ერთი დღე ნატალიში

default                        „კლიენტის წინ მორბენალ ანტი-სერვისს

ან ბაზარი შეჭამს, ან მისი შვილი კონკურენციაო…“

            ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, დარწმუნებული ვარ, არავისთვის იქნება უცხო და გასაოცარი. ეს შემთხვევაც იმ უკვე ტრადიციად ქცეული ქართული სუპერ-მომსახურებების გაწევის კლასიკური მაგალითია, რომელიც საკმაოდ უხვადაა წარმოდგენილი თითოეული ჩვენგანის წილხვედრ ქართულ რეალობაში და დასაშვებზე მეტი სიხშირით იწვევს ჩვენს ნერვული აშლილობის ზღვარზე მიყვანას. მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო დროს არც თუ ისე ურიგო  იმუნიტეტი გამოვიმუშავე ქართული ანტი-სერვისის მიმართ, ამ კონკრეტულმა შემთხვევამ  მაინც ეჭვქვეშ დამიყენა მრავალმხრივ გამოცდილი საამაყო ნებისყოფა და სერიოზულად დამაფიქრა ტაქტიანი მანერების მცირედ „აშარაშკულ“ ქცევებზე გაცვლის აუცილებლობაზე.

მაშ ასე, მოდით, მოგიყვებით, როგორ გავატარე ერთი დღე ჩემი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე-ყველაზე საუკეთესო, მოდურ სილამაზის ცენტრ „ნატალი“-ში.

მინდოდა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღისათვის  განსაკუთრებულად მოვმზადებულიყავი და მთელი გულით გადავწყვიტე მიზნის მისაღწევად არც დრო და მონდომება დამეზოგა, არც თანხა. დათქმულ თარიღამდე ზუსტად 1 თვით ადრე სანაცნობო მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, რომელშიც უკონკურენტოდ ლიდერობდა „ნატალი“, სრულიად იმედმოცემული გავემართე სილამაზის სალონების აღნიშნული ქსელის ერთ-ერთ ფავორიტ ფილიალში და ვითხოვე სახალხოდ აღიარებულ, ტოპ-სტილისტ ჟორჟთან (პირობითი სახელი) შეხვედრა. ხალისიანმა ჟორჟმა ყურადღებით მომისმინა, ასევე ყურადღებით შეისწავლა ჩემს მიერ მიტანილი ვარცხნილობის სურათები და  ამიხსნა, რომ ამ „პრიჩოსკას“ „პრობნიკი“ არ სჭირდება და რომ მას უპრობლემოდ „დასვამს“, ნახევარ „საათში“. ჩემი მორიდებული თხოვნის პასუხად, რომ იქნებ მაინც გაგვეკეთებინა საცდელი ვარცხნილობა, დაზღვევის მიზნით,  ჟორჟი უსიტყვოდ აღშფოთდა და შეურაცხყოფილი მზერით სადღაც უსასრულობაში დაიწყო ყურება. მე, ჟორჟის განწყობის მოულოდნელი ცვლილებით შეშინებულმა, რა თქმა უნდა, ფარ-ხმალი დავყარე და დავნებდი, გული კი  სავსე მქონდა საზეიმო სიხარულით, რომ ძლივს, ამდენი ძებნის შემდეგ ვიპოვე ღირსეული, პროფესიონალი სტილისტი, ოჰ, უკაცრავად, ტოპ-სტილისტი.  ამის შემდეგ ზუსტად 3-ჯერ გადავამოწმე ჟორჟთან ჩემი დაგეგმილი ვიზიტის ხელშეუხებლობა და  ნანატრი დღის დადგომისთანავე სრულიად მშვიდად გავეშურე „ნატალის“-კენ ნახევარი საათით ადრე, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის…

სალონში მისულს, 10 საათისთვის ჩემთვის და მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი სკამი უკვე დაკავებული დამხვდა.

