ქორწილი ქართულად

15028993232153552995დღევანდელი პოსტის თემა ერთი კარგი ბლოგერის – ჰექსეს ერთმა ძალიან მაგარმა პოსტმა მიკარნახა (ახალგათხოვილი ქალების ფენომენი ).

ქართული ქორწილი – ეს ხომ მთელი ნაციონალური ინსტიტუტია 🙂

ამ ერთ დღიან, ძალიან ხალისიან ფენომენში მოქცეულია მთელი ქართველი ხალხის სახე, ტრადიციები, აუტანელი თვისებები, გემოვნება, პოზიტივი და იუმორი. მოდით, გადავხედოთ ტრადიციული ქორწილების ძირითად და საყოველთაო ტენდენციებს, რომელსაც აუცილებლად ექვემდებარება ყველა ქართული ქორწილი, არ დაექვემდებარება და…

სიძე-პატარძლის აუთფითი

w0ZXmქართველი პატარძალი ყოველთვის შემოსილია რა თქმა უნდა თეთრი ან კრემისფერი გრძელი კაბით, სასურველია უბრეტელო, კორსეტის სტილში. დიდი ამბავი, ამ დღის მთავარ დედოფალს მკლავებზე ქონები გირებივით თუ ჰკიდია და მკერდის გარდი-გარდმო ზედმეტი ჩიჩიები აფუებული ცომივით თუ აქვს კალაპოტიდან გადმოსული, ქორწილში რაც არ უნდა ჩაიცვას, მაინც ყველა ახლობელ-მეზობელ-ნათესავ-დაქალი აღტკინებული შეხედავს და მიახარებს: ვაიმეეე,  რა ლამაზი ხაააარ !

მაკიაჟი თვალებზე – სმოქი აიზ (smoky eyes) სტილში, თუმცა ვისთვის სმოქი აიზ, ვისთვის „ფინგალი“, ერთი ჩემი ახლობლის ქორწილში პატარძალს წინა დღის ნაბეგვივით ჰქონდა თვალები ჩამუქებული. ასევე, თითქმის ყველა პატარძალს უნდა ამშვენებდეს ხელ-ყელ-ყურებზე ოქროული, სასურველია დედამთილის ან ზოგადად „ქმრის მხარის“  ნაჩუქარი.

სიძე შემოსილია კოსტიუმით (ვისთვის კოსტიუმი, ვისთვის კასტუმი), საგანგებოდ ამ დღისთვის დაბანილ-თმაშეჭრილი და მომზადებული.

სუფრა – რა თქმა უნდა სართულებიანი, მინ. 22-23 და მეტი დასახელების კერძით. აუცილებელია ქეიფის შუაგულში მიმტანებმა რუდუნებით შემოაბრძანონ კეცზე აშიშხინებული ციკნის ხორცი, ზედ წაკიდებული ცეცხლით და კიდევ რამე გამორჩეულად „სვეცკი“ და უცხო კერძი, რომელიც სხვის (დემურის გოგოს ან მეგის ბიჭის) ქორწილებში ჯერ არ გაჭაჭანებულა.

სიძე-პატარძლის მშობლები

პატარძლის დედ-მამა აუცილებლად დასევდიანებულ-დასტრესილები უნდა იყვნენ (თუ რა თქმა უნდა სიძე ოლიგარქი ან მსხვილი ბიზნესმენი მაინც არაა, ამ შემთხვევაში სურათი რადიკალურად იცვლება), სიძის მშობლები კი უკიდურესად გახარებულები. რატომ?! იმიტომ ხალხო, რომ გოგო  ხომ მშობლების ბუდიდან მიფრთხიალებს,  მიფრინავს !..  სიძის მშობლებს კი რა ენაღვლებათ, გენაცვალეთ, ახალ შვილს იძენენ ! … ამათ იკითხონ თავიანთი ნალოლიავები, ხელიხელნაგოგმანები ქალიშვილი „სხვას“ რომ უნდა „გაატანონ“  😦

 სიძე-პატარძლის ცეკვა

სიძე, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია – ცხოვრებაში არ უვლია ქართული ცეკვების გაკვეთილებზე, არის ძალადობის პირდაპირი მსხვერპლი – აუცილებლად უნდა შეასრულოს ყველაზე რთული ნაციონალური ცეკვა ქართული, იგივე „დაისი“. სახეზე სიმწრის და უხერხულობის ღვარი ერთად გადასდის, ხელები ძლივს დამახსოვრებულ პოზაში უგერგილოდ  მოუხრია დაა… წავიდა გასმებიიიი.. დიმპიტაურ-დამპიტაურ-დიმპიტაურ-დამპიტაურ, ძველად რომ იყო დიდმუცელა მაცივრები – „მინსკი“ ხომ ყველას გახსოვთ? შესვენების დროს მთელი კორპუსით რომ ფეთიანივით აძიგძიგდებოდა, შეირყეოდა, და მერე უცბათ ჩაკვდებოდა. ჰოდა,  ლოგიკური პარალელის გავლება თქვენთვის მომინდვია.

