ბერლინი, ბერლინი

berlin-ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე, როგორც ჩვენი ბედკრული ქვეყნის ვალის მართვის პროცესში მონაწილე ერთ-ერთი პირი, მიმიწვიეს ბერლინში ვალის მართვის საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც მსოფლიო ბანკისა და გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. ვინაიდან და რადგანაც საქართველოდან მხოლოდ მე ვიქნებოდი წარმოდგენილი, ძალიან ვთხოვე ჩემს საყვარელ მეორე ნახევარს (რომელიც უჩემოდაც კარგადაა გაბნეული თავის მივლინებებში) ნუ გამწირავდა მარტოობისთვის და გამომყოლოდა, ხოდა ქართველი კაცის და მით უმეტეს ქმრის  სოლიდარობის ამბავი კი მოგეხსენებათ და იქვე მივხვდი, რომ ძალიან გემრიელი მოგზაურობა უნდა გამოგვეცხო ერთად 🙂  ეს მართლა კარგად გამოგვდის ..

მოკლედ ასე. გავფრინდით ბერლინში. აქვე ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ საკვირველად კარგად იქცეოდნენ ქართველები თბილისი-სტამბულის რეისზე. დილის 9 საათი იყო, გერმანიის დედაქალაქში  ფეხი რომ დავადგით და აქედან დაიწყო ჩვენი შთაბეჭდილებები, რომელიც ჩემთვის, როგორც წესი, იწყება ხოლმე შედარებით ნეგატიური განწყობით, ნელ-ნელა მიიჩქარის პოზიტივისკენ და  მოგზაურობის დასასრულს აღწევს სასიამოვნო კულმინაციას.

ბერლინის უკიდურესი გარეუბანი ერთი ჩვეულებრივი გლდანია, მოწყენილი, მეტ-ნაკლებად უსახური შენობებით და, გაგიკვირდებათ და ქუჩაში დაყრილი ნაგავით, მაგრამ როგორც კი უახლოვდებით ქალაქის ცენტრს, სიტუაცია რადიკალურად იცვლება. ჩვენი სასტუმრო Movenpick Hotel Berlin  ბერლინის შუაგულში მდებარეობდა, ბარგი სასტუმროში დავტოვეთ და ქალაქის დასათვალიერებლად გამოვედით. ჯერ შემოგარენი დავათვალიერეთ, ცოტა ვიბოდიალეთ და გეზი ავიღეთ ბერლინის ებრაული მუზეუმისკენ, რომლის დათვალიერებაც უკვე დიდი ხანია ძალიან მაინტერესებდა.  ავიღეთ ოკუპანტის ენაზე მომართული აუდიო გიდები და საქმეს მივხედეთ. შედეგი იყო ის, რომ შემდეგი 2 საათი არც ერთხელ გაგვიღიმია, ერთმანეთსაც კი სულ 2-3 ჯერ გამოველაპარაკეთ. რაც შეეხება მუზეუმს,  პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ორიგინალური კონსტუქციის, ცივი და კუთხოვანი, ზიგზაგისებური ფორმების შენობა, ძალიან ძალიან ნიჭიერი პოლონელი არქიტექტორ-დიზაინერის დანიელ  ლიბესკინის  დაპროექტებული. მუზეუმი გაფორმებულია სხვადასხვა ვიდეო,  ფოტო და მატერიალური  ექსპონატებით მეორე სოფლიო ომის და ებრაელთა ჩაგვრის თემაზე, არის საკმაოდ დიდი 15 000 მ2  და ძალიან ინფორმაციული.

