მტერთან ახლოს

arboსოფელში ვარ, ჩემს სოფელ არბოში. ვწერ და თან ვისუნთქავ ამქვეყნად ყველაზე გემრიელ და ძვირფას, ნამდვილ სოფლურ ჰაერს, ბევრი ჟანგბადით, ცოტა ნეხვის სუნით, ცოტაზე მეტი ლიახვიდან მობერილი ცივ–ცივი სიოთი და ბევრი, ბევრი ტკბილი ბავშვობით გაჯერებულს… კიდევ იმ თავბრუდამხვევად სასიამოვნო არომატით სავსეს, ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ შეგვისუნთქია – მონატრებული საყვარელის კანის სუნივით ახლობელი და ხერხემალში ჟრუანტელის გაელვებასავით ტკბილი… ბოლო დროს ჩემი და არბოს ურთიერთობას შიშიც დაემატა. ეს შიში დიდი ხნის გადაუხდელი ვალის შეგრძნებასავით სულ ჩემთანაა, საძაგელი გრძნობაა..

ახლა ჩემგან 500 მეტრში რუსებისგან გავლებული მავთულხლართებია, დაახლოებით 1 კილომეტრში თვითონ მისი უოკუპანტესობა რუსების გარნიზონია დიდ გრძელ ზოლად განათებული. დღეს ჩემი სოფელი კონფლიქტის ზონაა, კვირაში 2–3 ჯერ საერთაშორისო დამკვირვებლები თავიანთი დიდი, თეთრი, ევროკავშირულად კომპეტენტური ჯიპებით დაგოგმანებენ და თავიანთი ჭკუით, არე–მარეს აკონტროლებენ. აქ მე სულ არ მაინტერესებს სალომე ქათამაძემ რომელი ადგილი დაიკავა იურმალაზე, არც ის მაინტერესებს, რომ რუსეთი ბორჯომის და ქართული ღვინის გასაღების საუკეთესო ბაზარია და არც ის, რომ „ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ და ჩვენი ტრადიციები გაცილებით უფრო ახლოს დგას, ვიდრე ამ „ურჯულო“ ამერიკის და ევროპის“…

მთელი ჩემი ცხოვრება ამ დევისმუჭისხელა, პატარა, 100 კომლიან სოფელში ეტევა. 20 დღის ვყოფილვარ, აქ პირველად რომ ამომიყვანეს. როგორც ჩანს, მაშინ ერთი ნახვით შედგა ჩემი და არბოს ორმხრივი სიყვარული. ყოველ ზაფხულს ამოვდიოდით მე და ჩემი დები, დავრბოდი თავისუფლებაზე გიჟურად დახარბებული ახლადგათავისუფლებული პატიმარივით, აქ ვკითხულობდი ყველაზე მეტ წიგნს, გულში ვეხუტებოდი ჩემს დიდი ხნის უნახავ გორელ ტყუპ ბიძაშვილს, დავდიოდით ერთად ნახირში – ცამდე ბედნიერები, რომ ასეთი საპასუხისმგებლო საქმე მოგვანდეს, ვიპარებოდით ლიახვის პირზე – გვერდაზე, ღამ–ღამობით სახლის წინ ბავშვებთან ერთად ვმღეროდით, ლაღები ვიყავით.

ლიახვი

ასეა… ამ სოფელს უკავშირდება ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბების თითქმის ყველა ეტაპი.

მახსოვს, არბოში აღმოვაჩინე პირველად ნამდვილი სიკვდილი და ცოტათი გავიზარდე. ალბათ პირველკლასელი ვიქნებოდი, მოსაღამოვებულზე ხმა დაირხა, ჩორნა მოკვდაო, ჩვენი მეზობელი იყო საწყალი, შავგვრემანი, მოღუშული კაცი.  გავვარდით მე და ჩემი ბიძაშვილები. ამათ, ჩემზე მთელი 3 წლით უფროსებმა, შეშფოთებულებმა გამაფრთხილეს, იცოდე სახეზე არ შეხედო, გულით მომკვდარა და შავ მარმარილოზე კიდევ უფრო შავიაო. მე, ბავშვობიდან კატასტროფულად ცნობისმოყვარე, რა თქმა უნდა, მაინც შევედი და შედეგად ერთთვიანი ელდა და შიშისგან ფართოდ დაჭყეტილი თვალები ავიკიდე. ზუსტად მაგდენი ხანი მელანდებოდა ხოლმე შავ–შავი ჩორნას სახე  დასაძინებლად დაწოლილს კედელზე, შიშისგან ვიყინებოდი და საბნის ქვეშ ვიბუზებოდი თავიან–ფეხიანა, მერე როგორც იქნა გაქრა…

