყრებულები გახლდით, რადგან ძვირფას მადამს საკმაოდ გაუგრძელდა სიტყვა. შემდეგ, სანამ მასთან ფოტოს გადავიღებდით, ჩინ ჩინს ვუთხარი, მოდი, სანამ მა დაკავებულია, ჩვენ ვიფოტოსესიოთ მეთქი და არაო, ჯერ იმასთანო, მერე ჩემთანო, ცოცხალი თავით არ გადაიღო. აი მეც თქვენსავით გაკვირვებული ვიყავი. სიმართლე გითხრათ, არის რაღაცნაირი ადამიანური ხიბლი ამ უცნაურ, დისციპლინურ მოკრძალებაში.

ამ გოგოებმა ძალიან გვასიამოვნეს 

ჩინელებში ასევე ძალიან „მოსული პონტი“ ყოფილა ნეპოტიზმი, აი ხედავთ, რამდენი საერთო გვქონია? თურმე, უფროსის ნათესავ-მეგობრები უპრობლემოდ მიიღებიან სამსახურში, თუმცა, შემდგომში სამსახურებრივი  წინსვლა უკვე მათი დამსახურებების ობიექტური შეფასების მიხედვით გრძელდება. ასე მაგალითად, ზემო ფოტოზე ირაკლის გვერდით მდგარი პატივცემული ლილო მადამ მას ბიძაშვილია.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩინელებს საუკეთესო მასპინძლობა სცოდნიათ და ამ საოცარი მასპინძლობის ფარგლებში კი განსაკუთრებულად  ფიანდაზად გვეგებოდნენ  ჩვენ – „ახალი ნათების“ წარმომადგენლებს. ცოტა ვწუხდი კიდეც, იმდენად ყურადღებიანები და ზედ გადაყოლილები იყვნენ. „ოპლეს“ იმდენად მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ჩვენ არც ერთი ცენტი არ უნდა გაგვეღო, რომ შანხაიში ყოფნის მესამე დღეს აღმოვაჩინეთ რომ სულ რაღაც 100 დოლარი  გვქონდა დახარჯული, ისიც გაჭირვებით და დიდი ძალისხმევით.  ბევრი ვიცინეთ და ეს ამბავი ჩინ ჩინს რა თქმა უნდა დავუმალეთ, რომ არ ენერვიულა.

ერთი დღე იკამ „ოპლეს“ ჩემს სასარგებლოდ წარსტაცა და გადაწყვიტა სულ ცოტა შანხაი მაინც დაეთვალიერებინა ჩემთვის. ასე აღმოვჩნდი ამ გიგანტური ქალაქის ძველ და ლამაზ უბანში, უძველეს მოკირწყლულ ქუჩებზე სულ კლასიკური ჩინური არქიტექტურის მორკალულ-ქონგურებიანი შენობები იყო ჩამწკრივებული.

ვიყავით ჩინეთის ერთ-ერთი ჩინური დინასტიის იმპერატორის მიერ აშენებულ საზაფხულო რეზიდენციაში  – იუიუას ბაღში, რომელიც მართლა ულამაზესი იყო. მოვინახულე ბუდისტური სამლოცველო, რომლის დათვალიერებაც ძალიან მაინტერესებდა. ისეთი ლამაზი და უცნაური იყო გიგანტური ოქროსფერი ბუდათი და სხვა წმინდანების ქანდაკებებით, ვერ აგიხსნით. სამლოცველოს ეზოში რაღაც სპეციალურ მაშხალებს წვავდნენ და აბოლებდნენ, როგორც მივხვდი, დაახლოებით ქრისტიანული სანთლის დანთების მსგავსი რიტუალი იყო.

