ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენებურად

86491220ქართველებს ყველაფერი გამორჩეული გვაქვს: მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, მრავალმხრივი, თუმცა გაზარმაცებული ნიჭი, უნიკალურობის განუზომელი ამბიცია („რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“..),ხშირად შესაძლებლობების მასშტაბებს ამცდარი სურვილები, და რა თქმა უნდა, ცხოვრების ზოგადი წესი. თანამედროვე ქართველებმა ენამოსწრებული გამონათქვამი – “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”, საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დავაყენეთ, ზემოთქმული ანდაზის დედა აზრი, სწორხაზოვან ტენდენციურობად და უსამართლო მიკერძოებულობად აღვიქვით  და გაგულისებულებმა დავასკვენით, რომ ჯანსაღ სულს დიახაც, რომ აქვს უფლება არამხოლოდ ჯანსაღ სხეულში, არამედ ნებისმიერი ფორმის, წონისა და მდგომარეობის სხეულში დაიდოს ბინა!

ცოტა ხნის წინ ერთმა ჩემმა უცხოელმა ნაცნობმა გამოთქვა გაკვირვება, რომ დილაობით, როცა თბილისის ქუჩებში დარბის და ვარჯიშობს, თითქმის არავინ ხვდება იგივე საქმით ან თუნდ ველოსიპედის ტარებით დაკავებული, და თან დასძინა, რა კარგია, როგორც ჩანს სახლებში გაქვთ ყველას მოწყობილი კომფორტული სატრენაჟორო კუთხეები და სხეულის გაჯანსაღებაც შინ გირჩევნიათო… ნუ, მე რამდენიმე ყლუპით მეტი ნატურალური წვენი  მოვსვი, რომ პასუხის მოსაფიქრებლად დრო მომეგო და მივხვდი რა, რომ 2 ლიტრი  „კულაც“ კი ვერ დამეხმარებოდა ამ  ამოცანის დასაძლევად, იმ მარტივი მიზეზით, რომ მისაღები პასუხი არ გამაჩნდა,  მრავალმნიშვნელოვნად ვუქნიე თავი და საუბარი მეზობელ თემაზე – დიეტაზე გადავუტანე.

მართლაც, რა მეთქვა?… რომ ჩვენთან – ჭამა-სმის, პოლიტიკური ისტერიისა და ჯიპების ქვეყანაში, ვარჯიში და კონკრეტულად სხეულის გაჯანსაღება ადამიანებისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ინტერესის სფეროა?.. ვერ გაიგებდა… ის ხომ კულტურული სამყაროს კულტურული შვილია.

8409738160_4ffa9c4e75_z

მახსოვს, იტალიაში ყოფნისას, მილანის მახლობლად ქალაქ მონცას ძალიან დიდ, ულამაზეს ტყე-პარკში გავისეირნეთ. მოდიოდნენ და მოდიოდნენ პარკის შესასვლელთან მდიდარი მილანელები თავიანთი მდიდრული მანქანებით, და ჰოი საოცრებავ! იღებდნენ მანქანებიდან ოჯახის ყველა წევრისთვის სათითაო ველოსიპედს, მთელ კვირა დღეს ატარებდნენ სუფთა ჰაერზე, ავარჯიშებდნენ სხეულს, როცა მოშივდებოდათ, იქვე მოლზე გაშლიდნენ სახელდახელო მსუბუქ ლანჩს და იყვნენ ბედნიერები, გაღიმებულები, დასვენებულები..

