უკიდეგანო შანხაი – ნაწილი 1

shanghai-contact-1931შორეული, ეგზოტიკური ჩინეთის ნახვა დიდი ხანია ძალიან მინდოდა.  საერთოდაც, ნეტავ  თუ არსებობს ადამიანი, ვისაც არ აინტერესებს ეს გიგანტური ქვეყანა, რომელიც 1,4 მილიარდ მაცხოვრებელს და მსოფლიო ეკონომიკას ასეთი წარმატებით მართავს? მემგონი არა.

ჩემი მოგზაურობა ამჯერადაც „ახალ ნათებას“ უკავშირდება, კომპანიას, სადაც ჩემი ძვირფასი მეორე ნახევარი 16 წლიდან მუშაობს და მას საკუთარი ოჯახისგან იმ უბრალო მიზეზით ვერ გამოარჩევს, რომ სწორედ იქ  არის მისი  დიდი და ნამდვილი ოჯახი. „ახალი ნათება“ ჩინეთში განათების სფეროს ერთ-ერთმა  ლიდერმა  კომპანიამ „ოპლემ“ (“OPPLE”) დაპატიჟა სხვა ქვეყნებში თავის სხვა პარტნიორებთან ერთად. მე და „ოპლემ“ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანით, დაქორწინების შემდეგ ჩვენი ახალი სახლის განათების 50%  მისი სანათებით რომ დააკომპლექტა ირაკლიმ და  აგერ უკვე 8 წელია ბედნიერად ვცხოვრობთ მე და „ოპლე“ ერთად, ერთ ჭერქვეშ. წინ საკმაოდ ხანგრძლივი ფრენა გველოდა – თბილისი-ბაქო-დოჰა-შანხაი. აქვე ორი სიტყვით შევეხები „კატარის ავიახაზებს“, რომლითაც პირველად ვიმგზავრე. გავრცელებული ხმებით 5 *-იანი ავიახაზებით მგზავრობა სასწაულად კომფორტული და სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ მოარულ ხმებს დიდად ვერ დავეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ „ყატარს“ გადასარევად ახალი, ბუთქუნა ბოინგები ჰყავს, სერვისის მხრივ აშკარად მოიკოჭლებს. პირველ გზაზე დაბნეულმა ბორტ-გამცილებელმა ჯერ იყო და სამჯერ გაგვამეორებინა რას მივირთმევდით, შემდეგ გამოგვიცხადა „ბიფის“ (ხბოს ხორცი) კერძი აღარ გვაქვსო, რომელიც, სხვათა შორის, მგზავრობის ყოველ ჯერზე მაინცა და მაინც ჩვენამდე თავდებოდა (ოჯახაშენებულო, ბილეთის ორი ათასი ლარი კარგად ჩაირიცხე თითო კაცზე და ბიფზე მაწუწუნებ..?) და ბოლოს, დოჰა-შანხაის გზაზე ერთ-ერთი „ხუთ ვარსკვლავიანი“ სერვისის ჩატარებისას, კერძოდ, რომელიღაც პატიოსნად ჩაძინებული მგზავრისათვის დაბადების დღის მილოცვის ზარზეიმულ პროცესში, შავტუხა სტიუარდესამ მირთმეული შოკოლადის ტორტის  თავსახური პატივცემული იუბილარის გვერდით წყნარად მჯდარ მგზავრს ჩამოაცვა თავზე. მოკლედ, ასე ხალისით ვიმგზავრეთ ჯამში 13 საათი და ჩემს ცხოვრებაში პირველად დავდგი ფეხი ჩინეთის მიწა-წყალზე. სულ მეუბნებოდა ირაკლი, სანამ შანხაიში არ ჩახვალ  და ამ ქალაქის მასშტაბებს საკუთარი თვალით არ იხილავ, სულ ტყუილად შეიქმნი წინასწარ წარმოდგენებს,  რეალობა მაინც სულ სხვა დაგხვდებაო. მე ვპასუხობდი, დუბაი და ბურჯი ხალიფა მაქვს უკვე ნანახი და ნამდვილად მოუწევს შანხაის, ცოტა რამ განსხვავებული შემომაგებოს, რომ გამაკვირვოს მეთქი. კაიო და ჩაიღიმებდა. აეროპორტიდან მანქანაში ჩამჯდარი და ქალაქში გამოსული აღმოვჩნდი უკიდეგანო სივრცეში, სულ სხვა სამყაროში, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე წარმოდგენაც არ მქონია – უზარმაზარში, უსაზღვროში, ულევში. მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ, დაუსრულებლად. გარშემო ქუჩები, ესტაკადები, უგრძელესი ხიდები,  უზარმაზარი  და ულამაზესი შუშის შენობები, გგონია, არასოდეს მიხვალ დანიშნულების ადგილამდე, შენ – ერთი პატარა ჭიანჭველა დაცოცავ ქალაქში, სადაც 25 მილიონი შენნაირი, ოღონდ ცოტა უფრო წვრილთვალა, დაუზარელი და მშრომელი ჭიანჭველა დაფუსფუსებს და ცხოვრობს. ამ ქალაქის მასშტაბებს ვერც თვალი სწვდება, ვერც გონება და ვერც ფანტაზია. ისე წამოვედი შანხაიდან, რომ გარესამყაროს აღქმის სამივე განზომილება ხახამშრალი და გაოცებული გამოვიყოლე.

