დაკარგული სამოთხე

imagesის არასდროს ყოფილა ჩემთვის.

ყოველთვის იყო შორეული და მიუწვდომელი, როგორც ვერ ახდენილი ოცნება, რომელიც შესრულებების ნეტარ რიგში ბოლოში მოჩანჩალებს.

მის მიმართ – ვერ ნანახი, ვერ ჩასუნთქული, ვერ ხელ-შენახები ჩემი ნაწილის მიმართ, ყოველთვის უცნაური და ცოტა გაურკვეველი დამოკიდებულება მქონდა და ახლაც მაქვს. რაღაცნაირი გაუცხოვებული და ცოტა ბუნდოვანი,  მაგრამ თან ძალიან მშობლიური   შეგრძნებები. დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩემი ვერ და არ დაბადებული და-ძმების მიმართ მაქვს,  როცა მათზე ვფიქრობ. თან რომ იყვნენ და არც იყვნენ, ახლაც არსებობენ სადღაც ირეალურ განზომილებაში, მაგრამ მე არ ვიცი, ისინი სად და როგორ არიან, ჩემი სისხლისა და ხორცის არსებები, რომელთაც დროში გავუსწარი და სიცოცხლე დავასწარი.

..და ისიც ხომ მათსავით არის და თან არ არის. ისიც სადღაც ჩემი გონების შორეულ ჩანასახში მოიკვეთა დედა-საქართველომ და  ნააბორტალი შვილი ახლა რუსეთის სანაგვეზე ლპება…

ვფიქრობ, ბევრს ვფიქრობ მასზე.

ეს პოსტი ერთი ჩემი ნაცნობი მასაჟისტის – ირას მოყოლილმა ისტორიამ დამაწერინა. ირამ სხვებთან ერთად გადალახა ახალი ცხოვრების უღელტეხილი.  მან და მისმა ქმარმა თავიანთი მოვლილი, თეთრი ხელები, თუმნიანების ჯიბეში ჩაკეცვას, ბრდღვიალა ბრილიანტების წამოცმას და ზღვაში გემრიელი მკლავურის მოსმას რომ ჰქონდათ ნაჩვევი, ყინვაში გაითოშეს, სასოწარკვეთილებისგან და უიმედობისგან  იმტვრიეს, გაყინულ უღელტეხილზე ფიჩხის შეგროვებაში დაიგლიჯეს და დაისისხლიანეს, უმწეობის ცხელი ცრემლებით დაიმდუღრეს, თვითონ ლამის გაყინულებმა მთელი სხეულის ნარჩენი სითბო მოაგროვეს და თავიანთ 5 თვის ჩვილს გადააწოდეს რუდუნებით, რომ არ დაღუპულიყო.. გადარჩნენ, სხვები ვერა, ბევრი ვერ გადარჩა..

ღმერთმა იცის, ალბათ, რამდენი ლიტრი თბილ–თბილი სისხლით დაიბანა პირი აფხაზეთის ეგოისტმა მიწამ  იმ საბედისწერო 1993 წელს, რამდენი ახალგაზრდა,  ჯანმრთელი სხეული ჩაიხუტა ხელ-და-გულ-გაშლილმა საკუთარ გაუმაძღარ წიაღში და გაჯერდა, გადაივსო, გადაწითლდა…

მე არ გიცნობ, ჩემო ლამაზო აფხაზეთო, მაგრამ აი, თვალებს ვხუჭავ და უკვე ვგრძნობ შენს სუნს – ჩემი და შენი ზღვის სურნელს, .. .ფიჭვის არომატს და მარილის მომჟავო სურნელს ვგრძნობ, ჩემი შვილის  სუნივით გემრიელს და მათრობელას, სიგიჟემდე მიყვარს ეს სუნი… ზღვაზე ზანტი ტალღების სინქრონულ ლივლივს ვუყურებ და სიამოვნებისგან ვჰიპნოზდები… ჰორიზონტის თავზე მთის მწვანე ქოჩორია ამოჩრილი. ახლა უკვე რიწაზე ვარ. რიწა უსასრულოდ მყუდრო და ლამაზია, ლამაზია.. ადამიანების სახეს, კმაყოფილ თვალებს ვხედავ, სტაბილური, დროში გაწელილი, ნაჩვევი ბედნიერებისგან ამსუყებულ მზერებს, ასე ძალიან რომ უხდება ყველას..

თვალდახუჭული შევყურებ ჩემს ოცნებას  და ვგრძნობ, როგორ ვიღიმი, თვალები მისველდება.

თვალებს ვახელ და ჩემი ცივი ალუმინისფერი კედლის  საათი მაცივრის თავზე.  მიყურებს და კუშტად მახსენებს, რომ წუთები, საათები, დღეები, თვეები მიდის, მიდის, მიდის..

ჩვენ ჩვენს სიცარიელეს, საიდანღაც ძალით მოთრეულ და გამოგონილ იმედებს ისევ ისე მივაჩოჩებთ საათიდან საათამდე, როგორც ეს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, ყოველ საათსა და დღეს ხდებოდა. ოცნებასა და რეალობას შორის ისედაც გაფერმკრთალებულ ზღვარს ზედ მთელი შეგნებით ვეფარებით და ვმალავთ, რომ გადავრჩეთ.  სურვილისგან გაფართოვებულ თვალებს ნაცრით ვივსებთ.

მაგრამ ფაქტი – მიუღებელი, საზიზღარი, არასასურველი, ურყევი, უცვლელი, ერთადერთი და ჭეშმარიტია.

…ჩვენ უკვე წავიკითხეთ ზღაპარი

და დასაკარგი წარსულიც დავკარგეთ..

    Finale…

Advertisements
This entry was posted in ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

10 Responses to დაკარგული სამოთხე

  1. archi says:

    ვაააა….. ნაღველი და ბოღმა…….

  2. ნატალია says:

    რა ნაღვლიანი პოსტია..
    ყველა ქართველის ტკივილი!არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკისაა..:(

    სულმოუთქმელად ველოდი ახალ პოსტს..

    მეტი წერე რა :)..,გაგვანებივრე,კარგად გამოგდის!!!

  3. მადლობა ნატალია, შევეცდები 🙂

  4. ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ. რამხელა პატივს გცემ და როგორ მინდა პირადად გიცნობდე. სტიმულს მაძლევ, რომ მეც ვწერო, ჩემი აზრი გამოვხატო და ემოციები სხვებსაც გავუზიარო. სულში და გულში შემოვიდა ეს პოსტი. დიდი მადლობა, რომ არსებობ!!! ❤

  5. ვაიმე, რა ბედნიერება იყო ამ კომენტარის ნახვა 🙂 უუდიდესი მადლობა :*

  6. Kate says:

    მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი მე მხოლოდ გადმოცემით ვიცი, მაინც რაღაცნაირი სევდა მაქვს ხოლმე ამ კუთხის მიმართ და ძალიან მწყდება გული, რომ დღესდღეობით ყველაფერი ასეა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s