არბოში გავაცნობიერე, რომ ფიზიკური შრომა ადამიანს აკეთილშობილებს და აჯანსაღებს, და რომ თბილისში აღიარებული სნობური ჭეშმარიტება „სოფლელობა ტეხავს“ მხოლოდ სოფლური ცხოვრების ბედნიერებას მოკლებული გაზულუქებული ხალხის ფსევდო–კაიტიპობის ნაწილია და მეტი არც არაფერი.

არბოში გავიცანი ირაკლი – ჩემი ცხოვრების უმთავრესი ადამიანი, და შემიყვარდა ისე როგორც არასდროს არავინ… აღმოჩნდა, რომ არბოს სიყვარული ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე დიდი საერთო მაკავშირებელი ძაფია..

დღეს ჩემი  შვილები არიან ყურებამდე შეყვარებული ამ საოცარ ადგილზე.  აქ ამათ რომ ვუყურებ,  ვხვდები, რომ ჩემი ბავშვობა კი არ მორჩა, უბრალოდ ჩემი შვილების ცხოვრებაში გადმობარგდა და ისევ გრძელდება… დიდი ხანი არაა რაც მივხვდით, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მიჯაჭვულები ვართ ამ პატარა სივრცეზე და ბევრი აღარც გვიფიქრია, ჩვენი სახლი ავაშენეთ. ბევრი ფიქრობს, რომ სულმნათი პატრიოტები ვართ, დანარჩენები თეთრბილეთიან გიჟებს გვეძახიან. მე არც ერთს ვეთანხმები, არც მეორეს, და სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში კიდეც მიკვირს ეს დამოკიდებულება, ჩვენ ხომ არაფერს ვაკეთებთ განსაკუთრებულს, ყველაფერი ისეა, როგორც უკანასკნელი 28 წლის ყოველ ზაფხულს, ჩვენს მონატრებულ დედულეთში მოვდივართ, უბრალოდ ახლა უკვე ჩვენი შვილებით..

აქ ხალხი ძველებურად ცხოვრობს. ჭამს, აჩენს შვილებს, დადის ყანაში, მეზობლებს ჭორავს და სულ ცალ პანღურზე ჰკიდია, რომ რამდენიმე მეტრში ძალიან საშიშ და ცინიკოს მტერს ღვიძავს. მე მიყვარს ეს ხალხი, ეს კეთილი, ბოროტი, ჭორიკანა, თვალთმაქცი, უზომოდ ცნობისმოყვარე, ალალი, შრომისმოყვარე, ხელებდაკოჟრილი ხალხი, რადგან ჩვენ ყველას ერთად გვიყვარს ეს ადგილი… ერთად გვიყვარს ლიახვი და მისი ხეობა, ეს პატარა ეკლესია სოფლის შუაგულში, გვიყვარს სამკაკლები ჭალაში, არბოს სკოლა ბებიაჩემის სახლის წინ, ულამაზესი ვაშლის ბაღით, გვიყვარს არბოს ულამაზესი ცა, ისეთი, როგორიც არსად, არსად არაა – თავზე წამოხურული ვარსკვლავებიანი ღრმა სფერო. რამდენჯერ გვიყურებია მისთვის დაუსრულებლად მე და იკას, სკოლის ეზოს ღუნღულა მწვანე მდელოზე შუაღამით წამოკოტრიალებულებს და თავმიდებულებს..