ამ ბებოებს რომ მივუჯექი, თქვენთან ფოტო უნდა გადავიღო-მეთქი, მეტი დარდი არ გვაქვსო, ჩინურად გამიპროტესტეს და გვერდზე გაიხედეს. როგორი მედიდურები და საყვარლები არიან :)) ❤

ძალიან მინდოდა შემეძინა  ჩინური ნაციონალური სამოსი. ჯერ გადავწყვიტე ყელთან ნაჭრის ღილებით შეკრული  ყვავილებიანი ულამაზესი კაბა მომერგო, მაგრამ იმხელა ჭრილები ჰქონდა მარჯვნივ და მარცხნივ, თინა მახარაძის ანკაც კი ვერ გარისკავდა „ჩემი ცოლის დაქალებში“ მაგის ჩაცმას.  თვითონ რა ენაღვლებათ, ჩინელ გოგოებს ისეთი მინი  აცვიათ, დუნდულებს ძლივს უფარავთ, მერე რა, რომ 90%-ს დაგრეხილი ფეხები აქვს, სულ არ აინტერესებთ.. მოკლედ, საბოლოოდ ძალიან ლამაზი ჩინური ბლუზა და ნაციონალური ნაქარგებიანი ლაბადა ვიყიდე, სუვენირები მივამატე, ვიღაც იქაურმა მწერალმა (მეო Famouse wrighter ვარო, ასე მითხრა) ჩემი სახელი ჩინურად დამიწერა, ჩარჩოში ჩამისვა და ისე გამომიშვა.

20150609_225019_zpsyzo5wxxp.jpg (576×1024)

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ჩინეთში უნდა წახვიდეთ – ჩინური მასაჟია. ჩასვლის დღიდან მამზადებდა ირაკლი, მაგარი სიამოვნება გელის წინო, იკას კი  ჩინეთთან და ყველაფერ ჩინურთან დაკავშირებით ნამდვილად დაეჯერება, 18-ჯერაა ნამყოფი. მოკლედ,  ჩინ ჩინს  საგანგებოდ  ვთხოვეთ კარგი მასაჟ-ცენტრის მისამართის გაგება. იმან თავი გაიგიჟა, გამოგვყვა და თვითონ (ანუ „ოპლემ“) დაგვპატიჟა მასაჟზე, რომელიც მინდა გითხრათ,  ძვირი სიამოვნებაა. ჩერის არჩეული მასაჟ-ცენტრი შანხაის ცენტრალურ უბანში ერთ-ერთი ძალიან მაგარი სასტუმროს მეათე სართულზე იყო განთავსებული. ავედით,  ორი ყოჩაღი მასაჟისტი ქალი შეგვიძღვა მყუდრო და ძალიან კოხტა  ოთახში, რომელიც მთლიანად წითელი ხით და ჩინური ორნამენტებით იყო გაწყობილი – კედლები, იატაკი,  მასაჟის მაგიდები, შემოგვიტანეს სურნელოვანი ჩინური მწვანე ჩაი და ბაბუაჩემს რომ ეცვა ხოლმე ისეთი კარლსონი-პიჟამები, იქვე დაგვილაგეს, ესენი ჩაიცვითო და   ღიმილიანი თავის კანტურით გავიდნენ. ჩავიცვით ეს პიჟამები და თან გული მიგვდის სიცილისგან, თურმე როგორ ვგავარ ბაბუას. ცოტა ხანში მოგვიკაკუნეს, შემოვიდნენ, მაგიდებზე გაგვიფინეს და დაიწყეს, მაგრამ რა დაიწყეს. ჩემმა ჩინელმა ჯერ ზურგზე ქილები დამაკრა, მაგრამ სასოწარკვეთილი კვნესა რომ აღმომხდა ტკივილისგან, სასწრაფოდ მომხსნა. შენი ჭირიმე, მოდი, პირდაპირ ბოდი მასაჟზე გადადი-მეთქი, ინგლისურად ვთხოვე, რა თქმა უნდა, ვერ გაიგო, მაგრამ ალბათ იგრძნო და  ინსტინქტურად შეუდგა ჩემი თხოვნის შესრულებას. სარელაქსაციო მასაჟის ნაცვლად, რომელიც მე მინდოდა, ჩერჩეტ ჩინ ჩინს კლასიკური ჩინური მასაჟი შეუკვეთია, ჰოდა, ამ კომპაქტურ ჩინელ ქალს ამდენი ძალა საიდან ჰქონდა ხელებში დღემდე ვერ ამოვხსენი, ყველა კუნთი, ძვალი და სახსარი გამიშალ-დამიშალა. რომ ავდექი ახლიდან დაბადებულივით ვგრძნობდი თავს, თუმცა პროცესის სიამოვნების რა მოგახსენოთ.. მაგრამ ამას რაც მოჰყვა, ის ნამდვილად ღირს კიდევ ერთხელ შანხაიში თუნდაც ფეხით ჩასვლად. ფეხების მასაჟი („foot massage”) ცალკე შეთავაზებად წერია ჩინური მასაჟების ცენტრების მენიუში და იცოდეთ, რომ სამოთხეში ერთ საათიან უწყვეტ ფრენას ნიშნავს. ეს არის წარმოუდგენელი სიამოვნების, რილექსის და განტვირთვის უნიკალური საშუალება, რომელიც მართლა არასდროს დამავიწყდება, ახლაც კი ჟრუანტელი მივლის ტანში, რომ მახსენდება.

