კადრები ჩემი ცხოვრებიდან, ანუ ხალხი ჭრელია

  1. მკერავთან

მთავარი გმირი: მკერავი ლალი, დაახლოებით 50-55 წლის, საშუალოზე დაბალი სოციალური ფენის ტიპიური ქართველი წარმომადგენელი, გულისმომკვლელად ყვითელი თმით, ყარაჩოღლური გამომეტყველებით და ასეთივე მეტყველებითი ინტონაციებით, ხელებზე –  თითებწაჭრილი ხელთათმანები, მოუვლელი ფრჩხილები მოუჩანს, რაც მთავარია გაზრდილი ხომ აქვს…  პალტო მივუტანე წინა დღით imagesგადასაკეთებლად და მეორე დღის დათქმულ დროს, რა თქმა უნდა, მზად არ დამახვედრა, მეც თავზე ვადგავარ სიკვდილის ანგელოზივით  და ვაგულიანებ, რომ დროზე დაამთავროს. ჩვენი ნაცნობობის მანძილზე მგონი უკვე მეათედ მეკითხება: შენ ფინანსთა სამინისტროში მუშაობ, არაა? კი-მეთქი. 2 წუთიანი დუმილის შემდეგ, არ ვიცი საიდან და რა ძალებით დაგვაკავშირა ერთმანეთს მე, ფინანსთა სამინისტრო და საპატრულო პოლიცია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა ურყევი არგუმენტით გამაგრებულმა მომმართა კითხვით  მე – კომპეტენტურს.

– გოგო,  ჩემს დაქალს მაგრა უნდა პატრულად მუშაობა რა, აი ძაან მაგარი გოგოა, მამალი რა, ხო უპრობლემოდ დაიწყებს? – მერე ალალად გამომიტყდა – ოღონდ მანქანის ტარება არ იცის, რა და უმაღლესი განათლებაც არა ააქვს, მარა რა მოხდა მერე?! ..

-ლალი, თუ არც „პრავა“ აქვს და არც განათლება, აი, რანაირად დაიწყებს ერთი მითხარი? – მე,

-ვა, მართლა არააა? – ჰავლაბრული აქცენტით გულწრფელად გაიკვირვა, თან ამომხედა, აი, ძალიან გაოცებულმა და მერე დააყოლა – აუ, არადა მაგრად უნდა რა და იცი რა კაი ჯიგარი გოგოაა?

-კაი გოგო ბევრია ლალი გენაცვალე, მაგრამ ეგეთ სამსახურს დიპლომი უნდა, თანაც პოლიციის აკადემიაში აღებული.

-კაი, მართლაა??? ისეთი სახით მიყურებს, რომ აშკარად მზადაა გაკვირვებას ჩემი პალტოს გადაკეთება გადააყოლოს, შემეშინდა.

-რა ვიცი, მაინც იკითხოს… შენ მიდი, პალტოს მიმიხედე რა გთხოვ, ბავშვები მელოდებიან.

რამდენიმე წამში:

– ისე, აი გუშინ რომ იყავი მოსული მაიმუნს გავდი და დღეს არაგიშავს რა, ქალსა ჰგავხარ.

მე გავუღიმე და მადლობა ვუთხარი კომპლიმენტისთვის.   შეიფერა.

ლალის ქმარი და 2 შვილი ყავს მკვდარი. ფაქტიურად ფენიქსივით აღიდგინა სიცოცხლის გაგრძელების სურვილი და ძალა დაკარგული ოჯახის მოგონებების ფერფლიდან. ახლა ხელი აქვს დასივებული, ძალიან სტკივა, მაგრამ მაინც მუშაობს, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს… ტრაგი-კომიკური როლი შეხვდა ლალის ჩვენს მასშტაბურ ფილმში. ძალიან ტრაგიკული და ძალიან სასაცილო ლალია. თუმცა მე არ მაღიზიანებს, თუ მეტისმეტად დიდ ხანს არ ვეკონტაქტე, ალალი და ნატურალურია და იმიტომ.

2. მაღაზიაში

კაბის ყიდვა მინდოდა. „ავთანდილით“ დავიწყე და ბაზრობით ვასრულებ.

images (3)შევდივარ პასაჟის ერთ-ერთ მაღაზიაში. მთავარი გმირი: გამყიდველი გოგო, სიმაღლე -დაახლოებით 1,60 მ, ცისფერი ჯინსები, არანორმალურად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, სიარულის დროს მუხლებში ისე იხრება თითქოს ჩაბუქნას აპირებს, იქვე მოკრძალებით მდგარ მეორე პირს ებობოქრება ბოხი ხმით:

– ვაიმეეე, აი დედას გეფიცებიი, 4ჯერ ჩაიცვა, 4ჯერ!!!! იმენა ტვინი გაბურღა გოგომ. მერე კიდევ მოვიფიქრებო გოგო, მოვიფიქრებო, გამაგიჟა რააა, და ახლა კიდევ შენ მოგაგზავნა ქალიოოო??? მაგან რომ მეხვეწოს, აი, 300 ლარი რომ მომცეს, მაინც არ მივყიდი, შანსსსი არაა ! ! !

