ბერლინი – კერძები, შოფინგი, etc…

760faa425ded585dc7e8013ea61bac64ერთ-ერთი ყველაზე-ყველაზე გასაღიმებელი და ძალიან სასიამოვნო მოგონება ჩემი ბერლინური ვოიაჟიდან, გაგიკვირდებათ და გერმანულ სამზარეულოს უკავშირდება.  კი მეუბნებოდა ირაკლი, ხორცის გემოს იქ გაიგებ, რა არისო, მაგრამ ამას რას წარმოვიდგენდი,  კულინარული შოკი მივიღე. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, სასტუმროში საუზმეს შევექცეოდით,  გერმანულ რესტორანში ვსადილობდით, თუ თურქულ ბისტროში წავიხემსებდით, ყველგან გვთავაზობდნენ საოცარ ხარისხს, უუზარმაზარ პორციებს და ხორც-პროდუქტების დაუვიწყარ გემოს.  იქ ყოფნისას შევეჩვიეთ ჩვენი ქუჩის ოდნავ ზემოთ ანჰალტერ შტრასეზე (Anhalter Strasse) პატარა თურქულ კაფეს, სადაც ისეთ დონერებს გვიმზადებდა ერთი თურქი დეიდა ძირძველი გერმანელი ხბოს ხორცისგან (baby beef – ასე ამიხსნა, რომ ვკითხე რისი ხორცია მეთქი :), რომ თურქებს ეგეთი არც  დაესიზმრებათ. ასევე ვესტუმრეთ იქვე, ჩვენს უბანში პატარა იტალიურ რესტორანს, სადაც ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო, ისეთი… არადა მახსოვს, მილანში თავის დროზე სანატრელი გაგვიხდა ნორმალური რესტორანი გემრიელი კერძებით, ბოლოს ძლივს მივაგენით ერთ პიცერიას.  

ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე. იქ ყოფნის მესამე საღამოს მე და იკამ გამოვართვით სასტუმროს მისაღების გოგოს ახლო-მახლო ყველაზე-ყველაზე გერმანული რესტორნის მისამართი და ასე აღმოვჩნდით Alte Potsdamer Strasse-ზე MOMMSENECK-ში. შეკვეთიდან 15 წუთში მომიტანეს თეფშით უზარმაზარი გორა – დელიკატესის, ხარისხის და სიამოვნების დაახლოებით 20 წუთის, რომელსაც ეგრევე მოყვა სინანულის ამდენივე წუთი, რადგან ბერლინში ნადიეტარ-3 კილოდაკლებული გავეშურე. მაგრამ იქვე მივახრჩე აშკარად უადგილო სინანული, ბოლოს და ბოლოს ისევ დავჯდები ამ ოხერ დიეტაზე. ჰო, და ყველაზე მთავარი მრჩებოდა, გემრიელ კერძებზე მიყოლებული ზღაპრული ლუდი, მენიუში – ათასნაირი, ყველა ძალიან მაგარი და ერთმანეთზე უფრო არომატული, მწკლარტე, იდეალურად ცივი და  ძალიან გემრიელი. რომ ვეღარ ხვდები, რომელი აიღო და ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო გემრიელი რომ გეჩვენება..

wolfgang_puck_oktoberfest

ახლა ვხვდები, რატომ აქვთ გერმანელ ქალებს ღიპები.

სხვათაშორის, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გერმანელი მანდილოსნები საკმაოდ მოუვლელები არიან. ძალიან შველით ის, რომ აქვთ თეთი ნაზი კანი, ქერა თმა და ღია ფერის თვალები, თუმცა ძალიან ცოტა მათგანი ვნახე მოვლილ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში.  დავარცხნილი თმა, მაკიაჟი, მაღალი ქუსლები და გემოვნებით შერჩეული ტანსაცმელი ნამდვილად არ უნდა იყოს მათი ინტერესის საგანი. აი მაგ საკითხში იტალიელ და ფრანგ ქალებს ბადალი არ ჰყავთ..

