ფიტნეს-აფიორა ანუ კლიენტო, სარბენ ბილიკზე ნაბიჯით იარ!

yowoto-women-running-on-treadmill-in-gymმთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გონებაში ვამუშავებ აზრს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში ფიზიკურ აქტივობას და ვარჯიშს, თუმცა, უნდა ვაღიარო, ბრტყელ-ბრტყელი იდეების მიუხედავად ისე გავლიე ბევრი წელიწადი, რომ მე და ფიზიკური კულტურა მხოლოდ შორიდან თუ მივესალმებოდით ერთმანეთს, თუ არ ჩავთვლით 5 წლის ასაკიდან მე-9 კლასამდე პერიოდს, როცა ქართულ ხალხურ ცეკვებზე დავდიოდი და შესაბამისად, მთელი დატვირთვით ვიხარჯებოდი  რეპეტიციებზე. და აი, მივაღწიე ყველა ქალისთვის საკრალურ და პატივსაცემ  ასაკს – მის უდიდებულესობა ოცდაათს და სერიოზულად ჩავფიქრდი. ფიქრის შემდეგ კი მივხვდი, რომ თუ ახლავე არ შევიცვლი ცხოვრების წესს და შესაბამის პატივს არ მივაგებ ჩემს სხეულს, ისიც გადაწყვეტს ადეკვატური გულგრილობით უპასუხოს ჩემს უყურადღებობას და ფეხზე დამიკიდოს.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავიწყე სატრენაჟორო დარბაზების მოძიება. სწორედ ამ დროს წავაწყდი ინფორმაციას „ფიტნეს-პლაზას“ (FITNESS PLAZA) შესახებ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ჩემი სამსახურის გვერდით, 2 წუთის სავალზე- გორგასალის ქუჩის N4ა-ში ყოფილა განთავსებული. სასწრაფოდ ვესტუმრე, დავათვალიერე და კმაყოფილი გამოვბრუნდი. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე ვტკეპნე გონებაში საკუთარი გადაწყვეტილება  მე – გაზულუქებულმა, გაზარმაცებულმა ქართველმა ქალმა და ბოლოს სინდისმა და ქოშინიან-ცელულიტიანი მომავლის შიშმა გადაწონა, თავის წასახალისებლად „ავთანდილის“ სპორტული მაისური ვიყიდე, შავი დღისთვის გადანახული, ირაკლის ჩამოტანილი ულამაზესი სპორტული ფეხსაცმელები ვიპოვე და წავედი.

მანამდე „სვუპზე“ 5 ლარად შევიძინე 50 ლარის ღირებულების აბონიმენტი, რომელიც აქციის გარეშე 85 ლარი ღირს. დარბაზი საკმაოდ იმედიანად გამოიყურებოდა  8 სარბენი ბილიკით და თხუთმეტიოდე სხვა სატრენაჟორო მოწყობილობით, რომელთა დანიშნულება ახლაც არ ვიცი. იქვე ფუსფუსებდა მწვრთნელი. დიდი ამბით გამოვიცვალე, ყურსასმენები გავიკეთე, ბონო მოვმართე, დაქალებს ვაიბერში ამაყი I DID IT ! მივწერე და დავიწყე სარბენი ბილიკით: ჯერ სიარული, შემდეგ ოდნავ ავუჩქარე, გავიდა რამდენიმე წუთი და უცბათ,  „STUCK IN THE MOMENT”-ის სადღაც შუა ნაწილში ვიგრძენი, რომ ბილიკმა წაიბორძიკა და უკან მომისროლა. ვახ. საკუთარ ორიენტაციაზე შეფიქრიანებულმა თავიდან მოვმართე ტრენაჟორი და ახლა პირდაპირ სირბილზე გადავედი, ბილიკმა ჯერ წინ მიიზიდა  შრომას მოწყურებული ჩემი ფეხები, მერე  პირიქით – უკან და სანამ მე წონასწორობის დაცვას ვცდილობდი, ჩაკვდა. რამდენიმე წამი დაბნეულობიდან გამორკვევას მოვუნდი, შემდეგი წუთები მწვრთნელის მოძიებას და  დახმარების თხოვნას მივუძღვენი.  ბევრი რომ არ გავაგრძელო, მწვრთნელმა და იქვე ბილიკზე მოსიარულე (!) სხვა გოგონებმაც ერთხმად დამიდასტურეს, რომ სარბენი ბილიკები, აბსოლუტურად ყველა, მწყობრიდანაა გამოსული და თურმე „სირბილს რომ იწყებ, ჭედავს“. გაოგნებული ვუსმენ, მახსენდება, რომ დიდი ხანია ქართულ სერვისს ჩემთვის ასეთი მსუყე სიურპრიზი არ მოუწყვია და უმწეობისგან და ბრაზისგან მცხელა. სასწრაფოდ გავდივარ ადმინისტრატორ გოგონასთან, ვუხსნი მდგომარეობას და თანხის უკან დაბრუნებას ვთხოვ.