მარჯვე ჟორჟი კი აქეთ-იქით დაჰქროდა და სტილისტურად ჯადოქრობდა.  უსიამოვნო სიურპრიზით შემცბარმა სასწრაფოდ ვცადე სიტუაციაში გარკვევა, პასუხად მივიღე, რომ მავანი იმიჯ-მეიკერი ავად გახდა და მისი გასაკეთებელი საქმე, კერძოდ, საპატარძლოს მორთვა-გალამაზება,  ჟორჟმა ვაჟკაცურად იტვირთა. მე შევახსენე ჟორჟს, რომ 10 საათზე მისი ერთადერთი და განუმეორებელი პერსონა მხოლოდ ჩემზე უნდა დახარჯულიყო, მაგრამ შევიგრძენი რა ჩივილის და ბრძოლის ამაოება, ვარჩიე გავჩუმებულიყავი და დავლოდებოდი როდის მოიძებენებოდა „ნატალი“-ში ერთი თვით ადრე ჩაწერილი გაწბილებული კლიენტისთვის დრო.  ზუსტად ერთი საათი და ხუთი წუთი ჩუმად ვებრძოდი ჩემში გაბერილ უსაშველოდ დიდ ბოღმას არაფერში დამნაშავე საპატარძლოს მიმართ, რომელმაც, ჩემგან განსხვავებით, თავისი უფლებები ზედმიწევნით  დაიცვა და მშვიდად ემზადებოდა ქორწილისთვის. ასევე დაჟინებით ვცდილობდი გამეწია ანგარიში „კეთილი“ ჟორჟისთვის, რომელმაც გაჭირვებაში არ მიატოვა საბრალო კლიენტი და შესანიშნავად გამოაწყო, ჩემს ხარჯზე. ზუსტად თორმეტის ხუთ წუთზე ჟორჟმა დაძაბულობისგან თითქმის გულშემოყრილი და ხმააკანკალებული სავარძელზე დამსვა და საოცნებო ვარცხნილობის მაქსიმუმ ნახევარ საათში ჩაბარებას დამპირდა. თხუთმეტი წუთის განმავლობაში ვაკვირდებოდი როგორ ნელ-ნელა ეშვებოდა  მოწოდების სიმაღლიდან ყოჩაღი ჟორჟი და როგორ წაუხდა ნირი, როცა მეორე სარკე მოვთხოვე. სავარძელი მოვატრიალე და საფუძვლიანად დავათვალიერე საკუთარი ჰაბიტუსი.

ის გაუგებრობა, რაც თავზე მედო, რომელიღაც ყელმოღერებულ დონა გვადალუპეს ან კუნთმაგარ სერხიოზე უგონოდ გამიჯნურებულ ანა-მარია როზას უდავოდ მოეწონებოდა! მაგრამ არა მე!!! გაწბილებული ვუყურებდი ამდენი ტანჯვისა და ლოდინის ფასად მიღებულ თივის აწეწილ გორგალს და ცრემლები თავისით მომდიოდა.images

საყოველთაო წუთიერი დუმილის შემდეგ შეცბუნებულმა ჟორჟმა აღიარა, რომ „მართალია ეს ის არ იყო, რაც მე მინდოდა“, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ თურმე არანაკლებ მომხიბლავი ვარცხნილობა გამოსვლია. ცრემლების ყლაპვით ავუხსენი, რომ მან წარმატებით  შეძლო ჩემი განწყობის მოწამვლა და  სასწრაფოდ მოვთხოვე, რომ დაეშალა ეს საოცარი წარმონაქმნი ჩემს თავზე. ჟორჟმა დაშლით კი დამიშალა, მაგრამ არაფრით არ გამომიშვა პატივისცემის გარეშე, დამვარცხნა თმა ბუნებრივად შეხვეული ბოლოებით (რომელიც  ბუნებრივადვე დაშლილი დამხვდა უკვე  მანქანაში ჩამჯდარს) და „პაკა“-ო მომაძახა წასასვლელად წამომდგარს.  არავითარი „ბოდიში“ ან სინანულის გამომხატველი გრიმასა, უბრალოდ „პაკა“. აბსოლუტურად იმედგაცრუებული და ნაწყენი ჩამოვედი ადმინისტრატორ გოგონასთან და …. „ნატალის“ ხელმძღვანელს შევეჩეხე. აი, აქ კი ენა ამოვიდგი და ქრონოლოგიურად შევჩივლე, როგორ მალოდინა 1 თვით ადრე სიაში ჩაწერილი კლიენტი სილამაზის ცენტრის დამსახურებულმა ტოპ-სტილისტმა ზუსტად ერთი საათი და ხუთი წუთი, დამაგვიანა ვიზაჟისტთან (რომელთანაც ასევე წინასწარ ჩაწერილი ვიყავი) და გამაუქმებინა შეხვედრა, და როგორ დამადო თავზე წინასწარ შეთანხმებულისგან სრულიად განსახვავებული,  ხუხულა-ვარცხნილობა.

ჩემი უსიამოვნო მონოლოგით აშკარად უკმაყოფილო ხელმძღვანელმა არც მეტი, არც ნაკლები, ელეგანტურად მოჭიმა ტუჩები და პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა.