არ მტოვებს ფიქრი, რომ ეს იდილია ჩვენსა და არბოს შორის შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს.. წადით, რუსო ჯარისკაცებო, მე ხომ ვიცი, თქვენც უცხოდ გრძნობთ თავს გრუზინების მიწაზე, ვიცი, რომ ერთ განცალკევებულ გორაკს უხეიროდ შეწებებულები საკუთარ სახლზე, ცოლზე, საყვარელზე, შვილებზე ფიქრობთ, გენატრებათ თქვენი რუსული პელმენები და ბორში, წადით ვანიჩკებო და იგარიოკებო, დაუბრუნდით თქვენს ცხოვრებას, ჩვენ კი ჩვენი შეგვარჩინეთ, დაააცადეთ ჩემს შვილებს მშვიდად გაიზარდონ აქ, ირბინონ ძროხების საძოვარზე, მინდორზე, ბაღ–ვენახები ყიჟინით დაიპყრონ, ორღობეებში სოფლელ ბავშვებთან ერთად ვაშლები და ატმები მოკრიფონ, თავიანთ თანატოლებს ბაღში მუშაობაში დაეხმარონ და აღმოაჩინონ, რომ ეს მიწა და ადამიანები სიგიჟემდე უყვართ..

არბოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. წინა პატარა სამრეკლო მეათე საუკუნეშია აშენებული, გადმოცემის თანახმად აბო თბილელის ძვლებია მის საფუძველში დამარხული, დიდი ეკლესია 19-ე საუკუნეში აშენდა.

მამა-შვილი

კალანდარიშვილების სახლი – არბოს კოლორიტული სახლია, ბავშვობაში მივდიოდი და დიდხანს ვუყურებდი ხოლმე, ისე ძალიან მომწონდა. სანამ ბავშვი ვიყავი,  სულ მეგონა რომ ეს ადგილი რაღაც სასწაულს შეიცავდა და ოდესმე აღმოვაჩენდი :))

არბოს სკოლა

სკოლაში შესასვლელი ხეივანი და ჩემი პატარა  ველომრბოლელი

ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი

გოგია პაპას  წისქვილი ლიახვის პირას

Advertisements
This entry was posted in a little of me.., ჩვენ - ქართველები. Bookmark the permalink.

27 Responses to მტერთან ახლოს

  1. დამბურძგლა 🙂

  2. Nanka says:

    რა კარგად წერ, ერთ ამოსუნთქვაზე რო იკითხება.

    ეს კი ციტატად მინდა წავიღო “მონატრებული საყვარელის კანის სუნივით ახლობელი და ხერხემალში ადრენალინის გაელვებასავით ტკბილი…

  3. nata says:

    tako cremlebi camomividaa . . .

  4. გოგოებო, დიდი მადლობა 🙂 ეს თემა ჩემთვისაც განსაკუთრებულია..

  5. რა ტკბილი და რა დიდი სიყვარული იგრძნობა…. მარადიული…

  6. qeti says:

    მთელმა ბავშვობამ გამირბინა თავში ერთ წამში….ცრელები წამომივიდა..როგორ მიყვარს თითოეული ადგილი…. “გვიყვარს არბოს ულამაზესი ცა, ისეთი, როგორიც არსად, არსად არაა – თავზე წამოხურული ვარსკვლავებიანი ღრმა სფერო” – არბოსნაირი ცა ხომ მართლაც არსად არაა…და თუ არ ნახე ვერ მიხვდები რომ მართლაც ასეა!

  7. arvhi says:

    მომეწონა…. ერთ რამეზე დამაფიქრა – მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ხალხზე……

    • ჰო 😦 ხვალ შეიძლება ჩვენც მათ გვერდით აღმოვჩნდეთ.. და არ მინდა ამაზე ფიქრი, ძაან ცუდად ვხდები, ალბათ ისინიც ძალიან ცუდად არიან..

  8. tami says:

    საოცარი გრძნობები შემომაწვა, ლიახვის ხეობა ჩემი ბავშობის მოგონებებშიც ცოცხლობს. ჩემს საყვარელ პაპიკოს უცხოვრია,ბავშვობა და ახალგაზდობა გაულევია.
    და მუდამ იმ აღტკინებით მიყვებოდა თავის ბავშვობაზე, როგორც შენ ამ პოსტში წერ.

  9. ნატალია says:

    თაკოოო,ამეშალა ბავშვობის მოგონებები და კიდევ ურო გამიათასმაგდა სიყვარული არბოსადმიი..ყველაზე ბევრი ტკბილი მოგონება ბავშვობიდან…ვინც კი ოდესმე არბოში ყოფილა გულგრილი ვერ რჩება… მეშინია, მეც ბევრჯერ მიფიქრია,ერთ დღესაც,რომ ვეღარ მივიდეთ,მაგრამ ისეთი მადლიანი სოფელია,ყველაფერი კარგად იქნება..თვალწინ გადამიშალე ბავშვობა,,მახსოვს სულ, რომ კითხულობდი :)ლიახვის მზეს,რომ ემალებოდი :)და ყოველთვის საოცარი სითბო იღვრებოდა შენგანნ…<3 კარგად კი ამაცრემლე..