Jewish_Museum_Berlin_2_2 Jewish-Museum---Berlin-2120

შემდეგი ორი დღე ძირითადად ფორუმს მივუძღვენი. ეს თემა დარწმუნებული ვარ ყველაზე ნაკლებად საინტერესო იქნება თქვენთვის. მოკლედ ვიტყვი, რომ იყო საკმაოდ საინტერესო, რადგან წარმოდგენილი იყო უამრავი ქვეყანა, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, მათ შორის, ძალიან მომხიბლავი პროფესორი-ფინანსისტი კარლოს ბრაგა –  უჭკვიანესი ადამიანი საოცრად ელეგანტური იუმორის გრძნობით, მამაოების შესაშური ჟღერადი ხმის ტემბრით და ულამაზესი  ინგლისურის ბრაზილიურ კილოზე გამოთქმით, ბიძია კარლოსი აცოცხლებდა და ახალისებდა ფორუმის ასზე მეტ მონაწილეს თავისი ენამოსწრებული ჯოუქებით და ფინანსური ანეკდოტებით. სხვათაშორის, შესვენებაზე ფორუმის ერთ ახალგაზრდა მონაწილე ქერა გოგოს საკმაოდ წარმატებულად აბამდა, უბრალო კაცი არ გეგონოთ… აი ისიც, ინტერნეტში ვიპოვე ფოტო. braga

ბერლინი ძალინ მშვიდი ქალაქია, ჩვენი ჩასვლის დღე დაემთხვა ევროპის შრომის დღეს (არასამუშაოს) და ქალაქი იმდენად მშვიდი და ცარიელი იყო,  გამიჩნდა შეგრძნება, რომ აქ არავინ ცხოვრობდა და მარტო გერმანელი ფანტომები დასეირნობენ ხოლმე ისიც ღამე.. ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში ისაა, რომ ბერლინში თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე პატარა სკვერებია, ყველგან სიმწვანე,  პატარა ბუჩქების მოწესრიგებული ზოლი ან ხეების პატარა რიგები ტროტუარებზე..

ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩასვლის პირველივე დღეს გავხდი ველოსიპედისტების რისხვის მსხვერპლი. მე, როგორც რიგითი უკულტურო ქართველი დიდი ამბით მივსეირნობდი ველოსიპედისტების ბილიკზე და ისეთი გართული ვიყავი ფიქრებში, რომ არც ველოდიპედის უსუსური ზარის წიკვინი გამიგია, არც  გაგულისებული ექს-ფაშისტის მოახლოვება და მოკლედ, მაშინ გამოვერკვიე, როცა ერთი კაი გემრიელი შვაინ-ჰაინ-ჰაი-ჰუი ქოქოლა მომაყარა, თან მუშტებს მიქნევდა, როგორც ჩანს ძალიან საფუძვლიანი გინება მომიძღვნა, რადგან ჩემს წინ მიმავალი გერმანელი ბიძა აღშფოთდა და მივხვდი, რომ გამომესარჩლა. მერე იმათ შორის გაიმართა მოკლევადიანი „შვაინები“ და ბოლოს ჩაწყნარდნენ, უფრო სწორად ველოდიპედისტმა ჩაგვიშხუილა და გაქრა, მე კი ჭკუა ვისწავლე.

ალაგ-ალაგ ქალაქში დატოვებულია ბერლინის კედლის ნარჩენები, რომელსაც ტურისტული დატვირთვა აქვს, და საერთოდაც ამ ქალაქის ტურიზმი მთლიანად ომის თემაზეა აგებული. ძალიან შთამბეჭდავი იყო რაიხსტაგის ნახვა, რაღაცნაირი ჟრუანტელი მოაქვს ამ ადგილს, ბევრი ემოცია გაწყდება ერთდროულად, ბევრი ისტორიული ფაქტი და ადამიანი გახსენდება და ტანში გაძაგძაგებს, რომ ხვდები სად, რა ადგილზე გიდგას ფეხი…  რაიხსტაგის სიახლოვეს – ბრანდერბურგის გეითიდან მოვხვდით პარიზის პლაცზე, სადაც დიდი ხმაური და ჟრიამული იყო, კოსტუმირებული ფოტო პერსონაჟები, უცნაური მანქანები ტურისტების გასასეირნებლად, ბევრი კაფე და ფაეტონებიც კი. ამინდი იყო მზიანი და ძალიან სასიამოვნო.