ახლა კი შოფინგი 🙂

ჩვენს სასტუმროსთან ახლოს, 10 წუთის სავალზე, პოცდამერის მოედანზე (Potsdamer Platz) იყო აღმართული დიდი და  ნანატრი სავაჭრო მოლი, რომელსაც ჩასვლიდან მეორე დღეს დავესხი თავს. ახლა ორი სიტყვით ჩემს შოპაჰოლიზმზე. ჩვენი 7 წლის  კოჰაბიტაციის  მანძილზე ირაკლი არაერთხელ გამხდარა ჩემი აღვირახსნილი შოფინგის მსხვერპლი, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ასეთ შემთხვევებში, რაც არც თუ ისე იშვიათია, მისი საკრედიტო ბარათი და რკინისებური ნერვები პარალელურ რეჟიმში განიცდიან  აქტიური ტემპის, მაღალი ხარისხის ამორტიზაციას. ეს მიხდება? აუ, ეს ავიღო თუ ეს? თუ ორივეე? აბა კარგად შემომხედე, ეს ჩემს  სამსახურში ჩაიცმევა? – ძირითადად ამ ტყვიებით ვცხრილავ ხოლმე შოფინგის დროს ჩემს ქმარს, რომელმაც ფაქტია, რომ გამოიმუშავა რაღაც განსაკუთრებული იმუნიტეტი და გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ და რა ძალებით მიძლებს…   სწორედ ამ პროცესთან დაკავშირებით,  წინასწარ წამოიღო თბილისიდან დამატებით სრულიად ცარიელი ჩემოდანი, შენი ამბავი რომ ვიცი, მერე თვითმფრინავში თავზეც ფუთებს დამადებო. მოკლედ ასე.

ესე იგი, H&M რომ გაგვიხსნან თბილისში, მე არ ვიცი საზღვარგარეთ რატომ და რისთვის უნდა წავიდეთ საერთოდ 😉  დალოცვილი მაღაზიაა, ნამდვილად არ ღირს იმის ჩამოთვლა რა ვიყიდე, ერთია, რომ სასტუმროში რომ მივედით მარტო H&M-ს ოთხი ყველაზე დიდი პაკეტი გვქონდა გავსებული ჩემი ნაშოფინგარით და ბევრი საჩუქრებით. მე ვიყავი გაბრწყინებული და ძალიან ბედნიერი, ირაკლი ძალიან დაღლილი და ზრდილობიანი 🙂

hm

მოლში აღმოვაჩინეთ ფეხსაცმლის აქამდე უცნობი გერმანული ბრენდის მაღაზია,  რომლის სახელიც არ მახსოვს სამწუხაროდ. იქაც გავაკეთეთ გემრიელი შენაძენები და ჩვენს ფუთებს კიდევ ორი გავსებული პარკი მიემატა. შემდეგ ერთი შექროლება კიდევ შევედი 2 წუთით H&M-ში, (ირაკლის საგანგებოდ დავეთხოვე, თვითონ გარეთ სავარძელზე დარჩა) ჩემი ბავშვის ძიძისთვის საჩუქრის საყიდლად, ნახევარ საათში დავბრუნდი ძიძის მაისურით, ჩემთვის შარვლით, მაისურით და ჩანთით და უცბათ თვალი მომტაცა  პირდაპირ  პარფიუმერიის მაღაზიამ, დაახლოებით ლუტეციას და ვუ ლე ვუს სტილში. გამახსენდა, რომ მწვანე ფერში თვალის ჩრდილების ყიდვა მქონდა გადაწყვეტილი და ირაკლის, რომელსაც აღშფოთებისგან საცერივით ჰქონდა უკვე თვალები, კიდევ 5 წუთით უსინდისოდ „დავეთხოვე“. შევედი თუ არა მომესალმა სიმპათიური უასაკო ბიჭი, თინეიჯერის სახით და ჭაღარა ხვეული თმით, რომელიც ვიზაჟისტი აღმოჩნდა  და ციბრუტივით დატრიალდა ჩემს დასახმარებლად. ამ მაღაზიაში ჩავიდინე ჩემთვის მართლაც უჩვეულო საქციელი, კერძოდ, ვენდე ამ სრულიად უცნობ ადამიანს, რომელმაც დაჟინებით მთხოვა და მირჩია, რომ მე, რომელიც მზად ვიყავი მეყიდა  რომელიმე ლუქს ბრენდი, შემეძინა ჩემთვის უცნობი ბრენდის – NYX-ს ჩრდილები. როგორც ამ ყმაწვილმა ამიხსნა, ეს არის ვიზაჟისტების (Make-Up Artists) ფავორიტი ბრენდი, რომლის ხარისხიც დიდად არ ჩამოუვარდება საყოველთაოდ პოპულარულ კოსმეტიკურ ნაწარმს, მაგრამ არის ნაკლებად რეკლამირებული და როგორც წესი დიზაინიც ბევრად მარტივი და ნაკლებად ძვირფასი, რაც მთავარია,  „თენ ეუროზ, მადამ! ჯასთ თენ ეუროზ!“  მერე მომაკალათა იქვე მაღალ სკამზე და გამიკეთა ულამაზესი თვალის დღის მაკიაჟი  NYX-ს მწვანე ტონებში. ასე გავრისკე და შევიძინე სულ რაღაც 10 ევროდ ჩემი ოცნების თვალის ჩრდილები.

