მომხმარებელს ეფსია

toiletდიახ, სწორედაც..

ჩვენ ვართ მომხმარებლები, მაშასადამე – ადამიანები და გვაქვს საკმაოდ ბანალური, მარტივი ბიოლოგიური მოთხოვნილებები. გვაქვს და გვაწუხებს ყველგან – მნიშვნელოვან შეხვედრებზე, რესტორანში გემრიელი ვახშმის დროს, კინოში საინტერესო ფილმის ყველაზე კულმინაციურ მომენტში და უგემრიელეს შოფინგის პროცესშიც კი. თან შეწუხებაცაა და შეწუხებაც.  მომნელებელი სისტემის თავგასულობა რომ მართლა ყელში ამოუვა პატივცემულ შარდის ბუშტს და ბრაზისგან დასაცლელად მოემზადება, მზად ვართ, იმ უმნიშვნელოვანეს, 2 თვით ადრე დაგეგმილ შეხვედრაზე ლამის უკვე ხელმოწერილი საოცნებო კონტრაქტიც კი ჯანდაბაში გავუშვათ, გამწარებულმა და სულშეხუთულმა კინოს რიგში მჯდომ  მაყურებელს სათითაოდ გადავურბინოთ ფეხებზე და ნანატრი ლიმნისფერი ფეხსაცმლის შეძენაც მთელი 5-10 წუთით გადავდოთ, ოღონდ კი გავთავისუფლდეთ, გავთავისუფლდეთ სასწრაფოდ!

მეგობრებო წინ-წინ გასწით, … და ოპაა! ტუალეტის კარები დაკეტილია. რატომ? იმიტომ რომ მომხმარებელი ბრძანდებით. დიახ. ჩვენ ჩვენი სტატუსი გვღუპავს და სხვა არაფერი.

სწორედ შოფინგის დროს მაღაზიის ან სავაჭრო ცენტრის ტუალეტის ჩვენთვის და მხოლოდ ჩვენთვის დაკეტილ კარებს ეძღვნება ჩემი დღევანდელი პოსტი. ვინც კარგად მიცნობს, იმან კი იცის, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში ტუალეტს – მეტ-ნაკლებად კეთილ მოწყობილს, სუფთას და სარკიანს. თუმცა, კეთილმოწყობას ვინ ჩივის იმ მომენტში, როცა გაბოროტებული შარდის ბუშტი შიგნიდან გემუქრება შენს  ცხოვრებაში ყველაზე თავის მომჭრელი მომენტის ჩუქებით.. დაკეტილი კარების თემა განსაკუთრებით რთულდება, როცა საქმე ბავშვებს ეხება.

დავიწყებ სწორედ ამ უკანასკნელის მაგალითით, როცა OVS-ში შოფინგისას ჩემს უფრო შვილს „ფისი მოუნდა“. სასწრაფოდ მივმართეთ კონსულტანტ გოგონას, რომელმაც შემოგვღიმა შემდეგი ფრაზა: “იცით, ყველგან კამერებია და ვერ შეგიშვებთ ვერაფრიით“, და რატომ გოგონა, მომხმარებელსაც რომ ეფსია, არ გაგიგიათ აქამდე- მეთქი, რომ შევეკითხე, ცოტა დაიბნა, ალბათ მართლაც არასდროს დაფიქრებულან OVS-ის არც დამფუძნებელი, არც მენეჯერი, არც კონსულტანტები და არავინ ამ მაღაზიის მესვეურთაგან, რომ კლიენტი, მათ შორის ბავშვი, ჩვეულებრივი ადამიანია და პერიოდულად  ბიოლოგიური მოთხოვნილებები აწუხებს. უმწეობით და წყენით გავსებულ თავში ელვასავით გაიქროლა სადისტურმა ფიქრმა-კინოკადრმა:

OVS-ის შეფს ეფსია. საშინლად.  მე მაქვს ამქვეყნად ერთადერთი ტუალეტის გასაღები, რომლის მისადგომებთანაც  დგას ის და მეხვეწება:

– შემიშვი, გთხოვ..