ორიოდე სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვა შანხაელ გოგოებზე, რომლებიც, როგორც იკამ მითხრა,  განსხვავდებიან ჩინელი გოგოების საერთო მასისგან. ძირითადად სასტუმროს ბინადრებს ვაკვირდებოდი. ძალიან მომწონდნენ. წარმოიდგინეთ,  გამხდრები,  ჯოხივით სწორი, შავი თმით, რომელსაც ან იშლიან, ან სადად იკრავენ, ზოგი იხვევს, ოდნავ გაღუნული გამხდარი ფეხებით, ფერმკრთალები, თხელ კანზე ციფერი  სისხლძარღვები უჩანთ, ლამაზი მაკიაჟი, ულამაზესი კაბები პირდაპირ პოდიუმიდან, ფეხზე ლაბუტენი, ხელში ტრენდული ჩანთები. ძალიან მოვლილები და ლამაზები. მინი-პოდიუმი მქონდა ყოველ დილას ბრექვესთ-რუმში, თვალს წყალს ვასმევდი. რა თქმა უნდა, ანალოგიური არ ხდებოდა ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, სადაც ყველანაირი ხალხი მოძრაობს. საერთოდაც, შანხაი საოცარი კონტრასტების ქალაქია. ერთ ქუჩაზე რომ  ცათამბჯენების, რესტორნების, სასტუმროების, ლამაზად ჩაცმული ხალხის ყურებით გაბრუვდები, გვერდით შეუხვევ თუ არა, უღარიბეს კვარტალს აღმოჩნდები – პირდაპირ ქუჩაში დაყრილი ნაგავით და ჩამოძონძილი ხალხით.  კერძებს ქუჩაშივე, ნაგვის გროვის გვერდით ამზადებენ და იქვე მიირთმევენ, ირაკლი მთავაზობდა, მიდი,9 თუ გშია, დაუჯექი აქვე, კალთაში გაგიშლიან სუფრას და გაჭმევენო.

როგორც ჩინ ჩინმა და მისმა დაქალმა გვითხრეს, შანხაელი ბიჭებიც გამოირჩევიან დანარჩენი ჩინელებისგან და  ყველაზე კარგი ტიპები არიან.  მათი კარგი ტიპობა კი თურმე იმაში მდგომარეობს, რომ რბილი, დამყოლი ხასიათი აქვთ, კარგი ქმრები არიან და საკუთარ თავს თავად უვლიან. შანხაელი ბიჭები სარეცხს და ჭურჭელსაც კი რეცხავენ, და რამე რომ იყოს, საჭმელსაც გააკეთებენ, ამიტომ ყველა გოგოს უნდა შანხაელ ბიჭს გაჰყვეს ცოლადო, ჩინ ჩინმა.

მოკლედ, ასე დასრულდა ჩემი შთამბეჭდავ ჩინური ვოიაჟი, რომელსაც კვლავ 13 საათიანი ფრენა, დროში გადაკარგვა, დაღლა მოჰყვა და ბოლოს ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელ და ტკბილ ორ ბიჭთან ჩახუტებით დასრულდა.

Advertisements
This entry was posted in იმოგზაურე თაკოსთან ერთად and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s