    გაიხარე შენ ამ გემრიელი პოსტისთვის..:)

  10. ასეა, ბავშვობის მოგონებები ყველაზე ტკბილი და დაუვიწყარია 🙂
    თამი, მიხარია რომ ზუსტად ისე აღიქვი ყველაფერი როგორც სინამდვილეშია და მე მინდოდა მომეწოდებინა.
    ნატალია, მადლობა თბილი სიტყვებისთვის 🙂

  11. lia says:

    იცი, თაკო, მე ახლა სენტიმენტალურსა და მშობლიურზე კი არა, სერიოზულზე მინდა გითხრა: (რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ერთი მეორეს გამორიცხავს 🙂 ): ვიდრე შენისთანებს შეეძლებათ თავიაანთ შვილებს ასეთი სიყვარული გადასცენ, საქართველო არ გადაშენდება…

  12. Lord Vader says:

    განსხვავებული პოსტია, ემოციებით დატვირთული და ძაან მაგარი.

    • ლორდ, შენი კომპლიმენტი ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, მიხარია, რომ მოგეწონა )

      • Lord Vader says:

        ასეთ პოსტებს რომ ვკითხულობ, ისე ძალიან არ ვნანობ, თავის დროზე აქედან რომ არ ავახვიე.

  13. marika says:

    თაკო გენაცვალე , მე შენი არბო შემიყვარდა 🙂

  14. მარიკა 🙂 დიდი მადლობა.
    ლორდ, მიხარია თუ ასეა, მართლა.. )

  15. veriko says:

    vaimee rogor menatrebaaa, ramdeni vitire 😦 kochag tako !!! dzalian didi grdznobit da gulwrpelobit aris dawrili. sitkvebi ar mkopnis…

  16. ვერიკო 🙂 დიდი მადლობა, რამდენი არბოელი შევიკრიბეთ ამ ბლოგზე ხედავთ :)) მაგარია..

  17. გულს რომ რაღაცნაირად აგივსებს ბედნიერებით ისეთი პოსტია. ჩემი სოფელი გამახსენდა, ნუკრიანი. დედულეთია ჩემი და მთელი ბავშვობის ტკბილი წლები იქ მაქვს გატარებული. ჯერ ძალიან დიდი არ ვარ, 17 წლის, და ვიცი, რომ წინ კიდევ დიდი ბედნიერება მელოდება. მეც ისე მიყვარს ჩემი სოფელი, რომ მივუახლოვდებით ხოლმე შესასვლელს გულში რაღაც ნაპერწკალი მენთება. (ამდენი ემოციის მერე გადავწყვიტე, ხვალ სოფელში მივდივარ!) :))

    • 🙂 მიხარია შენნაირი თბილი და ტკბილი მკითხველი რომ შევიძინე…

      • ძალიან დიდი მადლობა, პირიქით მე მიხარია რომ შენი მკითხველი ვარ. ახალსაც ვერ დავარქმევდი ჩემს თავს, უბრალოდ კომეენტარს არ ვტოვებდი.. შენ და თათა მორჩილაძე იყავით ჩემი ინსპირაცია და მეც გადავწყვიტე ბლოგი დამეწყო. მადლობა, რომ მომეცით ის, რაც მჭირდებოდა. სურვილი, რომ დამეწყო ჩემი საქმე :*

      • tu ar shewuxdebi da tu ra tkma unda dagaineresebs, dzalian gamixardeba tu chems blogs ewvevi da azrebs gamiziareb. didi madloba winaswar
        http://glamourbrunette.wordpress.com/

  18. მარი, ძაან მიხარია 🙂 რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით გეწვევი ხოლმე ..

  19. Keti says:

    საოცარი პოსტია, გადამდები ემოციებით სავსე. არც კი ვიცი რა ვთქვა, რაღაცნაირად მეამაყება, როცა ვხედავ ასეთი სიყვარულით სავსე ადამიანებს და ბავშვებსაც იგივეს რომ უნერგავენ, ძალიან ვაფასებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s