-არაა!!- ვეუბნები მე და ბოროტი ღიმილით ვატრიალებ გასაღებს საჩვენებელ თითზე.  დატანჯული მენეჯერი კრუსუნით მევედრება, მეღრიჯება, მე კი – ტუალეტების სასტიკი დედოფალი ხმამაღლა მოვუწოდებ ჩაიფსას, იქვე, ყველას დასანახად! ამასობაში საბამ შემომჩივლა, რა ვქნა კაცო, ძალიან მინდა ფისიო და მეც გამოვერკვიე. სასწრაფოდ მივაშურეთ OVS-ის მეზობელ, სტუმართმოყვარე KFC-ს, რომელშიც ტუალეტის კარი მომხმარებლისთვის ღია იყო.

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა ორიოდე დღის წინ დიღმის “SUPER”-ში შემემთხვა. მანქანიდან ძლივს გადმოვიკლაკნე და სანამ ბავშვები და ირაკლი „ლეგოებს“ შეესივნენ, მე წეროსავით ფეხმოკაკვული მივადექი სიმპათიურ კონსულტანტ გოგონას, იქნებ მიმასწავლოთ, ტუალეტი სად არის-მეთქი.

პასუხი: „იცით, თქვენთვის იქ შესვლა არ შეიძლება, მხოლოდ თანამშრომლებისთვისაა“,

„ოღმერთოჩემო, რატომ მიწა არ გასკდება“ ვფიქრობ მე და იმდენად შოკირებული ვარ ამხელა უბედურებით, რომ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ. ვეღარ ვეუბნები, რომ ფაქტიურად მინი სავაჭრო-ცენტრის მოცულობის მაღაზიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ტუალეტი მომხმარებლისთვის, უნდა ჰქონდეს და მორჩა! იმიტომ, რომ კლიენტი იქ შოფინგობს და ფულს ხარჯავს, ამუშავებს მაღაზიას, იმიტომ რომ მომხმარებელი ბაზრის ხელმწიფე და გამყიდველის ყველაზე საჭირო მეგობარია და ასეთ მარტივ, ბუნებრივ თხოვნაზე უარი აბსოლუტურად მიუღებელი ქცევაა. გოგონა როგორც ჩანს,  სახის გამომეტყველებაზე მიხვდა ჩემი იმედგაცრუების მასშტაბებს და ნუ, კარგით, ბავშვს თუ უნდა, შევიყვანო. არა გოგონა, შენი ჭირიმე, მე მინდა, მე-მეთქი, შევგმინე სახეში. თქვენ წარმოიდგინეთ, დანებდა, შემიყვანა კარში, რომელიც იქვე სადღაც საგულდაგულოდ გადამალული ჯადოსნური გასაღებით გააღო და მე აღმოვჩნდი  საოცრებათა სამყაროში…