IMG_0275

IMG_0260

IMG_0267

ის დღე დავასრულეთ ბერლინის უზარმაზარ პარკში გასეირნებით, რომელიც ქალაქის შუაგულშია, რაიხსტაგის ეზოდან იწყება და გრძელდება შოორს-შოორს..  ულამაზესი, მწვანე, ღუნღულა ბაღი, რომელიც მომენტებში როჩესტერის მამულს მოგაგონებთ, ადგილ-ადგილ ქობულეთისკენ ფოთიდან მიმავალ ხეივანს, ხოლო ზოგან ჰაიდ პარკის აბიბინებულ მონაკვეთებს.. ძალიან ვისიამოვნეთ, დავისვენეთ, განვიტვირთეთ… ახლა იფიქრებთ, დალოცვილო, ბერლინში პარკში რომ არ გესეირნა, არ ჯობდა რამე ღირსშესანიშნაობა დაგეთვალიერებინა კიდევო,  მაგრამ მე ხომ ვაკის პარკის ქალაქიდან ვიყავი ჩასული, ვაი, რომ ჩვენთვის ეგეც ღირსშესანიშნავი ადგილია, ვაი.

IMG_0299

IMG_0302

IMG_0292

პირველი ნაწილის დასასრული 🙂

Advertisements
This entry was posted in a little of me... Bookmark the permalink.

12 Responses to ბერლინი, ბერლინი

  1. tami says:

    რა კარგი მოგზაურობა გქონია, ველი გაგრძელებას…

  2. დავიწყებ ასეთი ქართულ–გემრიელი ფრაზით, რომელიც ზუსტად ვიცი გაგიხარდება

    “ეს ერთი და სხვა მრავალი”

    შთაბეჭდილებები იკასგან უფრო დეტალურად ვიცოდი, ამიტომ ველოდები შემდეგ პოსტებს, უფრო გოგოშკურებს და მეორე ცარიელი ჩემოდანი რომ გაავსე –იმ თემაზე :დ

  3. თამი, დღეს ან ხვალ დავდებ გაგრძელებას 🙂
    თა, ყველაზე მაგარი მანდ ისაა, რომ ირაკლი იყო დამატებით ცარიელი ჩემოდნის წაღების ინიციატორი და არა მე 🙂 ძველი მტკივნეული გამოცდილებები თავისას შვება :დდ

  4. მშვენიერი მოგზაურობა გქონია.. მიყვარს ასეთი პოსტების კითხვა.. ველი გაგრძელებას..

  5. Lord Vader says:

    აბა ბათუმშია გრიალი – ველოსიპედის ბილიკზე ფეხიტ მოსეირნენი და ფეხით სასეირნო ბილიკებზე ველოსიპედისტები :))

    იმ ქერა გოგოს სურათიც დაგედო და მაგ შებმის შედეგებიც გაგემხილა. წარმატება რას ნიშნავს? 🙂

    და დათვს სურათი რატომ არ გადაუღე?

    • ქერა გოგოს კი არა, ვერავის გადავუღე, არ იყო მაგის სიტუაცია, 4 ფოტოგრაფი ყავდათ თვითონ და მონაწილეებიდან არავინ იღებდა, თორემ მე სულ სხვა ტიპზე ვიყავი ჩასაფრებული, გვარს და სახელს არ დავასახელებ..
      რომელი დათვისთვის უნდა გადამეღო?.

      • Lord Vader says:

        ქალაქის სიმბილოა. თუ არ ვცდები სახელი ბერლინი საერთოდაც დათვიდან მოდის. და ბერლინის ვახტან გორგასალი არის ალბრეხტ დათვი.
        მე ბერლინში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ წესით ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს მანდ დათვი 🙂 და ისე მთავარი დათვი თათებაწეული როა ისაა.

  6. Lord Vader says:

    ჰო და ბერლინის კინოფესტივალის პრიზიც მაგიტომაა დათვი 🙂

  7. შენს პირს შაქარი, ტირამისუ, ბრაუნი და ანტრეს ნაყინები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s