მეორე რაღაცას საპასუხოდ დუდუნებს, მაგრამ რა თქმა უნდა არ მესმის, ამის ხმა ფარავს.

– არა მეთქი! გამორიცხულია, სადაც უნდა იქ წავიდეს და იყიდოს, მე მაგ კაბას არ მივყიდი – დაბეჭდა და ხელიც მოაწერა –  მორჩა. არ წაიღეს ტვინიიი, 4-ჯერ ჩაიცვა ვაა!

მე ზურგში დავლილი უსიამოვნო ჟრუანტელით ვიგრძენი უდიდესი საფრთხის სიახლოვე და გადავწყვიტე სასწრაფოდ გამენეიტრალებინა საკუთარი თავი. თვალი იმ დროს შემასწრო, ქურდივით რომ მოვიპარებოდი მაღაზიიდან.

– რა იყო გოგონი, ვერაფერი აარჩიე? რა ეძეებ?!  – დოინჯშემოყრილი ავად მიყურებს.

-მმმ, ისა, ესა, აი კაბა მინდოდა, მაგრამ…

-და ამდენ კაბებში ვერაფერი ნახე?! კი მარა რა გინდა ამისთანა, აქ რო ვერ ნახე? აი აქ რომ კაცი ვერ აარჩევს რააა! გეუბნები გამაგიჟებენ ესენი – ისევ იმას „შესჩივლა“.

-უკაცრავად-მეთქი, საცოდავად მივახავლე და გამოვედი.

ბავშვობიდან საშინლად მეშინია აგრესიის და უზრდელობის. არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით იქნება გამოხატული, სიტყვიერი, ფიზიკური, თავზე მოხვეული შავ-შავი აურის თუ  გამომწვევი საქციელის სახით, სულ გავურბივარ და ვიძაბები. იშვიათად, ძალიან გამონაკლის შემთხვევებში მომეცემა გული და ვუტევ, ალბათ მაშინ, როცა ჩემი ამბიციურ-შოვონისტური წარმომავლობა ნამეტანს შემიღიტინებს ხოლმე, სხვა დროს მხდალი ვარ, უსირცხვილოდ და უთავმოყვარეოდ მხდალი.

ჰო და კიდევ, მხოლოდ საქართველოში ხდება ის, რომ გამყიდველი არის ზევსი და ჩვენ, კლიენტები – უბრალო მოკვდავები, მისი ფეხის მტვერი. მარტო ჩვენში შეიძლება, რომ გამყიდველმა არ მიყიდოს კლიენტს კაბა მხოლოდ იმიტომ, რომ            დ ა ღ ა ლ ა ! ქართულ მომსახურების სფეროში გაქანებული სოციალიზმია, დაე, ვეთაყვანოთ და ვუხადოთ ფული მათ, ვინც „შრომობს“,„გვემსახურება“ და გვიტანს ჩვენ – თავგასულ კლიენტებს, ჩვენ ისიც გვეყოფა ბატონო, რომ ახალს ვყიდულობთ!  მე თუ მკითხავთ, ძალიან სიმბოლური და გამართლებულია, რომ   გალაკტიონის ხიდის მოაჯირებზე კვლავ ნამგლისა და უროს ხვეულები  ახარებს ჩვენს თვალებს, იყოს ჯერ…

  1. ოჯახში.

მთავარი გმირი – ბატონები.

download

ჩემს უფროს შვილს ბატონები აქვს, ცხოვრებაში პირველად.

ჰოდა ყველა, აბსოლუტურად ყველა ვინც ჩვენთან სახლში მოდის:

– დედააა, კეთილი ბატონები მოსულიყვნეენ!!

– დიდება ბატონების სახელს, კეთილად მოსულიყვნენ და კეთილად წასულიყვნენ!..

– ბატონების მადლი და სიკეთე მშვიდად მოეხადოს ბავშვს!..

– მშვიდად და წყნარად გაგვეცილებინოს ჩვენი ბატონები…

რაც მთავარია, ყველას აღბეჭდილი აქვს სახეზე უდიდესი ბედნიერება უკიდურესი მოწიწებითურთ.