მესამე მაგალითი, რომელიც ალბათ ცალკე პოსტსაც იმსახურებს – „დანიური სახლია“. ეს მაღაზია, ყველას მოგეხსენებათ,  3 თუ 4 სართულისგან შედგება, იქ შესული კლიენტი, როგორც წესი, 40-60 წუთი მაინც ჩერდება საშოფინგოდ და ამ პირობებში მომხმარებლისთვის ტუალეტში შესვლის აკრძალვა პირდაპირ სადიზმია. ამ დაწესებულების ნანი-ნანატრ ტუალეტთან მთელ ოჯახს გვაკავშირებს უსიამოვნო მოგონებები. ერთხელ მე და ჩემი ქმარი ცივი უარით გამოგვისტუმრეს. მეორედ, ჩემმა უმცროსმა დამ  დაცვის თანამშრომელს სთხოვა, მიესწავლებინა მისთვის ტუალეტის გზა. დაცვის ბიჭმა თავი მოიქექა და მე ვერ დაგეხმარები, დაიკო, არ შეიძლება, მოდი, მენეჯერს ვკითხოთო. წავიდნენ მენეჯერის მოსაძებნად. ქეთიმ, ჩემმა დამ ქალბატონ მენეჯერს პირველ რიგში ის ჰკითხა, რატომ არის ტუალეტი იმდენად მნიშვნელოვანი თემა, რომ იქ შესვლის ნებართვის ასაღებად თქვენი შეწუხება გვიწევს, რა პრობლემაა რომ ვისარგებლოთო. „თითსტოლა გოგოს“ თავხედობით გაკაპასებულმა მენეჯერმა დაიქუხა, მაგრამ რა დაიქუხა – მე არ ვიცი გენაცვალე, მე 1.5 წელია რაც აქ მოვედი და რა ჩემი გასარჩევია, ეს წესი რატომ შემოიღეს, ვინც ასე გადაწყვიტა, ეგ იმის საქმეა და ვააბშე, კარგად რომ მოქცეულიყავი შეგიშვებდი, ახლა კარგად მეყოლეო და კარი მოუჯახუნა. დიახ. მაგრამ მენეჯერი არ იცნობდა ქეთის. ქეთიმ იმ დღეს “სისხლის” და ბრძოლის ფასად მოიპოვა „დანიური სახლის“ ტუალეტში ექსკლუზიური ვიზიტის უფლება და დღემდე ჩემი დის საშინელი მოგონებების ხუთეულში ეს ამბავი ინარჩუნებს  ლიდერის ერთ-ერთი პოზიციას.

დასასრულისკენ, სულ ორიოდე სიტყვით შევეხები თბილისი-მოლის ტუალეტს. მოლმა, რა თქმა უნდა, იზრუნა თავის კლიენტებზე და მშვენიერი მრავალ-კაბინიანი სავანე მოგვიწყო ყველა სართულზე, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო პირველივე სართულის ტუალეტის დამლაგებელი ქალი, რომელიც ალბათ, ყველას შეგხვედრიათ. ეს ქალბატონი  ყოველ ჯერზე გამოთქმით, მთელი ხმით წყევლის მოლის ყველა მომხმარებელ ქალს, რომელმაც გაბედა და  გადაწყვიტა ესარგებლა ტუალეტით, რომელიც მისი დასალაგებელია! ამ ქალის წყევლას რომ მამაზეციერი უსმენდეს, დამიჯერეთ, აუცილებლად დაგვეცემოდა მეხი ჩვენ – არგასახარებლებს, მერე ჩაგვდებდნენ კუბოში და მოგვაყრიდნენ შავ მიწას, ჩვენ დასამიწებლებს – უწესო, უზნეო დედაკაცებს, რომლებიც იმდენად გავთავხედდით, რომ ტუალეტში შესვლა და მოფსმაც  კი გავბედეთ. (ნუ სხვა უფრო რთულ ოპერაციებზე აღარაფერს ვამბობ, ჯვარი გვწერია ოთხივ კუთხით.. სამჯერ ვაკაკუნებთ).

მოკლედ, ძვირფასებო, დღეს ამით მოვრჩები, რადგან ცოტა არ იყოს გამიგრძელდა.. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანის ტკივილს შევეხე. ესეც ხომ  ქართული საფირმო ანტი-სერვისის ერთ-ერთი სახეობაა – დაუკეტო კლიენტს ტუალეტის კარები.