საღამოს 5 საათისკენ, აეროპორტიდან 1,5 საათის მგზავრობის შემდეგ  ოპლეელებმა Marriot-ში დაგვაბანაკეს, ნახევარი საათი მოგვცეს დასასვენებლად და  იაპონურ რესტორანში დაგვპატიჟეს. ჩვენც ავედით ჩვენს კოხტა ნომერში, შხაპი მივიღეთ, გამოვიცვალეთ და ლობიში ჩამოსულები პირდაპირ მივადექით ჩინ ჩინს, იგივე ჩერის, 34 წლის კუსკუსა, გაფშეკილთმიან ჩინელ გოგოს ვარდისფერ მოკლე კაბაში, რომელიც კურირებს „ოპლეს“ გაყიდვებს საქართველოში. ძალიან საყვარელია 🙂

DSC_0121_zpswkpbnk0f.jpg (687×1024)

DSC_0155_zpsvqapp1ks.jpg (800×537)


აქვე მინდა გითხრათ ერთი ჩინური სტანდარტის შესახებ: ის ჩინელები, რომლებსაც უცხოელებთან კონტაქტი უწევთ, იმისათვის, რომ ურთიერთობა გაამარტივონ და თავსატეხები არ გააჩინონ, ირქმევენ საერთაშორისო სახელებს, ასე მაგალითად: ჩვენს ჩინ ჩინს 3 სახელი აქვს, ერთი ჩინური ჩინ ჩინი, ჩვენთვის ჩერია, ხოლო როცა მოსკოვში ცხოვრობდა, თურმე არც მეტი, არც ნაკლები ნაძეჟდაც კი რქმევია. მე თუ მკითხავთ, ყველაზე საყვარელი მაინც ჩინ ჩინია და თან ძალიან უხდება. ჩერის გარდა შეიძლება შეგხვდეთ ჩინელი ადამი, ლუსი, მარკი და ა.შ.. კიდევ ერთი პატარა სტანდარტული დისკომფორტი, რომელიც ჩინეთის ისეთ ზე-განვითარებულ ქალაქშიც კი აქტუალურია, როგორიც შანხაია – ძალიან ცოტა ჩინელმა იცის ინგლისური (რუსულიც). დაგტანჯავენ, მერიოტშიც კი მხოლოდ კონსიერჟებმა და რამდენიმე ოფიციანტმა იცოდა ინგლისური, სხვებს ხელების ქნევით და მილიონი ჟესტიკულაციის დახმარებით გაჭირვებით ვაგებინებდით  რა გვინდოდა, ხან ჩერის ვიხმარებდით, რომელიც კაბის შლეიფით სულ თან დაგვყვებოდა.  ცალკე ჩახლართული თემაა ტაქსი და ტაქსის მძღოლები ხელზე უგრძელესი ფრჩხილებით, რომლის მსგავსიც, სტუდენტობის დროს სუპერ-მოდური გრძელი ფრენჩ-მანიკურით რომ დავდიოდი ხოლმე, მაშინაც კი არ მქონია. ჩინელ ტაქსისტებს, რომლებმაც „ჰელოუ“-ს მნიშვნელობაც კი არ იციან, გაჭირვებით ვაგებინებდით დანიშნულების ადგილს, არადა, რუკას ფაქტიურად სახეზე ვაფარებდით. „ჰა ჰუი ნი მუ.. და ასეთი გაუგებარი ჰუჰუებით ხმამაღლა გვიბრაზდებოდნენ, რომ ვერ გვიგებდნენ, თან ხელებს აქნევდნენ ჰაერში, „აჰაა, შე ჩემისა, ხომ გაჩვენებ რუკაზე, ეს დედააფეთქებული, შეხედე და წაგვიყვანე რა“  – ხმამაღალ ნოტაში ეხმატკბილებოდა საპასუხოდ ირაკლი, ის ისევ ვერ ხვდებოდა და შესაბამისად, „ჰიჰუ“ და „შეჩემა“ უფრო დაძაბულ და მაჟორულ ფაზაში გადადიოდა,  ბოლოს ასე მხიარულად, რაღაც ძალებით მივაღწევდით დანიშნულების ადგილს. მოკლედ, პირველივე საღამოს ჩინ ჩინმა თავის ოპლეელ დაქალთან ერთად ჩვენ და რუსი პარტნიორები წაგვიყვანა ერთ ძალიან საყვარელ შოფინგ კვარტალში, სადაც ერთ-ერთი მაღაზიის თავზე იყო განთავსებული იაპონური რესტორანი. შანხაიში გამგზავრებამდე ირაკლიმ პატიოსანი სიტყვა ჩამომართვა, რომ იქ მაინც გავსინჯავდი ზღვის პროდუქტებს (რომელსაც ვერ ვიტან).