– ვერ დაგიბრუნებთ  – კატეგორიული პასუხი.

– გოგონა, არც ერთი ბილიკი არ მუშაობს გამართულად, მწვრთნელიც და სხვა გოგონებიც ამას მეუბნებიან, ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია სირბილი,  თუკი ვერ უზრუნველყოფთ შესაბამის მომსახურებას, ახლავე დამიბრუნეთ თანხა, რომ წავიდე სხვაგან და გრცხვენოდეთ, რომ მომხმარებელს ატყუებთ.

– ყველაფერიც მუშაობსს !!!!!! – შეუვალი სისინებს „ლ“ასის დეფექტის ხაზგასმული დემონტრაციით და თვალებში მიყურებს.

მგონია, რომ რაღაც ვერ გაიგო და თავიდან ვუმეორებ ტექსტს.

– გოგონიი, აქქ ყველაფერი მუშაობსს!!!! – ისევ იმავე ტონით, გამომეტყველებით და კიდევ ეს დამლბალი „ლ“..

ვჩუმდები, მეც თვალებში ვუყურებ და მთელი ძალებით ვცდილობ გამოვიცნო, როგორღა მივაწოდო ინფორმაცია მისი ტვინის ნახევარსფეროს იმ სათუთ ნაწილს, რომელიც მოსმენილის აღქმას, გაანალიზებას და ადეკვატური რეაქციისთვის სიგნალის გადაცემას უზრუნველყოფს. ბოლოს მივხვდი, რომ ამ მკვირცხლ, გონიერ არსებას ასე ვერაფერს გავაგებინებდი და პირდაპირ გეგმა ბ-ზე გადავედი.

– კარგით, გასაგებია. თუ შეიძლება, მენეჯერს დაუძახეთ.

– ვერა.

– …………………?? – შეგიძლიათ მითხრათ, რატომ?

– აქ არაა.

– მაშინ დაურეკეთ და დამალაპარაკეთ,

– ვერა გოგონე,

– რატომ??

-არ მაქვს უფლება,

– თქვენ აუხსენით სიტუაცია, მე არ დაველაპარაკები,

– ვერა,

– მაშინ ნომერი მომეცით, ან თუ გინდათ ჩემი ტელეფონით ისარგებლეთ თუ თქვენით ვერ რეკავთ..

– ვერა,

– აბა, რა გავაკეთო?

– ნუ მე რა ვიცი, არ ვაბრუნებთ ჩვენ ფულს, არ ხდება ეგრე,

– და მომხმარებლის მოტყუება „ხდება??!“ აფერისტობა და კლიენტის მოტყუება ჰქვია ასეთ საქციელს, რატომ გადამახდევინეთ თანხა, თუ იცოდით რომ ტრენაჟორები მწყობრიდანაა გამოსული??

-ვაიმეეე! აქ ყველაფერი მუშაობსს !!!

– ………………………………………

სახეზე რომ შემომხედა, ცოტა შეფიქრიანდა და ბოლოსდაბოლოს გამენდო, რომ  მენეჯერი საღამოს 9-ის შემდეგ მოვიდოდა.

10-ის ნახევარზე მისულს მენეჯერი არ დამხვდა, სამაგიეროდ ფორტუნამ ბოლომდე არ გამწირა და უდიდესი ბენეფიტი დამახვედრა ადმინისტრატორის მაგიდასთან – სულ სხვა რეგისტრატორი ბიჭი, გაცილებით სასიამოვნო და ზრდილობიანი, სახელად ილია. ილიამ მთხოვა მომეცადა მენეჯერისთვის, რომელიც მისი ვარაუდით მალე გამოჩნდებოდა, მაგრამ როცა მოცდამ აზრი დაკარგა, შემპირდა, რომ მისულ მეპატრონეს აუცილებლად აუხსნიდა ჩემს მდგომარეობას და მთხოვა, გადმომერეკა მოგვიანებით, რომ ტელეფონით გავსაუბრებოდი.

11 საათზე ილიამ ტელეფონში მაუწყა, რომ პატრონი შხაპს იღებს.

12-ის ნახევარზე ჯადოსნური ზარით შედგა ის ნანატრი სატელეფონო საუბარი, რომლის განხორციელების იმედიც უკვე მიწურვის ზღვარზე მქონდა.