images

მაშინ, როცა მილანელები და სხვა დანარჩენი ევროპელების დიდი ნაწილი კვირის ყველაზე სასიამოვნო დღეს ბუნებაში ვარჯიშსა და განტვირთვაში ატარებენ, „ახალი ქართველები“ რომელიმე ელიტარულ სახინკლეში შვილს ხინკლიდან ამ უაღრესად სათუთი კერძის  წვენის ნაზად შეხვრეპის თეორიას ასწავლიან და თან ანამუსებენ, რომ თუ თეფშზე სანატრელი სითხის ერთ წვეთს მაინც დაინახავენ დაღვრილს, დამნაშავე ბავშვს აღმკვეთი ღონისძიების სახით იქვე მომლოდინე უნაკლო ლულა-ქაბაბისა და ცვრიანი მწვადის გარეშე დარჩენას შეუფარდებენ!.. თუმცა, რაღა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისის  ნათელი მაგალითებიც, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრებ ქართველთა რიცხვი იმდენად მცირეა, რომ ქუჩაში მოძუნძულე ადამიანს რომ დავინახავ, უხერხულად მივაჩერდები ხოლმე და სანამ თვალს არ მიეფარება ასევე ვრჩები, მისდამი უცნაური პატივისცემის გრძნობით განმსჭვალული და ამოუხსნელი კმაყოფილებისგან გაღიმებული, მეც ხომ უმრავლესობაში ვარ, გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ მაინც – „არაჯანსაღ“ და სამარცხვინო უმრავლესობაში..

„კარგი ცხოვრება“  რომ მეტისმეტად გვიყვარს – ეს ერთმნიშვნელოვნად ცხადია. ან კი რა არის გასაკვირი, ვის არ უყვარს?!.. თუმცა, ჩვენთვის ამ არაჩვეულებრივი ინსტიტუტის მხოლოდ ის ნაწილია მისაღები, სადაც სიამოვნების მიღება „კარგი ცხოვრების“ ცნების ქვეშ მოაზრებული თითოეული პროცესის თუ ქმედების განხორციელებასთან მომენტალურ თანხვედრაშია, ანუ, მოკლედ რომ განვმარტოთ, როცა პროცესი = სიამოვნებას.  ასე მაგალითად: ჭამა-სმა, გინება, ძილი, ცეკვა, სექსი და ა.შ. .. ქართველი კაცის (ქალის) მგრძნობიარე ნებისყოფა ვერ ეგუება გრძელვადიან პერიოდში გაწელილი, სამომავლოდ მისაღები სიამოვნებისა და სარგებელისათვის წინდაწინ გარჯას. აბა დღეს, ხვალ, ზეგ და ასე შემდეგ რომ ველოსიპედს თითო-თითო საათობით, ხვნეშა-ოხვრით გაატარებ, განგებ ადრე ადგები, დაიღლები, თან იმასაც ვერ მიხვდები, გაგიჯანსაღდა თუ არა ისედაც მშვენიერ ჯანზე მყოფი სხეული!…. არაა, რა თქმა უნდა, არ არის ეგ ჩვენი საქმე..

აგერ, შევა ვინმე „ლუარსაბ თათქარიძე“ ბიძია „კაე-კაე“ ქართულ რესტორანში, ერთს გემრიელად მოულხენს, შეჭამს და შესვამს იმდენს, რამდენსაც მისი მრავალგზის ნაპატივებ-მოპუტკუნებული სტომაქი დაიტევს, სმა-ჭამისგან გვარიანად დამძიმებულს, რაღა თქმა უნდა, ცეკვის თავიც არ ექნება. ქეიფის ბოლოს რის ვაი-ვაგლახით წამოდგება, კომპეტენტური ტაატით მივა თავის  ბოინგივით მომართულ ფეშენებელურ ჯიპთან (სანომრე ნიშნით 777), გაჭირვებით, ზმუილისმიერი ძალისხმევით (სადღაც… მესამე ცდაზე)   მოთავსდება საკუთარ ადგილზე და კმაყოფილი კუთვით გაუყვება სახლის გზას, ბედნიერი,  ნასიამოვნები, მოლხენილი … დილით  „ამ დედააფეთქებული პახმელიისგან“  ნაადრევად გაღვიძებული წინა დღის სუფრის მეგობარს „თამაზას“ ან „ოთარას“ დაურეკავს ბახუსისგან ერთად, ძმაბიჭურად თავის დაღწევის მიზნით, ხაშზე და ჭიქა ჭაჭაზე დაპატიჟებს და საღამოს კვლავ რომელიმე რესტორნის დაპყრობის  გეგმას ნაუცბათევად მოხაზავს. ასეთია ტიპიური, ჯიგარი ლუარსაბ-ქართველის „კაი-კაცური კოდექსი“, რომელიც ყველანაირ ნორმატიულ აქტზე უფრო უზენაესია და სადაც ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ მუხლები ჯერ კიდევ, 21-ე საუკუნის რეალობაშიც კი, უბრალოდ არ არსებობს და უსათუოდ დასამატებელია.