ნუ რაღა თქმა უნდა, ამ პროცესზე გაცილებით მეტი დრო დაიხარჯა, ვიდრე დათქმული მაქსიმუმ 5 წუთი.. ისა, მოდით, წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი გერმანიაში დაღუპულ ებრაელთა ხსოვნას…

ბოლო ღამეს ყველაზე ტკბილად მეძინა ნაშოპინგარი პარკებით გადაპენტილ ჩემს ნომერში… 🙂 მეორე დღეს დავდექი უდიდესი დილემის წინაშე –  როგორ უნდა ჩამეტია ექვსი დიდი პარკი საშუალო ზომის ცარიელ ჩემოდანში, თან ირაკლი გამარჯვებული სახით თავზე მადგა და  მავალდებულებდა, როგორც მინდოდა ისე გავმკლავებოდი  ამ ურთულეს განსაცდელს, თვითონ საწოლზე წამოკოტრიალდა და ჩადარაჯებული მიყურებდა. მაგრამ ვინ, ვინ და მე ჩემს ნაშოფინგარ სანუკვარ ნივთებს უპატრონოდ დავტოვებდი? ისე ოპტიმალურად და ზუსტად გადავანაწილე, რომ მე თვითონ გამიკვირდა, და რაც მთავარია ძალიან გამეხარდა.

საღამოს 7 საათზე გამოვფრინდით ბერლინიდან კმაყოფილები, ნასიამოვნები და განტვირთულები. აღდგომა დღე თენდებოდა.

Advertisements
This entry was posted in a little of me... Bookmark the permalink.

9 Responses to ბერლინი – კერძები, შოფინგი, etc…

  1. qeti says:

    tako moamdome germaniashi casvla ra:))) H&M chemi tkivilia 😀

  2. რომ გითხრა ხორცეულ–ლუდეულის ქება დიდება აღფრთოვანებით წავიკითხე და გავიზიარე მეთქი მწარედ მოგატყუებ

    მაგრამ აი მეორე ნაწილში, მეც შენთან ერთად დავქროდი მაღაზიებში და შენთან ერთად განვიცადე ყოველი წუთი, მათ შორის ირაკლის საცერისხელა თვალებიც წარმომიდგა თვალწინ და მისი რისხვაც :დ :დ :დ

    ისე, დაგედო რაც იყიდე რა მოხდებოდა მაგალითად?
    თვალი ისიამოვნებდა, ცოტათი შემშურდებოდა კიდეც და ასე 🙂

  3. qeti says:

    ulamazesi fexsacmelia da suartze ar chans egeti daxvewili rom aris…

  4. Lord Vader says:

    მე კიდევ 1ლი ნაწილი წავიკითხე აღფრთოვანებით.
    🙂
    თუმცა ჩემი არჩევანი რომ ყოფილიყო თეთრ ლუდს არ დავლევდი მაგრამ ხორცეულობა ძააააან…

  5. მოკლედ, მინდა რომ აქვე ამ პოსტთან დავაკომენტო, რომ NYX-ს ჩრდილები, რომელიც ასეთი აღფრთოვანებით ვიყიდე “თენ ეურო”-დ, გამოდგა საკმაოდ უხარისხო, ასე რომ კიდევ ერტხელ დავრწმუნდი: ხარისხს არ უნდა უღალატო! გადაიხადე მეტი და მიიღე შედეგი გარანტირებულად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s