ჩემი დედამთილი:

-დე, თევზი არ შევწვი, მოვხარშე, ხომ იცი ბატონებს შემწვარი არ უყვართ, არ შეიძლება…

მამაჩემი:

-უჰ, მშვიდობით მოსულიყვნენ კაცო, დიდება მაგათ სახელს, მამა, წითელი უყვარს ბატონებს ხო იცი?!

მე:

-ვინ გააღო ეს აივნის კარები ხალხო, გავიყინე!

დედაჩემი:

– ისა, დედა, მე გავაღე, ცოტა კარტოშკა მიმეწვა და ბატონებს ცუდი სუნი არ უყვართ ხო იცი, ვანიავებ.

საბამ აიწყვიტა. მე:

– ახლავე ჩამოდი მაგ საწოლიდან თორემ ისეთს გბერტყავ, უკან დაგრჩება ყველა ბაგრატიონ-მუხრანსკი!

დედაჩემი შეშფოთებულ-აღშფოთებული:

– რას აკეთებ დედა, არ გააბრაზო ბატონები, როგორ შეიძლება ბავშვზე ამ დროს ჩხუბი??!!! რომ გაბრაზდნენ მერე..?

ჩემი ბავშვის ძიძა უბედნიერესი სახით:

– იისეთი კეთილი ბატონები გყავს ამ სახლშიი… ისეთი კეთილები, რომ რა ვიცი…

საბა:

– დეე, ნახე ლოყაზე კიდევ ერთი ბატონი გამომივიდა…

მე ამ ყველაფრის პასუხად –  ღრმად შეფიქრიანებული, დამუნჯებული, უკომენტარო…

ჰოდა, ეს ვასაძე რაინდად ეკურთხაო, იქეთ მეფე მონათლესო, სახლში კიდევ გაურკვეველი წარმოშობისა და რაოდენობის მისტიური ბატონები მყავს, ისიც არ ვიცი გრაფები და ჰერცოგები არიან, ჯეიმს ბონდური გაგების კაიტიპი-ბატონები თუ ნუგზარ ბაგრატიონის წინაპრების სულები, ერთი ის ვიცი, რომ სერიოზულად და უგზო-უკვლოდ დაბნეული ვარ.

პ.ს. ჰო, და კიდევ ისიც ვიცი, რომ  დიდი შანსია, ამ პოსტს რომ ბლოგზე დავდებ, “ბატონები გაგვიბრაზდნენ” და რაღაცა ენითაუწერელი საშინელება დაგვატეხონ თავს.

დიდება ბატონებს.

Advertisements
This entry was posted in a little of me... Bookmark the permalink.

5 Responses to კადრები ჩემი ცხოვრებიდან, ანუ ხალხი ჭრელია

  1. nini says:

    dzalian magaria… :))) momgiamris saxit davrchi :))))

  2. tami says:

    ეხლა ცოტას დაგარიგებ 🙂 შენი პოსტი გამახსენდა სალონში,რომ დაგაყუდეს და შენც მორჩილად შეეგუე ბედს, იმ დოინჯშემოყრილი გამყიდველისა არ იყოს, ცოტა მომთხოვნი იყავი თორემ ძალიან გჩაგრავენ. ჩემთან არ გასდით 🙂 🙂 🙂 შენც ცადე ცოტა თავხედობა და იქნებ შეაგნებინო კლიენტი ყოველთვის მართალი რომააა. ეგეთი ნაგლი რომ შემხვდება თავიდანვე ვაგრძნობინებ ხოლმე ვინაა უფროსი და ვინ დაკარგავს უზნეობის გამო სამსახურს.ეგრევე თაფლად იღვრებიან:ბანკშიც,კაფეშიც,მაღაზიაშიც.

  3. Lord Vader says:

    სერგი დურმიშიძის წიგნი გამახსენე რაც მახსოვს ქვია :)))

    ისე, შენც კაი ვინმე ხარ 160იაო გოგო და ქუსლებზეც არ შედგგეს? აბა რა ქნას, ტაბურეტკაზე აძვრეს?

  4. Lord Vader says:

    რაღაც მთლად კარგად არ გამომივიდა 🙂 160 იყო მონრო, მაგრამ უმაგრესი ქალი იყო.

  5. ნინ, შეგერგოს 🙂
    თამი, ძალიან სწორი პოზიცია გაქვს მინდა გითხრა, მაგათ ეგრე უნდათ.
    ლორდ, ფაქტიურად ტაბურეტკაზე იდგა. ისე ზოგადად საშუალოზე დაბალ ქალებს განსაკუთრებით არ უხდებათ მეტისმეტად მაღალი ქუსლები, ზომიერ ქუსლზე ყოველთვის უფრო ლამაზად გამოიყურებიან. მონროს ამბავში 100% გეთანხმები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s