images (3)

მოკლედ ასე, ვიქეიფოთ, გავერთოთ, ეკლესიის კარებამდე ჯიპებით მივიდეთ, დამღლელი კვირის შემდეგ სადმე „ჩავსხდეთ“ და კარგად „გამოვთვრეთ“, სახლები დამლაგებლებს დავალაგებინოთ, ჩვენს შვილებს სასეირნოდ ძიძები წაიყვანენ, 45-50 წლის შემდეგ ერთბაშად დაძაბუნებული ძვლებისა და ატკივებული სახსრების სამკურნალოდ ტაქსით წავიდეთ, სიმსუქნეს დიეტით შევებრძოლოთ, ოღონდ ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ, და თუ მაინც არაფერი გამოგვივა, ყველაფერი მთავრობას დავაბრალოთ – მაინც ჩვენი არჩეულია..

Advertisements
This entry was posted in მე და FOCUS, ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

14 Responses to ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენებურად

  1. მე წავიკითხე და ცოტათი არ ვიზიარებ დასაწყისთან დაკავშირებით შენს პესიმიზმს, პირიქით ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი ადამიანი დარბის დილას და საღამოს და უფრო და უფრო ივსება ფიტნეს და სხვადასხვა სავარჯიშო დაწესებულებები
    რაც მე ძალიან, ძალიან მიხარია ❤

    • tami says:

      ვეთანხმები თაას , არის კატეგორია ადამიანების რომლებმაც საქართველოშიც კი ვარჯიში ცხოვრების წესად დანერგეს, თუნაც იმ დარბაზში სადაც მე ვვარჯიშობ ათიოდე ქალი ინტენსიურად მერამდენე წელია უკვე ფორმას და ახალგაზრდობას ვარჯიშით ინარჩუნებს.

      ეს ქალები ,და კაცებს რაც შეეხება და სმა-ჭამა დიდად შესარგს, კიდევ კარგი ჩემი ქმარი
      არ განეკუთვნება ე.წ. თათქარაზე ტიპაჟს, მაგიჟებენ და წყობიდან გამოვყავარ ღიპიან კაცებს. ახალგაზრდა საზამთრო-ღიპიანი კაცები არის საქართველოს სენი და უბედურება, თუმცა უსამართლობა იქნება არ ავღნიშნო რომ ბევრი ახალგაზრდა კაციც უვლის თავს და ნავარჯიშევი, კუნთიანი სხეულით იწონებს თავს.

  2. თუმცა დანარჩენ ნაწილში დაგეთანხმე და ჩაგეხუტე კიდევას ასე ენამოსწრებულად წერისთვის
    Love ya dzetka

  3. tami says:

    შენი მოსწრებული ენა ჩემს აღფრთოვანებასაც იწვევს<3

  4. გოგოებო 🙂 ❤ ძალიან მიხარია რომ მოგწონთ. ნო! :))) თამი, ათიოდე ქალიო შენ თვითონ წერ 🙂 ძალიან ცოტაა, რამდენიც არ უნდა ვამრავლოთ და ვიკითხოთ, ეს რაოდენობა არის ძალიან ცოტა , მაგას ვამბობ, თორემ სულ რომ არავინ დაიდოდეს და ყველა ინდიფერენტული იყოს, ნუ არ ვიცი მაშინ, სადღაც ძაალიან უკან ვყოფილვართ…
    მამაკაცების თემა კიდევ ცალკე გასარჩევია.
    თუმცა, ჩვენი თაობა აშკარად გამოსწორების გზაზე აყენებს საზოგადოებას, დამეთანხმებით ალბათ… და ძალიან მიხარია 🙂

  5. გუშინ ჩამოვედი იტალიიდან და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი. საბოლოოდ მივხვდი რომ ევროპამდე ძალიან ძალიან ბევრი გვიკლია. ჯერ ერთი, რომ ზემოთხსენებული ჯიპი იქ დიდი იშვიათობაა და ყველა დადის კუსკუსა მანქანებით ან მოტოციკლეტებით. და კიდევ დიდი უმრავლესობა ველოსიპედით. დილით 8 საათზე გარეტ გავედი სასეირნოდ ერთ პარკში, 10დან 8 ადამიანი ვარჯიშობდა და ყველას სხეული ტონუსში ჰქონდა. ჩვენთან მეც ხანდახან ისე მივჩერებივარ ხოლმე მოვარჯიშე ადამიანს რომ მერე ჩემი თავის მცხვენია. არააა, არც ევროპა ვართ არც აზია, ეს ქართველი რაღაც ამოუცნობი ფენომენია.

    • glamourbrunette, აბსოლუტურად გეთანხმები 🙂 ჩვენ ამოუცნობი ფენომენი ვართ…
      თითქმის ყველა ჩემს ევროპელ სტუმარს უკვირს ხოლმე, კი მაგრამ რანაირად ხართ გაჭირვებული ქვეყანა, ამდენი ჯიპები დადის თქვენთანო…

  6. martals brdzanebt… magram chemi yuradgeba ratomgac shvlis xinkalma ufro miipyro))…

  7. Lord Vader says:

    რაც სოცქსელებში დავწერე, აქ აღარ გავიმეორებ.
    პლუს ველოსიპედზეც ბვერია უკვე. მილიონნახევრიანი ქალაქისთვის შეიძლება არაა ბევრი, მაგრამ ცოტა ხნის წინ რაც იყო იმასთან შედარებით.
    ბარნოვზე ბევრია ველოსიპედიატი. საირმეზეც მინახავს. ეგკიარა უფრო გადატვირთულ ქუჩებზეც კი შემხვედრია. დილით ადრე რომ ავდგე მეტსაც ვნახავდი დარწმუნებული ვარ 🙂
    და ბათუმში ხომ უამრავი ადამიანი იყო ველოსიპედებზე. არადა რაც მაგ ბილიკებზე ქილიკობდა მავანი 🙂
    თბილისშიც ტტუ იქნება ეგეთი ადგილები, მაგალითად სანაპიროზე აქაც კიდევ უფრო მეტი შემოაჯდება ველოებს.

    • Lord Vader says:

      ისიცაა, რომ არინ ძალიანმოვარჯიშე ხალხები, რომლებიც კვების არასწორი რეჟიმის გამო მაინც სუქდებიან და არიან ნაკლებმოვარჯიშე ხალხები, რომლებიც სწორი რეჟიმის წყალობით ნაკლებად სუქდებიან 🙂 კიარადა იკლებენ კიდეც წონაში. საკუთარ თავზე ვატყობ ამას :))

    • მემგონი სულ ტყუილად ხართ ასეთი ოპტიმისტური მაილორდ, არაა ეგრე, სამწუხაროდ..
      და მეორე კომენტარში სრულიად გეთანხმები.

  8. Dalier says:

    ვარჯიშთან ერთად საჭიროა სწორი კვებაც )) http://www.qwelly.com/xn/detail/6506411:Topic:202947

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s