„ფიტნეს-პლაზას“ დამფუძნებელ-მენეჯერმა პაატამ მოისმინა ჩემი საჩივარი და ყოველგვარი „ბოდიში“, „უკაცრავად“ ან „გვაპატიეთ“-ს ნაცვლად მეტად ორიგინალური სფიჩი შემომაგება რუსული აქცენტით:“ იციტ რა გოგონა, აი, ტქვენ რომ აქ მოდიხართ არა, ხომ ჩვენ გვანდობტ ტქვენს ჯანმრტელობას და სხეულს, მოდიტ, იარეტ ერტი კვირა, მწვრთნელის მეტვალყურეობის ქვეშ ივარჯიშეტ და სულ არაა საჩირო დაროჟკა, ტკვენს მიზანს ასეც კარგად მიაგწევთ.“

იძულებული გავხდი ამეხსნა,  რომ ერთადერთი, რაც მათ მომხმარებლის მიმართ ავალდებულებს, არის კლიენტისთვის იმ მომსახურეობისა და გარემოს უზრუნველყოფა, რაშიც თანხას იხდიან და ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს დარღვევას, მე ვითხოვ     დამიბრუნონ თანხა. დაახლოებით 10 წუთიანი „იციტ რა გოგონი“-ს შემდეგ დამნებდა, ოღონდ საკმაოდ უცნაურად:

– კარგიტ,  მობრძანდიტ, დაწერეტ განცხადება და 1 ან 2 კვირაში დაგიბრუნებთ ტანხას.

– (მეღიმება) 50 ლარზეა საუბარი? და რომელი წესის მიხედვით მიბრუნებთ ამ ვადაში, ხელშეკრულებაში რამეა მითითებული? მე არ მახსოვს.

– ხელშეკრულებაში საერტოდ არაა მიტიტებული დაბრუნება, გამონაკლისს ვუშვებ უბრალოდ – აქეთ ვალი დამდო.

სამწუხაროდ, ნებისყოფა აღარ მეყო ამეხსნა მენეჯერი პაატასთვის, რას ნიშნავს  ხელშეკრულებაში შავით თეთრზე ნაწერი „კლუბი ვალდებულებას იღებს კლუბის წევრს გაუწიოს წინამდებარე ხელშეკრულებაში აღნიშნული მომსახურება…“ კარგი-მეთქი, დავეთანხმე, იყოს 1-2 კვირა, მეორე დღეს მივედი, დავწერე განცხადება და დაიწყო ლოდინის რეჟიმი.  ამ პერიოდის განმავლობაში კი ვცდილობ თავს შევუძახო, არ დავივიწყო, არ დავიზარო და ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე.  ერთი კვირის თავზე შევეხმიანე და გადმომცეს, რომ  ჯერ არ  განუხილავთ ჩემი საკითხი და მომიწოდეს, კვირის ბოლოს კიდევ გადამერეკა. პოსტი დაწერილია, მე კი კბილებით მიჭირავს საკუთარი მოთმენის უნარი, რომ ამბის ლოგიკურ დასასრულამდე არ გამოვაქვეყნო. დღეს, ამბიდან ზუსტად ორი კვირის თავზე, მას შემდეგ რაც უკვე მესამედ მოვისმინე – „ფიტნეს პლ’იაზა გისმენთ“ და „უფროსს ჯერ ჩემთვის არაფერი უთქვამს ფულის დაბრუნებაზე“, ვაქვეყნებ ბლოგს.

პ.ს. “ფიტნეს-პლაზას” ვებ-გვერდიდან:

fp

Advertisements
This entry was posted in a little of me.., მოდა და სილამაზე and tagged , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to ფიტნეს-აფიორა ანუ კლიენტო, სარბენ ბილიკზე ნაბიჯით იარ!

  1. qeti says:

    და რატომღაც არ მიკვირს… ყველგან ერთი და იგივე :(( სულ მავიწყდებოდა მეკითხა დაგიბრუნეს თუ არა)))

  2. tami says:

    მეც ვიყავი ამ დარბაზის მსხვერპლი და დავასკვენი ხარისხში უნდა გადაიხადო. მანდვე ახლოსაა სპორტ-ტაიმი ცოტა ძვირია მაგრამ ღირს.

    • თამი, ზუსტად სადაა მისამართი დამიწერე, please

      • tami says:

        აუ დაგუგლე სპორტტაიმი. მისამართი არ ვიცი. მაგრამ საცურაო აუზიც არის და კარგი პირობები….ნუ შედარებით. და ახლოსაა შენ სამსახურთან ძალიან. მანქანით 3 წუთი

  3. ველოდები თანხის დაბრუნებას :)))
    მომე ნომერი დავრეკავ მოვიკითხავ ხოლმე ტრენაჟორებმა სირბილი ხომ არ ისწავლეს ვკითხავ :დ

  4. knuti says:

    რა კარგი ქენი, რომ დაწერე! რა უნამუსობაა 😦 სულ ასეთი საშინელი მომსახურება რატომაა უმეტესგან?