eea0affa-0397-4566-a447-774948317e31_zpshqxmock6.jpg (576×1024)

cf1522ff-e8ac-4889-b45a-5c613a44f7fb_zpsipckcyu8.jpg (576×1024)

ცოტა ხნის წინ ინტერვიუს დროს ნათია ფანჯიკიძემ მითხრა, ყველა ქვეყანა და ქალაქი იმ კერძების გემოსთან და სუნთან ასოცირდება, რაც იქ გხვდება, თუ საჭმელი გემრიელია, მაშინ გიყვარდება იქაურობა, თუ არადა გულს გარეთ ჩაივლის ყველაფერიო. მოდი და არ დაეთანხმო. იაპონურმა რესტორანმა კულინარიული ზეიმი მოგვიწყო ნაირ-ნაირი თევზეულით – ფრი, ფრილზე შემწვარი, ზეთზე შეხრუკუნებული, უმი და სულ ახალთახალი, სუში-მუში და ასე შემდეგ. სუშის ამჯერადაც ვერაფრით მივეკარე უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად. ყველაზე გემრიელი იყო იაპონურ სოუსებში ამოვლებული უთხელესი ნაირ-ნაირი სტეიკები, რომელიც უმად მოჰქონდათ და ჩვენვე ვწვავდით იქვე მაგიდაში ჩამონტაჟებულ გრილზე. ზღაპრულად გემრიელი იყო.

3aed24b2-114f-4f81-b961-d3595a0dc9cb_zpsgjdxfcbz.jpg (800×450)

სასტუმროში ძირითადად ზღვის პროდუქტებით გვიწყობდნენ საოცარ ნადიმებს, ირაკლი – ბედნიერი, მე – “თავშეკავებულად” მოწყენილი. ვიჯექი და ჩუმად შევყურებდი როგორ ბედნიერად წელავდა ჩემი გურმანი ქმარი მსოფლიო-სამზარეულოში დელიკატესად აღიარებულ საძაგელ ლორწოიან ხამანწკებს, როგორი სახეგაბრწყინებული ტეხავდა  მიდიებს და ნთქავდა უმ თევზებს, თან პარალელურად გამოთქმით და არგუმენტირებულად მიზიარებდა თავის აზრს ჩემს,  როგორც ამ ქვეყნად ყველაზე გოიმი გურმანის შესახებ. ერთადერთი, რაც დიდი სიამოვნებით მივირთვი ჩემს ცხოვრებაში პირველად, იყო კრივეტები. სიწითლემდე შებრაწული, სულ მთლად მეგრული წესით მომზადებული, წიწაკით და რაღაც უცხო სოუსებით შეკმაზული, მოგვართვეს ერთ-ერთ ჩინურ რესტორანში, ჩერიმ აგვიხსნა, ჩინეთის ერთ-ერთი რეგიონის სამზარეულოს კერძებიაო, ისეთი გემრიელი იყო, ისეთი… აი ეს იყო:

DSC_1559_zps2nldl6wa.jpg (800×450)

პირველი ნაწილის დასასრული 😉

Advertisements
This entry was posted in იმოგზაურე თაკოსთან ერთად and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to უკიდეგანო შანხაი – ნაწილი 1

  1. Lord Vader says:

    ვინ რა ენას სწავლობს და კულტურას ისეა ძირითადად.
    მე ბევრი ფრანგულენოვანი ჩინელი შემხვედრია საქმიან გამომდინარე. თუმცა ერთი ნადეჟდა მეც ვიცი.

    • მიაგნეს რა, გამოსავალს 🙂
      აბა ჰინჰუნჰუუუები რომ დაიმახსოვრო გაცილებით მეტი დრო გჭირდება, ვიდრე ჯუზეპე ან მარკზე.

  2. giga says:

    მართლა მაგარი ქვეყანაა,აღფრთოვანებული დავრჩი. არა მარტო მასშტაბებით, წესრიგითაც. სანამ შანხაიში ვიყავი გზებზე საცობები არ მინახავს და მეტროში ხალხით სავსე ვაგონები. არადა მოსახლეობის რაოდენობა უკვე 30 მილიონია და ყოველ წელს ემატება 2-3 მილიონი პროვინციებიდან. ჩინური სამზარეულო ისედაც მიყვარდა მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შანხაის სამზარეულო განსხვავდება დანარჩენი ჩინეთისგან და ფანტასტიურია.
    ისე უკან რომ ვბრუნდებოდი ჩვენი ბიზნესმენები გავიცანი, შემომჩივლეს ორი კვირაა მშივრები ვართო, ისე ყარდა იქაურობა მარტო ჰამბურგერებს ვჭამდითო. ბევრი ვიცინე.
    ოქტომბერში ისევ მივდივარ შანხაიში და მერე დავწერ შთაბეჭდილებებს დაწვრილებით

  3. საინტერესოა აზიური კულტურა. თავის ხიბლი აქვს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s