გადავწყვიტე, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლომდე არ  დამეკარგა ტაქტის შეგრძნება, როგორღაც მოვძებნე გაოგნებისგან წართმეული საკუთარი ხმა  და ადმინისტრატორ გოგონას, რომელიც მთელ ამ გაუგებრობას თავიდან ბოლომდე ესწრებოდა, მივმართე კითხვით –  რამდენი უნდა გადამეხადა. თუმცა, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ჩემი ზრდილობიანი კითხვა რიტორიკული ფორმით იქნებოდა აღქმული და ზემოხსენებული გოგონაც ბოდიშის მოხდით მომიგებდა: “რას ბრძანებთ, რა თანხაზეა საუბარი, პირიქით, ძალიან ვწუხვართ, რომ დღეს ამდენი უსიამოვნება მოგაყენეთ“…  მაგრამ ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ნურას უკაცრავად! იმ დღეს პირველად გადავიხადე ჩემს განერვიულებაში, დაგვიანებასა დაუშნოვებაში თანხა, ჩემი საკუთარი ხელით..

ჰოდა, ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ არც ღირს მსგავს სოციალურ რეალობაში მთლად ტაქტისა და ზრდილობის ფარგლებში მოქმედება? იქნებ ჯობდა, უბრალოდ გამეხსენებინა ჩემი წარმომავლობა, ისტორიული სისხლის ყივილი და მე თვითონ გამეშალა ჟორჟის დალაგებული თმა?! იქნებ ჯობდა?…

 

Advertisements
This entry was posted in მე და FOCUS. Bookmark the permalink.

14 Responses to ერთი დღე ნატალიში

  1. Nanka says:

    მომწონს, ვიმედოვნებ, ერთ ადრესატამდე მაინც მივა ეს პოსტი:)))

  2. BUMBULI says:

    ME PSP ORSULI QALI KEDLEPZE MATARA DA MERE MUQARAC MOMCERAA EG ARAPERI MOTMINEBA MOTMINEBA MERE VIGEB XOLME CARUMTEBEL SVLEBS MAGATSAS

  3. ბექა says:

    წავიკითხე და მიუხედავად იმისა რომ ვარცხნილობით დათრგუნულ მდედრობითი სქესზე კაიფი გაასწორებდა, მაინც გითანაგრძნობ თაკო

    თემას რაც შეეხება ზოგან კარგია სერვისი ზოგან ცუდი. მე 2 ფაქტი დამამახსოვრდა –– მირზაანში ხინკალი დავიწუნეთ (დღმდე არ ვიცი მართლები ვიყავით თუ არა) და არ ვჭამეთ. ხოდა არ გადაგვახდევინეს ხინკლის ფული ––არც იმ 3 შეჭმული ხინკლის. ბოდიში მოგვიხადეს და გამოგვიშვეს

    მეორე, ფოთში მანქანებსი გადმოტვირთვისას შუამავალი პაწია ფირმა მოგვემსახურა ძალიან ღიმილიანად თბილად და პროფესიონალურად. ამას იმიტომ აღვნიშნავ რომ არ ველოდი არაფრით

    • Lord Vader says:

      ვუვუ, ვინც თქვენს შემდეგ ეწვია მირზაანს და თქვენი დაწუნებული და მირზაანის ქვაბში ხელახლა ოხშივარადენილი ხინკალი მიართვეს. 🙂

  4. tami says:

    მოვკვდებოდი და ერთ ლარს არ გადავუხდიდი და ისეთ სკანდალს მოვაწყობდი რომ მთელ სალონს ფეხზე დავაყენებდი. კიდე კარგი მიჩვეულ სალონში დავდივარ სულ სადაც მსგავსს ვერავინ გამობედავს-იციან უკვე ჩემი ხასიათი.

    ესე ცრემლების ყლაპვით როგორ წამოხვედი -ფულიცც რომ მორჩილად გადაიხადე. აქ სერვისი უნდა მოიპოვო, სამწუხაროდ ჩვენდა. იმ პატარძალს ისე წამოვახტუნებდი სკამიდან სულ დაავიწყდებოდა ქორწილი და ვარცხნილობა. ნუ ქალური სოლიდარობა ნოლი-მე ვითხოვ იმას რაც მეკუთვნის დევიზით.

  5. takogvazava says:

    თამი,
    გეთანხმები, არაადეკვატურ სიტუაციაში აღმოვჩნდი და მიუხედავად იმისა რომ სხვა დროს ყოველთვის ვიმაღლებ ხოლმე ხმას, ამ შემთხვევაში იმდენად შოკი მივიღე რომ უკურეაქცია გამოიწვია. თან მივხვდი, რომ არც შემიძლია მასეთი ბატალური სცენების მოწყობა..