    • რა გითხრა, ჩემო კარგო, კულტურის ნაკლებობას და მომხმარებლის მიმართ უპატივცემულობას მოაქვს შესაბამისად ცუდი სერვისი.. რით დავიმსახურეთ აზრზე არ ვარ, ფაქტია რომ ძალიან მტკივნეული და საწყენია ასეთი უსამართლობა.

      • knuti says:

        მიღებული პრაქტიკაა: მიმზიდველი რეკლამა, ადგილზე მისულს კი მწყობრიდნ გამოსული ტექნიკა გხვდება. ნუ კომპანიის სპეციფიკის მიედვით, ტექნიკის ნაცვლად, მორყეული სკამი/უგემური საჭმელი დაგხვდება კაფეში და ა.შ. :)))
        ფული უკვე გადახდილი გაქვს და აღარ აინტერესებთ.

        გავიხსენებ ერთ შემთხვევას: სვუპზე ვიყიდე ვაუჩერი კაფე ვერონაში 2 კაცზე, პიცა, სენდვიჩი და კოკა-კოლა შედიოდა.
        ასეთი საშინელი პიცა არასდროს მიჭამია. ფოტოც უნდა მქონდეს სადღაც. 1 ლუკმის მერე არ გაგვგრძელებია. სენდვიჩი უბრალოდ გახუხული პური იყო. რადგან ფასდაკლებით ყიდიდნენ, ასეთი საზიზღრობა უნდა მოეტანათ? 😦

  5. gocha says:

    რაც შეეხება მომსახურე პერსონალს, მინდა მოგახსენოთ რომ საქართველოში სამსახურის შოვნა ყველამ კარგათ ვიცით რომ ძნელია და თუ დაიწყე გეღირსა და მუშაობ ძალა უნებურათ ემორჩილები იმ წესწბს რასაც გთავაზობენ, მერწმუნეთ იმ დარბაზში რაც შეეხება ,,გოგონებს,, ადმინისტრატოებს ყველას ვიცნობ და ზუსტად ვიცი თუ რა განწყობით და ყურადღებით გამოირჩევიან, შემიძლია ბოლო ორითვის განმავლობაში, რაც მე იქ ვარჯიშობ უამრავი შემთხვევა გავიხსენო მათი დატვირთული და გადაღლილი გრაფიკის მიუხედავათ თუ როგორი ენერგიით ეკიდებიან რაიმეს როცა დაავალებთ ზედმეტად, რაც თავის ფუნქციებში არ შედის, როცა ბრაზდებით და პრეტენზიები გიჩნდებათ ადმინისტრატოები მერწმუნეთ არაფერ შუაში არ არიან,ისინიც თქვენნაერათ არიან გამოსული სახლიდან და შრომობენ მათ უკან ოჯახები დგას და ცოტა დავფიქრედეთ არი საჭირო ამ გოგონების ასეთი შეფასება, უამრავი ადამიანი დადის მაგ დარბაზში სავარჯიშოთ და ყველა დამეთანხმება რომ ადმინისტრატორები განსკუთრებით გოგონები პირნათლათ და ხშირათ გადაჭარბებული ყურადღებით გამოირჩევიან.

    • გოჩა,
      ნამდვილად სასიამოვნოა, თუკი ეს ადამიანები ყველას მიმართ ისეთივე უპასუხისმგებლოები და უტიფრები არ არიან, როგორიც იყვნენ ჩემთან და სამწუხაროა, რომ მე საკმაოდ ცუდი გამოცდილება მაქვს მათთან ურთიერთობის. რაც შეეხება სამსახურში დანერგილი წესების იქ მომუშავეების მიერ უნებურ თუ გეგმაზომირ შესრულებას, მაგაში გეთანხმებით, აბსოლუტურად ყველაფრის თავი და თავი არის ხელმძღვანელი, ლიდერი, დამფუძნებელი და ა.შ. და თუკი მენეჯმენტშია პრობლემები, ის მეტასტაზივით ედება მთლიან კომპანიას და ადრე თუ გვიან ღუპავს.
      რაც შეეხება ამბავს, ყველაფერი ისე მოვყევი, როგორც იყო. შესაბამისად, აბსოლუტური სიმართლე წერია გოგონებზეც და ბიჭებზეც 🙂 დასკვნა თავად გამოიტანეთ..

  6. Lord Vader says:

    იმისთვის რომ ზედ აბობღდეს ადამიანი სა სელფი გადაიღოს, ბილიკი სავსებით გამართულია… მეტი არც მოეთხოვება.

    ასე რომ პრობლემათა რაობით ეს პოსტი და წინა პოსტი გავს ერთმანეთს.

    • :))))) განა შეხვალ ადამიანის მდგომარეობაში… თანაც მე არ მეხება ეგეთი სელფები. მე მოკრძალებული მოვარჯიშე გოგო ვარ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s