ამ შემთხვევაში პატარძალს თავი ქუდში აქვს, „ლამაზია“, ინაზება, იკვანწება და იხდენს…

მახსოვს, ქორწილიდან რამდენიმე ხნის მერე გამომიტყდა ირაკლი, მთელი ჩვენი ქორწილის, ჩემი ოჯახის მძიმე უღელში შებმის, მომავალზე დაფიქრების მასშტაბით ყველაზე საშინელი და დაუვიწყარი ნერვიულობა ჩვენს ქართულის ცეკვაზე გადავიტანე, დედა, ეს რა იყოო :))

საბედისწერო სტუმარი

როგორი რუდუნებითაც არ უნდა შეარჩიოთ სტუმრების სია, მასში აუცილებლად აღმოჩნდება  ერთი კაცი მაინც (დიდი ალბათობით მამის გარე-ბიძაშვილი ან თანამშრომელი სხვა განყოფილებიდან), რომელიც საგანგებოდ შეკვეთილი რომელიმე რუსული სიმღერის ფონზე (ძენ პაბედი, ან ახ ადესა, ანდა თუნდაც ა ნამ ვსო რავნო) იური ნიკულინისეული მოძრაობებით და ხელების მაღლივი და განივი შლით (ათივე თითი გაფშეკილი), ფეხისწვერებზე რიტმული აწევ-დაწევით და ტაატით შეასრულებს გაურკვეველი წარმოშობის ცეკვას და „თავს მოგჭრით“ მთელი ქორწილის მასშტაბით.

თამადა

ქართული ქორწილის თამადა, ალბათ ყველა დამეთანხმებით, უნიკალური დიქტატორია მთავარი მოწოდებით – სადღეგრძელო! ბევრი გრძელი და სიტყვაკაზმული სადღეგრძელო! ვინ, თუ არა თამადამ უნდა აიძულოს გასართობად მომართული სტუმრები, რომ მხოლოდ მის სადღეგრძელოებს და ხშირ შემთხვევაში ყელმოღერებულ ლექსებს უსმინონ, ნაკლები იცეკვონ და იმხიარულონ, და საერთოდაც, რაც შეიძლება ნაკლებად კარგი დრო ატარონ.

სულ 3-4 ქორწილი მახსოვს ჩემის ჩათვლით, სადაც თამადამ ეს საძაგელი სტერეოტიპი დაამსხვრია. სხვაგან ყველგან მისი თავგასული დიქტატურის მსხვერპლი ვარ, დანარჩენ სტუმრებთან ერთად.

მოხუცი არამკითხე 

დღესაც კი, დემოკრატიულ, ფემინისტურ და თავისუფალ 21-ე საუკუნეში, აუცილებლად გამოჩნდება ქორწილში ვინმე მხცოვანი პაპა, რომელიც გამოთქვამს ღრმად კომპეტენტურ უკმაყოფილებას პატარძლის არაჯეროვან ქცევასთან დაკავშირებით არგუმენტით „ეჰჰ, ჩვენს დროს სულ სხვა იყო“. აი მართლაც და ვის გაუგია, კაცო, პატარძალი ამდენს დადიოდეს აქეთ-იქეთ და მით უმეტეს ცეკვავდეს?! პატარძალი უნდა იჯდეს თავის მაგიდასთან! მაქსიმუმ ტუალეტში გავიდეს. მორჩა.

დასასრულ, ქორწილის შემდეგ დაახლოებით 2-3 თვის მანძილზე მაინც სიძე-პატარძლის მშობლები, უმეტესად მამები მუდმივ რეჟიმში იღებენ საყვედურებს ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილი ძველი თანამშრომელი გოგიასგან, ან მამის ჯარის ძმაკაცისგან, ანდა გნებავთ, ქვისლის სიმამრისგან შემდეგი სახით: გავიგე, გოგო გაგითხოვებიათ, გენაცვალე, ძვირფასი ქორწილით, ძვირფასი პურ-მარილიით… ჰააა, ასე უნდა არაა?..  შერცხვენილი მამა უხერხულად იშმუშნება და ამგვარი სიტუაციებისთვის წინასწარ მომზადებული ტექსტით ცდილობს აიცილოს მოძალადის შემოტევა.

და ბოლოს, თუ ვინმე ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის ფონზე ქართული ქორწილის წინააღმდეგი ვარ, ძალიანაც შემცდარხართ 😉 ვგიჟდები ქართულ ქორწილებზე, სადაც, ზემოხსენებულ მარგალიტებთან ერთად საკმაოდ დიდი ასპარეზია  ჩემნაირი ხალისობის, ცეკვის და გართობის მოყვარული ადამიანისთვის. ჰოდა, როგორც წესი (სამწუხარო გამონაკლისების გარდა) გემრიელად ვერთობი და ფრიად ნასიამოვნები ვბრუნდები ხოლმე შინ. აღნიშნული განსაკუთრებით გავრცელდა ჩემს საკუთარ ქორწილზე, სადაც თითოეული სტუმარი დამეთანხმება, ყველაზე მაგარი დრო პატარძალმა გაატარა..

 

ფოტო განწყობისთვის 🙂

134

 

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ქორწილი ქართულად

  1. Lord Vader says:

    კომენტარის ნაცვლად თემატურ ლინკს დავდებ, აბა
    http://wp.me/sBTza-wedding

  2. maka says:

    ზედმეტად პირდაპირია თაკო 🙂 შემეცოდა რომ წარმოვიდგინე 😀 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s