  6. რატომღაც სულაც არ გამიკვირდა ამ კონკრეტული სალონის მიერ ასეთი შეცდომის დაშვება )
    ჩემს ამბავს მოვყვები )))
    კვირა დღეს, ამა წლის 31 მარტს, მელიქიშვილზე არსებულ “Natali”-ს აკადემიაში (!) შევიარე, რათა მეკითხვა იქნებ მათ მაინც ეგულებოდათ ასე ძნელადსაშოვნელი ჟოლოსფერი თმის ტონიკი. აქვე ავღნიშნავ, ვინც რა იცის, ტონიკი არის დროებითი საღებავი, ძირითადად მკვეთრი ფერის, რომელიც 6-8 დაბანის მერე ჩამოდის, არ ავნებს თმის ღებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა.
    იქვე დამხვდა რამდენიმე საკმაოდ ახალგაზრდა (ეტყობა მოსწავლეები იყვნენ) რომლებმაც გამახარეს, რომ ეს პროდუქტი მათ ქონდათ. უბრალოდ სხვა ფერების არჩევანი იყო…. კერძოდ, რაც მე შემომთავაზეს იყო – ღია იისფერი და მკვეთრი სტაფილოსფერი (ბოთლის ფერის მიხედვით). ფასი – 25 ლარი (ტონიკისთვის საკმაოდ ძვირი).
    ბევრი არ მიფიქრია – ღია იისფერი ავარჩიე, თან გადავამოწმე ნამდვილად ეს ფერი იყო თუ არა და ნამდვილად ხომ ტონიკია – რას ლაპარაკობთ! აგერ ხომ ხედავთ რა ფერიც არის! ღიაა იისფერია! (გაუგებარ ენაზე, რომელიც არც ქართულ იიყო და არც რუსული). აღარ შევედავე – შევიძინე. მეგობარიც მახლდა, რომელმაც ასევე დამამშვიდა რომ ეს “ის” არის …. ჩეკი, რაღა თქმა უნდა, არ ამომირტყეს )))
    შემდგომში, როცა უკვე ქუჩაში მივდიოდი, დავიწყე კითხვა ეტიკეტის. აღმოჩნდა – რომ ეს არის ვერცხლისფერი (!!!) თმის ბალზამი ) არანაირი ტონიკი ) არანაირი ღია იისფერი ) მოკლედ, ძალიან გავბრაზდი მაგრამ არ მივბრუნებულვარ, არ მიყვარს ჩხუბი და საქმის გარჩევა. აუცილებლად ჩემზე ფიცხი შერჩებათ ვინმე ხელში და ის ჩემს მაგივრადაც კარგად გამოლანძღავს ამ ზემოთხსენებული დაწესებულების თანამშრომლებს!

    ცხოვრებაში ჩემი ფეხი მანდ არ იქნება ) ღმერთმა არ გამაჭირვოს ასე!)))))

    • tako gvazava says:

      რომანოვსკაია, ვიზიარებ 😦
      თუმცა გადარჩენილხარ ფაქტიურად, კიდევ კარგი ბრმად არ მიენდე და წაუკითხავად არ წაისვი…

      • საბედნიეროდ ეს კარგი ჩვევა მაქვს, დეტალურ გამოკვლევას ვატარებ ინტერნეტის მასშტაბით, სანამ რამეს შევიძენ ან თუნდაც გამოვიყენებ ) მითუმეტეს კოსმეტიკურ საშუალებებს 🙂

        კითხვაც რა ცოდნიათ, თორემ ზედ მიწერილ “silver”-ს ალბათ წაიკითხავდნენ )))))

  7. ირაკლი says:

    თა.., თურმე ტონიკზე გელაპარაკები ამდენი ხანი. რა გაგიხდა..? 🙂

    • tako gvazava says:

      კარგი რა, ხომ ხედავ გოგო რა დღეში ჩავარდა, ჩვენთან ყველანაირი ცდა ფატალურად მთავრდება…არ მინდა, გმადლობთ 😦

  8. რამდენიმე სალონს (არ დავასახელებ) 🙂 მხოლოდ სახელი აქვთ განთქმული და მომსახურება აი “ბუტკები” რომ იყო ადრე გახსნილი მხოლოდ თმის შეჭრა რომ იცოდნენ მასეთია. : )) ამასწინათ 3ლარიან სალონსი შევედი. მოკლედ ვარცხნილობა 7 ლარად გამიკეთეს. არც გზაში, არც ცეკვისას, არც მეორე დღეს თმა არ დამშლია და არც ფიჩხებივით მქონდა გამხმარი. აი ამასწინათ კი ვარცხნილობა, რომელსიც საკმაოდ ძვირი გადავიხადე დანიშნულების ადგილამდეც კი არ მიმყვა : ))

  9. Pingback: კიდევ ერთი დღე “ნატალიში” | თაკოს ბლოგი

  10. Pingback: კიდევ ერთი დღე “ნატალიში” | თაკოს ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s