მშვიდ და სასიამოვნო შოფინგს, შოფინგის დროს  ტუალეტის ღია კარებს, გამყიდველებისგან უკეთეს სერვისს და მათი მხრიდან ჩვენი  – მომხმარებლების მნიშვნელობის სათანადოდ დაფასებას გისურვებთ ❤ 🙂

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to მომხმარებელს ეფსია

  1. tami says:

    ვიცინე ბევრი… სიმწრისგან რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი წერის მანერა გაქვს ღვარძლნარევ ირონიას დავარქმევდი.
    მომეწონა

  2. დათო says:

    ძალიან მოუგვარებელია ეს თემა ჩვენთან :))))))
    5 წლის უკან მე და ჩემი თანამშრომელი (გელა) ვიყავით სემინარზე თურქეთშ ქ.ანკარაში. მასპინძლებმა რათქმა უნდა საკმაოდ კარგი პატივი გვცეს და თან იქაურ სავაჭრო ცენტრებშიც მოგვიწყვეს არაერთი ვიზიტი (სამივლინებო თანხები რომ კომფორტით დაგვეხარჯა) და ჰოი საოცრება პირველივე, რაც გელამ შეამჩნია ყოველ 50 მეტრში კომფორტული ტუალეტები, სინანულით გაიხსენა საქართველოში ტუალეტების არარსებობა და აღიარა რომ თურქეთი ბევრად წინ იყო საქართველოზე. მერე გვიკვირს ბევრი ტურისტი რატომ არ ჩამოდის…

  3. Lord Vader says:

    მაინცადამაინც რამე უნდა გაწუხებდეს პოსტი რომ დაწერო? 🙂
    ნეგატიური ემოცია უფრო ძლიერი სტიმულატორი ყოფილა.

  4. qeti says:

    თაკო:))) ბევრი ვიცინე, მაგრამ ეს თემა იმდენად მაღიზიანებს,ყველაზე თავხედი ადამიანი ვხდები როცა ვაწყდები ესეთ უმსგავსობას)))მაგიჟებს ქართული “სერვისი” და ტუალეტების თემა აღარ მგონია რო ოდესმე მოგვარდეს…
    p.s. დანიურმა სახლმა ჩემი სახით ერთი მომხმარებელი დაკარგა

  5. მომხმარებელს ვინ ჩივის, საავამდყოფოებშია ხოლმე ზოგჯერ ტუალეტები მიუღწეველი :/

  6. ეხლა დავფიქრდი და მოლის საპირფარეშოში არასოდეს ვყოფილვარ 😀
    არადა, პრაქტიკულად წარმოუდგენელია – კვირაში მინიმუმ 3ჯერ მაინც მივდივარ კარფურში მაინც , თან გახსნის დღიდანვე. მემგონი ბუნებრივი საკეტი გამაჩნია 😀

  7. პერწკლი,
    ეგ კიდევ ცალკე თემა და ცალკე ტკივილია :(((

    ვეკო,
    გმირი ხარ ჩემს თვალში 🙂

  8. Lord Vader says:

    ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. წინაპრებს უთქვამთ.

    • ბექა says:

      მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო. ასევე, ააფრინე ალალიო, რაც არ არი–არ არიო, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო

      ყველა შეესაბამება ისეთი პოსტია რა

      • :)))))
        “მომხმარებელს ნუ აწყენინებ, თორემ წინ დაგხვდებაო. ”
        “კლიენტი ღვთისააო. ”
        “შეაყარე კედელს პოსტიო.”
        “ტუალეტი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო…”
        მართლაც ყველაფერი ერგება, გაიზ.. :/

  9. ბექა says:

    კლიენტს მკაცრად უნდა მოექცე. რომ ეუბნები–შენ ხარ მთავარიო–იჯერებენ მერე

  10. mari says:

    yvelaze mtkivneuli temaaa !me kerdzod tbilisi centralis magalitze minda gitxrat.daviwyot iqidan rom am bunebrivi motxovnilebis dakmayopileba tu puli ar gaqvs tan zustad 50 tetriani ver shedzlebt.meore arasdros ar aqvt qagaldi da pretenzia romc gamotqva rom puls ixdi da elementaruli qagalds mainc imsaxureb aqet mogayrian qoqolas.gana ra gauchirda amxela dawesebulebis mplobelt rom erti sacodavi tualeti mainc gaxadon mokvdatatvis xelmisawvvdomi.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s